დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi წელს 21-25 ოქტომბერს ჩატარდება

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi წელს 21-25 ოქტომბერს ჩატარდება. წელს ფესტივალი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს მაყურებელს. კინოჩვენებები კინოთეატრ “ამირანსა” და “რუსთაველში”, ასევე, “ფრონტლაინ კლუბსა” და გოეთეს ინსტიტუტში შედგება.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და ვორკშოპები, შეხვედრები გაიმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ რეჟისორებთან და ადგილობრივ კინოინდუსტრიის წარმომადგნლებთან.

ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილია, როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო სექციები:

საერთშორისო საკონკურსო სექცია, სადაც შერჩეულია შემოქმედებითი გამარჯვებული დოკუმენტური ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სექციაში წარდგენილია 9 ფილმი. მათ შორის ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის ფილმი “დაისის მიზიდულობა”.

“დაისის მიზიდულობა” – კადრები ფილმიდან from sakdoc film on Vimeo.

  • CivilDOC – საკონკურსო სექცია, რომელიც წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე და მოიცავს ფილმებს ადამიანის უფლებების შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: უმცირესობების პრობლემები, გენდერული საკითხები, სამოქალაქო აქტივიზმი და სხვ.
  • CinéDOC Young – სექცია, სადაც ჩართული არიან რვიდან თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. მათ საშუალება ეძლევათ, დაესწრონ ფილმების ჩვენებას, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში სპეციალურად მოწვეულ მოდერატორებთან და ჩაერთონ უცხოელ რეჟისორებთან კითხვა-პასუხის ფორმატის სესიებში.
  • Focus Caucasus სექცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რეჟისორები კავკასიის რეგიონიდან და წარმოდგენილია დოკუმენტური ნამუშევრები კავკასიის რეგიონზე. თითოეული ფილმი აღწერს იმ სხვადსახვა ასპექტს, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს თუ მოვლენებს ეხება. ამ სექციაში 4 ქართველი რეჟისორის ფილმის ნახვა იქნება შესაძლებელი.
  • სტუმარი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც წარმოვადგენთ პოლონეთის კინოინდუსტრიას, სადაც მაყურებელს აქვს საშუალება გაეცნოს პოლონეთის კინოკულტურას. მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პოლონეთისა და საქართველოში მოღვაწე დოკუმენტური კინოპროფესიონალების თანამშრომლობას.

23 ოქტომბერს Club Backstage 76-ში გაიმართება ფესტივალის თემატური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტური ფილმის მუსიკოსი გმირები.

ფილმები CivilDOC-ის სექციიდან.

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს Civil Pitch, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართველი კონოპროფესიონალების აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა. ორმხრივი ინტერესის ფონზე, Civil Pitch ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები დოკუმენტური ფილმების იდეების შესახებ, მის სამომავლო პერსპექტივაზე და საჭირო მხარდაჭერაზე.

22-25 ოქტომბერს კი დოკუმენტური კინოს მოყვარულებს ხუთი პოლონური ფილმის ნახვის საშუალებაც ექნებათ. პოლონურ პროგრამას ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის ბრენდი, Culture Pl-ი წარმოადგენს.

ფესტივალის პარტნიორები არიან Creative Europe, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, CTC, კავკასიური სახლი, გოეთეს ინსტიტუტი და ფრანგული ინსტიტუტი, Frontline Club, Sakdoc და ა.შ.

ფესტივალის სრული პროგრამა განთავსებულია ფესტივალის ვებ-გვერდზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი