ხელოვნება

მოწვეული ექსპერტები: საყდრისში უძველესი მაღაროს არსებობა დადასტურდა

16 მაისი, 2014 • • 2018
მოწვეული ექსპერტები: საყდრისში უძველესი მაღაროს არსებობა დადასტურდა

ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონია ამბობს, რომ პეტიციას 400 ხელმოწერა ერთვოდა თან. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არაკვალიფიციურობა იმით გამოჩნდა, რომ რასაც სააგენტო და სამინისტრო აცხადებდა საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით, მისმა მოწვეულმა სპეციალისტებმა უარყვეს

 

სოფიო კილასონია ამბობს, “აქამდე გვედავებოდნენ, რომ ვსაუბრობდით ლეგენდაზე. მათ მიერვე მოწვეული ექსპერტების დასკვნაში წერია, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო და უნიკალური ძეგლი.”

 

ამის მიუხედავად, – განაგრძობს კილასონია, – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ცდილობს, რომ მკვლევარების დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცეს და ისაუბროს იმაზე, რომ საყდრისში წიაღისეულის მოპოვება უნდა გაგრძელდეს. ხელოვნებათმცოდნე განმარტავს, რომ გერმანელი და ბულგარელი სპეციალისტების დასკვის ის ნაწილია საინტერესო, რომელიც საყდრისის, როგორც უძველესი მაღაროს არსებობას ადასტურებს. 

 

‘მწვანე მუშტის’ მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან

“ჩვენ ვდაობდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებაზე, ძეგლი არის მთლიანად ეს მაღარო და მუზეუმის შექმნაში იგულისხმებოდა მაღაროში ცოცხალი მუზეუმის შექმნა. ტურისტი შედოდა, ნახავდა, როგორ მოიპოვებდნენ ოქროს, ნახავდა იმ შრეებს, ძველი წელთაღრიცვის მესამე ათასწლეულის გვირაბებს და ამისგან უნდა შექმნილიყო მუზეუმი”, – ამბობს სოფიო კილასონია.

 

კულტურული მეკვიდროების დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა გერმანელი არქეოლოგის, ალბრეხტ იოჰენხოველისა და ბულგარელი გეოლოგის, ვენელინ ჟელევ ჟელევის მიერ 2014 წლის მაისში საყდრისში ჩატარებული კვლევის ანგარიშის არაოფიციალური თარგმანი, რომელშიც წერია, რომ საყდრისში მართლაც მოიპოვებდნენ წიაღისეულს, თუმცა ოქროს თუ სპილენძს, ეს ამ კვლევის ავტორებს არ დაუკონკრეტებიათ, რადგან ამ საკითხის შეწავლა დამოუკიდებელ კვლევას საჭიროებს.

 

“აშკარაა ადამიანის კვალი 27-28 მეტრის მეტრის სიღრმეზე სპილენძი-ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებით. დასკვნა ნათელია – იქ ნამდვილად ხორციელდებოდა მადნის მოპოვება. რას მოპოვებდნენ ჩვენი წინაპრები? ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება: ოქრო ან სპილენძი. ორივე მადანი მოიპოვება იქ არსებულ ძარღვში, თუმცა ოქროს მინერალიზაცია ჭარბობს ზედაპირის დაჟანგულ ნაწილზე”, – ნათქვამია კვლევაში. 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2014 წლის 14 მარტს განაცხადეს, რომ საყდრისში ოქროს უძველესი მაღარო არ აღმოჩნდა. მარგიშვილმა და ანთიძემ განახადეს, რომ არარსებული ძეგლის გამო კომპანია RMG-ის საქმიანობას ვერ შეაფერხებდნენ

 

ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა ამბობს, რომ მთავარია, მკვლევრებმა დაადასტურეს საყდრისში უძველესი მაღაროს არსებობა:

 

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის არქეოლგოური ობიექტი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში მუშავდებოდა. აქ არის ადრე ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები და ეს უკვე აღიარებაა იმის, რისი კვლევაც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.”

 

კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ განაცხადა, რომ ექსპერტების რეკომენდაციით და მხარეებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართულ-გერმანული ექსპედიციის უშუალო მონაწილეობით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და კომპანია RMG gold-ის ხელშეწყობით, განხორციელდება ის აუცილებელი სამეცნიერო ქმედებები, რომელიც ხელს შეუწყობს საყდრისის საკითხის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით გადაწყვეტას.

 

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორ ნიკა ანთიძესა და  საგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილთან ერთად  ღალიის მონასტრის გახსნა და კვიპროსში ვიზიტი შეაჯამა
კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორ ნიკა ანთიძესა და საგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილთან ერთად ღალიის მონასტრის გახსნა და კვიპროსში ვიზიტი შეაჯამა

სააგენტო აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს, სათანადოდ დაფასდეს საყდრისის სამეცნიერო მიგნებები თუ მონაპოვარი, რომელიც სრულფასოვნად წარმოჩნდება ქვემო ქართლის, კერძოდ, ბოლნისის თანამედროვე ტიპის არქეოლოგიურ მუზეუმში. 

 

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე RMG Gold ოქროს მოიპოვებს, ხოლო მიწის სამუშაოების გაგრძელება ობიექტის გაუქმებას გულისხმობს. მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი