ხელოვნება

“ნიკალა” თუ “ნიკალაი” – კულტურის სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა

2 ივლისი, 2014 • • 4043
“ნიკალა” თუ “ნიკალაი” – კულტურის სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა

1918 წელს გარდაცვლილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის საფლავის მდებარეობა ათეულობით წელია მკვლევართა ინეტერესის საგანია, თუმცა დღემდე მისი საფლავს ვერ მიაგნეს. ფიროსმანის საფლავის ადგილმდებარეობა აქტუალური 30 ივნისს გახდა, როდესაც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კუკიაზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავი მოინახულა. 

სავარაუდო საფლავის აღმომჩენი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი მაია რამიშვილია, რომელმაც მშობლების საფლავის ახლოს, კუკიის სასაფლაოზე ერთი კვირის წინ აღმოაჩინა საფლავის ქვა წარწერით „შეიწყალე უფალო ნიკალაჲ“.

მაია რამიშვილი ამბობს, რომ ფიროსმანის საფლავის კუკიაზე მდებაროების შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებში დასტურდებოდა და შესაძლებლად მიიჩნია, რომ ეს ფიროსმანის საფლავი ყოფილიყო:

 

გურამ ოდიშარია კუკიის სასაფლაოზე
გურამ ოდიშარია კუკიის სასაფლაოზე

“დავინახე ქვა, რომელსაც აქვს წარწერა “შეიწყალე უფალო ნიკალა”, თუ ქვას მას გაუკეთებდნენ, უნდა ყოფილიყო ძველი, უბრალოდ დავსვი შეკითხვა, ეს ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნიკალას საფლავი.”

რამიშვილი ამბობს, რომ მას, როგორც ჟურნალისტს, უფლება ჰქონდა, რომ კითხვა დაესვა სპეციალისტებისთვის, ხოლო შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას მიმართა, რომ აღნიშნული საფლავი მოენახულებინათ.

30 ივნისს კუკიის სასფლაოზე მივიდნენ  ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე და მინისტრი გურამ ოდიშარია.

“მიუხედავად თავსხმა წვიმისა, უკლებლივ ყველა მათგანი ავიდა კუკიის სასაფლაოზე და გულდასმით დაათვალიერა მაია რამიშვილის ნაპოვნი საფლავის ქვა”, – წერს კულტურის სამინისტრო.

კულტურის სამინიტრომ მიიჩნია, რომ მაია რამიშვილის მოსაზრება გარკვეულ სარწმუნო არგუმენტებს ეფუძნება: საფლავი მდებარეობს კუკიაზე; ძველია; დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელი ქვა აქვს; ზედაპირზე გამოსახულია ზრდასრული მამაკაცი და მთავარი – ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „შეიწყალე, უფალო, ნიკალაჲ“.

 

კულტურის სამინისტრო იუწყებოდა, რომ მაია რამიშვილის აზრს ეთანხმებოდა ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და საფლავის ქვების ცნობილი მკვლევარები, ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

შეხვედრის შემდეგ გურამ ოდიშარია დაპირდა მათ, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა. დღეს სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ამ საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია, რომელიც გამოიყენებს ყველა საინფორმაციო-სამეცნიერო-ტექნიკურ საშუალებას, რათა ფიროსმანის  საფლავს მიაკვლიოს.

 

ნიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი

“გიორგი ლეონიძე ამბობდა: „ეროვნული საქმე ხალხშია, ხალხშია ფიროსმანიც. ჩვენ ვერ ვისვენებთ, ვეძებთ ფიროსმანს… ამ საქმეს ნუ მოვეშვებით,… შთამომავლობა არ გვაპატიებს მისი საფლავის დაკარგვას!“ ნიკო ფიროსმანის საფლავის მოძიების საქმეში აქტიურად ჩაერთო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე უხელმძღვანელებს”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომისიის სხვა წევრები არიან დავით ლორთქიფანიძე, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მარინა ხომერიკი, ნელი კობიაშვილი, გოგი ხოშტარია, მაია რამიშვილი, ეკატერინე კიკნაძე, გიორგი კაკაბაძე, ქეთევან ჭარხალაშვილი, ანზორ მაძღარაშვილი და თემურ ჩალაბაშვილი.

სამინისტროში განმარტეს, რომ ბოლო დღეებში სამინისტროს რამდენიმე საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რომლებიც ფიროსმანის საფლავის მოძებმნას თბილისის სხვადასხვა ადგილას მოითხოვენ. რამდენიმე ვერსია არის: პეტრე-პავლესა და კუკიის სასაფლაოებზე.

დღეს, 2 ივლისს გაირკვა, რომ აღმოჩენილი საფლავი სავარაუდოდ სამი წლის ბავშვს ეკუთვნის და საფლავს მფლობელებიც გამოჩნდნენ. მაია რამიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საფლავის ის ნაწილი, რომელზეც მითითებული იყო წარწერა: დაბადებიდან მესამე წელს მიწით იყო დაფარული, ხოლო მას სპეციალისტების გარეშე საფლავის შესწავლას ვერ დაიწყებდა.

 

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს ჰყავს შთამომავლები. მაია რამიშვილი ამბობს, რომ მან კუკიის სასაფლაოს ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა მათ ამ საფლავის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

 

ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი კუკიაზე
ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი კუკიაზე

“ეს არის ჩემი წინაპრის, პატარა ბავშვის საფლავი. ბავშვობიდან იმ სასაფლაოზე დავდივარ, ვიცი. ბავშვს ერქვა ნიკალა და გვარად იყო ფორჩხიძე. მის უკან არის შემოსაზღვრული საფლავი, სადაც არის დედამისი, მამამისი, ძმა” , – უთხრა TV3-ს გიული გრძელიძემ, გარდაცვლილის შთამომავალმა.

ამის მიუხედავად კულტურის სამინისტრო აღნიშნული საფლავის შესწავლას მაინც აპირებს. 

კომისიის წევრი ამირან არაბული ამბობს, რომ სანამ საფლავი არ გამოიკვლევა სრულად, მანამდე ვერაფერს იტყვის. მისი თქმით, კომისიამ უნდა შეისწავლოს საფლავის მიწის ქვეშ არსებული ნაწილი. იგი ამბობს, რომ კუკიაზე აღმოჩენილ საფლავთან დაკავშირებით მხოლოდ მხოლოდ ნიშნები არსებობს, რითიც იგი შეიძლება იყოს ფიროსმანის საფლავი:

“არგუმენტები რაც არის, ნიშნები და სტილია დაახლოებით. დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება.”

ეთერ თათარაიძემ, ასევე, კომისიის წევრმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თავს შეიკავებს შეფასებებისგან, სანამ კომისია ამ საფლავს არ შეისწავლის: 

“ამ ეტაპზე არის ის, რომ წარწერამ, რომელიც ნახა მაია რამიშვილმა, წერია გარკვევით, რომ” შეიწყალე უფალო ნიკალა” არის იოტით დასრულებული. დანარჩენი არაფერი არ იკითხება, იკითხება. [საფლავზე გამოსახულია] შუა ხანს გასული ადამიანის ქანდაკება. დღეს უკვე გამოჩნდა, რომ სამი წლის ჩემი ნათესავი არისო. ხომ შეიძლება იყოს სამი წლის და ჰქონდეს ზრდასრული ადამაინის ქანდაკება?! ეს სამი წლისაც უნდა გამოირიცხოს. წინასწარ ნუ ვიჩქარებთ, რომ სისულელეებში არ ამოვყოთ თავი.”

ეთერ თათარაძემ არ იცის, რამდენად იქნება შესაძლებელი ნიკო ფიროსმანის საფლავის აღმოჩენა, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში მკვლევრები სწავლობდნენ ამ საკითხს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი