“ახალი საცხოვრებელი, ძველი კონტექსტი” – პროექტი ინვესტორის მოლოდინში

მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა 1990-იანი წლების ბოლოს ძველ თბილისში სახლი იყიდა. სახლი ერთ-ერთ ეკლესიასთან იყო ახლოს. ცოტა ხანში ეკლესიის თხოვნით მხატვარმა სახლი დათმო. მერიამ მას სანაცვლოდ ნაკვეთი გადასცა – ზიჩის 10-ში მაშინაც და ახლაც ნანგრევების მეტი არაფერია.

მშენებლობის წამოწყების რამდენიმე მცდელობის შემდეგ ლევან ჭოღოშვილმა გადაწყვიტა, კონკურსი “ახალი საცხოვრებელი, ძველი კონტექსტი” გამოეცხადებინა. დახურული არქიტექტურული კონკურსის მთავარი მიზანი თბილისის ისტორიულ ნაწილში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის ისეთი გზით შერჩევას გულისხმობდა, რომ არ მომხდარიყო ქალაქის ისტორიულ ნაწილში უხეში არქიტექტურული ჩარევა და არ დარღვეულიყო ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ ქსოვილთან კავშირი.

 

არქიტექტურული კონკურსის მონაწილე პროექტების გამოფენა
არქიტექტურული კონკურსის მონაწილე პროექტების გამოფენა

 

კონკურსი მხატვრისათვის ერთგვარი აქციაა. მას სურს მოუწოდოს ყველა მშენებელს, რომ პროექტების დამტკიცებამდე დაფიქრდნენ საკუთარ არჩევანზე და არ შელახონ ქალაქის იერსახე აგრესიული, ფსევდოისტორიული და არაადეკვატურად დიდი მოცულობების ნაგებობებით.

 

“მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარიანტი სახლის რეკონსტრუქცია იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს იქ ადრე აშენებული სახლის შესახებ ინფრომაცია – არც ნახაზები, არც ფოტო. ტერიტორია დღეს ნასახლარია, სადაც 1990 წლამდე XIX საუკუნის მეორე ნახევარში ან XX საუკუნის დასაწყისში აშენებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი იდგა, რომელიც თბილისის ომის დროს დაიწვა,”- გვიყვება ლევან ჭოღოშვილი.

 

გამარჯვებული პროექტის ავტორი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან არსებულმა საბჭომ გამოავლინა. მონაწილეეობის სურვილი 6-მა არქიტექტორმა გამოთქვა. საუკეთესოდ კი დავით ავალიშვილის ნამუშევარი დასახელდა. მონაწილე პროექტების გამოფენა 11 ივნისს ლიტერატურის მუზეუმში მოეწყო.

 

ნახაზის პროექცია არქიტექტურული კონკურსის პროექტების გამოფენაზე
ნახაზის პროექცია არქიტექტურული კონკურსის პროექტების გამოფენაზე

 

“მაქსიმალურად შევეცადე, გამეთვალისწინებინა ის ფაქტორი, რომ ნაკვეთი ქალაქის ძველ ნაწილშია და იქ აშენებული შენობა ქუჩის მთლიან სტუქტურაში უნდა ჩამჯდარიყო. ამიტომ შევარჩიე “იტალიური ეზოს” ტიპის სახლი შიდა აივნებით. ფასადიც იმ აგურებითაა ნაშები, რომელთა პოვნაც დღეს იქ ნანგრევებში შეიძლება,“ – ამბობს დავით ავალიშვილი.

 

ლევან ჭოღოშვილს პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნია და ამჟამად კონკურსის გამარჯვებული არქიტექტორი და ზიჩის 10 ნომერი ინვესტორის მოლოდინში არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი