ხელოვნება

მსოფლიო ლიტერატურის ასტომეულის პრეზენტაცია რესტავრირებულ მწერალთა სახლში

13 აპრილი, 2013 • • 2749
მსოფლიო ლიტერატურის ასტომეულის პრეზენტაცია რესტავრირებულ მწერალთა სახლში

მწერალთა სახლის რესტავრაცია 2011 წელს დაიწყო და ესესაა დასრულდა. თუმცა გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე ამ სივრცემ უკვე აიღო საკუთარ თავზე გამოცემების, პრეზენტაციებისა და მწერლების მასპინძლობის ფუნქცია.

11 აპრილის აქ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მასშტაბური პროექტის “მსოფლიო ლიტერატურის 100 ტომი” პრეზენტაცია შედგა.

ბაკურ სულაკაური
ბაკურ სულაკაური

ასტომეული მსოფლიო ლიტერატურას ანტიკური ხანიდან მე–18 საუკუნემდე მოიცავს. მისი პირველი 5 ტომი, რომელიც ახლა უკვე გაყიდვაშია, ანტიკური ეპოქის მწერლობას ეძღვნება და ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს ჰომეროსის “ილიადა” (2 წიგნად) და “ოდისეა”, პინდაროსის “ოდები” და  ძველი ბერძნული ლირიკა ქართულ ენაზე წაიკითხოს.

გამომცემელთა თქმით, პროექტზე 120 მთარგმნელი მუშაობდა და ამ ტიპის სხვადასხვა დროს გამოცემული სხვა მრავალტომეულებისაგან განსხვავებით, თარგმანები ამ სერიისათვის ყოველთვის ორიგინალიდან არის შესრულებული და არა რუსულიდან.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ერთ–ერთმა მომხსენებელმა გიგი თევზაძემ განაცხადა, – “ეს წამოწყება გაზრდის თავისუფლების შეგრძნებას ჩვენს ქვეანაში, რადგან ის საშუალებას აძლევს ქართველ მკითხველს არჩევანისა – იკითხონ ქართულ ენაზე”.

ბაკურ სულაკაურის განცხადებით, გამომცემლობის ეს წამოწყება არ დარჩება მხოლოდ წამოწყებად, დასაბეჭდად მზად არის სერიის ასივე ტომი და ისინი ეტაპობრივად, თვეში 5 ტომის სიხშირით, 20 თვის მანძილზე გამოიცემა. მისივე თქმით, ასტომეულის თითოეული ტომის ფასი ცალკე 15 ლარი იქნება, ხუთი ტომისა ერთად კი სულ – 50.

თავისი მისალოცი სიტყვისას ნოდარ ლადარია გამომცემლობას ურჩევს მათი წიგნები იყოს ძვირი, რადგან წიგნის კითხვა ელიტარული საქმეა,  – “ქართველის გულისთვის კი სიძვირე ისეთივე მომნუსხველია, როგორც სიიაფე” – ამატებს  ლადარია.

გამომცემელთა თქმით, სამომავლოდ სერიის გაგრძელება და სამასტომეულის გამოშვებაა დაგეგმილი, რომელიც მე–19 საუკუნის ლიტერატურასაც მოიცავს.

რაც შეეხება ღონისძიების მასპინძელს, მწერალთა სახლს – მისი  რესტავრაცია 2011 წლის სექტემბერში თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიწყო. მოხდა დავით სარაჯიშვილის დროინდელი ავეჯის რესტავრირებაც, რასაც სათავეში დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი ედგა. თანხები 4- სართულიანი შენობის დანარჩენი ნაწილის რესტავრაციისთვის კი მწერალთა სახლის დირექტორის, ნატა ლომოურის თქმით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო, რომლსაც მწერალთა სახლი ამჟამად ექვემდებარება.

ამ ეტაპზე შენობაში სამი დარბაზი ფუნქციონირებს. ნატა ლომოურის განცხადებით, სწორედ ეს სამი დარბაზი დაეთმობა მომავალშიც საზოგადოებრივ ღონისძიებებს.

დირექტორისვე განცხადებით, მე–19 საუკუნის შენობის მეორე სართულის ერთი ოთახი ამ სახლის ისტორიის მუზეუმს დაეთმობა და მასში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია განთავსდება, მიძღვნილი ქართველი რეპრესირებული მწერლებისადმი.

შენობის ქვედა, ნახევრადსარდაფის ტიპის სართულზე კაფის, წიგნის მაღაზიის, საგამოფენო დარბაზისა და წიგნის საცავის მოწყობა იგეგმება. ზედა, მესამე სართული ადმინისტრაციული იქნება, ხოლო ბოლო სართულზე კი 5–ოთახიანი სასტუმროს მოწყობა არის დაგეგმილი.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

“ეს იქნება რეზიდენსები, რომელთა არსებობაც ასეთი ტიპის დაწესებულებებში ევროპაში მიღებული პრაქტიკაა,” – ამბობს ნატა ლომოური. მისივე თქმით, სასტუმრო საზღვარგარეთიდან თუ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებსა და “მწერალთა სახლის” სხვა სტუმრებს უმსაპინძლებს.

სოლოლაკში, მაჩაბლის 13 ნომერში მდებარე შენობა, დიდი ბაღით, 1903-1905 წლებში გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით ცნობილი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილისთვის აშენდა. შენობა სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეისყიდა და იმავე (1911) წელს სარაჯიშვილის ანდერძის სურვილისამებრ, მთელი მოწყობილობითურთ, ქალაქის თვითმმართველობას გადასცა, ერთი პირობით – ამ სახლში ქალაქს სამხატვრო გალერეა, ხელოვნების მუზეუმი ან ორივე დაწესებულება ერთად გახსნილიყო. სახლი იმ დროისთვის 300 000 მანეთად, მოწყობილობა კი 100 000 მანეთად იყო შეფასებული.

1921 წელს პაოლო იაშვილისა სხვა ცნობილი ქართველი  მწერლებისა და ხელოვანების ერთობლივი თხოვნის შედეგად, რევკომის გადაწყვეტილებით, სახლი “ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს” გადაეცათ.

შენობა “მწერალთა კავშირის” საკუთრებაში იყო 2004 წლამდე, სანამ დიდი ხმაურის შედეგად სასამართლომ იგი კულტურის სამინისტროს  გადასცა.

2007 წლის შემდეგ ეს შენობა დახურული იყო.

რესტავრირებული მწერალთა სახლის ოფიციალური გახსნა, რომელიც ამიერიდან წიგნების პრეზენტაციებს, მწერალთა შეხვედრებს, ლიტერატურულ საღამოებსა და საზოგადოებისთვის ღია სხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს 2013 წლის აპრილის ბოლოს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი