ხელოვნება

RMG-ს საყდრისში მიწის სამუშაოების წარმოების უფლება არც სააპელაციო სასამართლომ მისცა

4 ივლისი, 2014 • • 1417
RMG-ს საყდრისში მიწის სამუშაოების წარმოების უფლება არც სააპელაციო სასამართლომ მისცა

საყდრისში წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიამ RMG სააპელაციო სასამართლოს 10 ივნისს მიმართა. სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილმა, როგორც კერძო საჩივარი, ზეპირი მოსმენის გზით 30 ივნისს განიხილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. 

 

თბილისის საქალაქოს სასამართლომ კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა კულტურის სამინისტროს სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე 30 მაისს დააკმაყოფილა

 

საქალაქო სასამართლომ შეაჩერა 2014 წლის 13 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამართლებრივი აქტი, რომლითაც RMG-ის საყდრისში მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების ჩატარების ნებართვა მისცა. სამინისტროს მაშინდელი განცხადებით, საყდრსიში ოქროს უძველესი მაღარო არ დასტურდებოდა. 

 

საიას განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.

 

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ, არის კულტურის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანების გაუქმება, რომლის მიხედვითაც საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 

 

კულტურის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს საყდრისის მაღაროს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი სპეციალურად შექმნილი 11-კაციანი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

მოქალაქეების ნაწილი სამინისტროს გადაყწვეტილებას აპროტესტებს. საყდრისში მუდმივად იმყოფებიან “საყდრისის დაცვის საზოზგადოებრივი კომიტეტის” წევრები, რომლებსაც საყდრისის მაღაროსთან კარვები აქვთ გაშლილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2014 წლის მაისში მოიწვია გერმანელი და ბულგარელი ექსპერტები საყდრისის საკითხის შესასწავლად, მათ დაადასტურეს საყდრისში უძველესი მაღაროს არსებობა.

 

საყდრისის მაღარო მდებარეობს წიაღისეულის სალიცენზიო ტერიტორიაზე, რომელსაც კომპანია RMG Gold-ი ფლობს. კომპანია ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე მას ოქროს მოპოვებაში ხელი ეშლება. RMG Gold-მა 2013 წლის თებერვალში მაშინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ითხოვდა მისთვის კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსის მოხსნას იმ საფუძველზე, რომ საყდრისის მაღაროს არავითარი ღირებულება არ გააჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი