ახალი ამბები

კალაძე:”ენერგო პრო ჯორჯიას” ინვესტირების გეგმას კატეგორიულად ვთხოვთ

16 იანვარი, 2014 • • 1863
კალაძე:”ენერგო პრო ჯორჯიას” ინვესტირების გეგმას კატეგორიულად ვთხოვთ

ამის შესახებ “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლაევმა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: 

 

“მინისტრი საკმაოდ კრიტიკული იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მოვლენაზე, რაც განვითარდა 2014 წლის დეკემბერში. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ რა ვითარება შეიქმნა აჭარაში. ვალდებული ვართ სამინისტროს მოთხოვნები შევასრულოთ და უახლოეს ხანებში დავდოთ გეგმა, თუ რას გააკეთებს ჩვენი კომპანია, სად განახორციელებს ინვესტიციებს. ჩვენ გვჭირდება ერთი კვირიდან ათ დღემდე, რომ გეგმა წარმოვადგინოთ”. 

 

კახი კალაძის განცხადებით, “ენერგო პრო ჯორჯიამ” ინვესტიციები ქსელის რეაბილიტაციაში უნდა განახორციელოს: “მოგეხსენებათ, რეგინებში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ერთი ამინდის ცვლილებაზე ხდება ელექტროენერგიის შეწყვეტა რეგიონებში. რა, თოვლი სხვა ქვეყნებში არ მოდის? ქსელში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. თუ ჩემი წინამორბედი მინისტრი თვალს ხუჭავდა ამაზე, მე არ ვაპირებ ამას. კატეგორიული მოთხოვნაა ჩვენი მხრიდან, რომ წარმოდგენილი იქნას გეგმა ინვესტიციების განხორციელების კუთხით ქსელის რეაბილიტაციისთვის. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და კომპანიის ვალდებულებაა, ის რაც  კონტრაქტით არის გაწერილი, რომ მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს ელექტროენერგია 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში.”

 

კალაძის თქმით, “ენერგო პრო ჯორჯიას” მთავარი მიმართულება იყო ინვესტირება გამრიცხველიანებაში:

 

“რა არის მთავარი საზოგადოებისავის – ინდივიდუალური მრიცხველი, თუ ის, რომ ელექტროენერგია აბონენტამდე მივიდეს. მთელი ინვესტიციები გადასროლილი იყო ამ მიმრთულებით. მაგრამ ეს გამრიცხველიანება ხელშეკრულებით არის გაწერილი, როგორც ვალდებულება. საუბრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ კომპანიის ვალდებულებაა ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისათვის უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში. ამით მოსახლეობის ინტერესები ირღვვა, როდესაც ხდება ელექტროენერგიის გათიშვა. ჩვენ, როგორც სამინისტროს, დღეს გვქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, მათ უნდა მოსთხოვონ კომპანიებს, არა მარტო “ენერგოპროს”, არამედ “თელასს”, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მოხდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.”  

“ნეტგაზეთის” კითხვას, მოხდება თუ არა “ენერგო პრო ჯორჯიასთვის” სანქციების დაწესება, ან დადგება თუ არა მისი ბაზრიდან გასვლის საკითხი, კალაძემ უპასუხა, რომ საკითხი ასე არ დგას:  

“ამჯეარდ სანქციებს  და “ენერგო პრო ჯორჯიას” ბაზრიდან გასვლას გამოვრიცხავ, რადგან საინტერესო საუბარი შედგა. “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, თუ რა მდგმარეობაა ქსელში. ეს პრობლემა წლებია დგას და გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ამიტომ კარგად ესმით, რომ ქსელის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ინვესტიციები.”

 

“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.

 

“ენერგო პრო” საქართველოს ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. გარდა იმისა, რომ მთავრობამ მას ორჯერ გაუიაფა 2 სადისტრიბუციო კომპანიასა და 6 ჰესში გადასახდელი თანხა, იმავდროულად, გააორმაგა დენის ტარიფი.

 

2006 წლის მაისიდან ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადების მიღება გამოაცხადა “გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის”, აჭარის ენერგოკომპანიისა და 6 ჰესის პრივატიზაციის მიზნით. იმავდროულად, 2006 წლის 15 მაისს სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ ახალი დადგენილება მიიღო, რომლითაც 1 ივნისიდან ქვეყანაში დიფერენცირებული ტარიფი ამოქმედდა.

 

რეგიონების მოსახლეობისთვის, რომლებიც ერთ კილოვატსაათში მანამდე 6.75 თეთრს იხდიდნენ, ასეთი ტარიფი დაწესდა: 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 11.00 თეთრი/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 14.00 თეთრი/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი – 14.83 თეთრი/კვტსთ.

 

2006 წლის 16 ივნისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ტენდერი “ენერგო პროს” გამარჯვებით დასრულდა: ჩეხურ კომპანიას 2 სადისტრიბუციო კომპანია და ექვსი ჰესი 312 320 000 აშშ დოლარად უნდა ეყიდა (ძევრულჰესი – 20 000 000 დოლარი; ლაჯანურჰესი – 66 500 000 დოლარი; გუმათჰესი – 45 000 000 დოლარი; შაორჰესი – 16 000 000 დოლარი; რიონჰესი – 44 700 000 დოლარი; აწჰესი – 5 120 000 დოლარი. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია – 85 000 000 დოლარი; აჭარის ენერგოკომპანია – 30 000 000 დოლარი).

 

თუმცა 2007 წლის იანვარში მთავრობამ “ენერგო პროსთან” საპრივატიზაციო პირობა შეცვალა და 5 თებერვალს ეკონომიკის სამინისტრომ გაუფორმა ხელშეკრულება, რომლითაც ჩეხურმა კომპანიამ 312 მილონის ნაცვლად 132 მილიონ დოლარად იყიდა ზემოთ აღნიშნული ქონება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი