რეკლამა

„ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი დამოკიდებულების გამო!“

22 დეკემბერი, 2015 • 2431
„ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი დამოკიდებულების გამო!“

ეს ნარკოდამოკიდებულ პირთა ადვოკატირების კამპანიის მთავარი გზავნილია. კამპანიის მთავარი მიზანი არაფორმალური სადისკუსიო სივრცის შექმნაა ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ არსებული სტიგმების შესახებ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყარო“ ახორციელებს.

„ვიღაც დამოკიდებულია ყავაზე, ვიღაც – სხვა რამეზე. დამოკიდებულება რომ იყოს დასჯადი, უნდა დაისაჯოს ადამიანი ამის გამო, თუმცა სჯიან მხოლოდ ნარკომომხმარებლებს, მაშინ, როცა ძალმომრეობითი მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს ამ პრობლემას“ – ამბობს გიორგი მარჯანიშვილი, პროექტის მენეჯერი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყაროს“ თავმჯდომარე. პროექტის ორგანიზატორები თვლიან, რომ მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა და გავრცელებული სტერეოტიპებია.

პროექტის დაწყებამდე ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყაროს“ დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომელიც საქართველოს მაშტაბით ნარკომანთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ნარკომომხმარებლებს აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომელთაც ნარკოტიკული საშუალების მოსაპოვებლად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის ქურდობა და ყაჩაღობა. აგრეთვე, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნარკომანების „გამოსწორება“ და სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლებელია.

მსგავსი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით 2015 წლის აპრილში დაიწყო კამპანია – „დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“. პროექტის შესახებ შეკითხვებს გიორგი მარჯანიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი პასუხობს:

გიორგი მარჯანიშვილი

გიორგი მარჯანიშვილი

გიორგი, რატომ გაჩნდა ამ თემის ადვოკატირების იდეა, რამდენად დგას ეს პრობლემა საქართველოში?

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის კუთხით მუშაობს. შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილია, რომ ნარკომომხმარებლების ჯგუფი საქართველოში არის მარგინალიზებული. სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, მოვიწვიეთ ფოკუსჯგუფები, შეხვედრებს ვაწყობდით სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებთან, ექიმებთან, სტუდენტებთან და ა.შ. მათთან მუშაობის შედეგად ცხადი გახდა, რომ საზოგადოებაში დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა ამ ჯგუფის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ამ ადამიანებს არ იღებენ არსებულ სოციუმში.

მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა, რომ ნარკოტიკებთან ძალმომრეობითი ბრძოლა არის წაგებული. განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემასთან საბრძოლველად ციხესა და მკაცრ სანქციებს აღარ იყენებენ.

კვლევის ჩატარების შემდეგ გადავწყვიტეთ საზოგადოებასთან აქტიური საკომუნიკაციო არხის შექმნა. კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვქმნით სადისკუსიო სივრცეს და ვახდენთ ამ თემის ლობირებას. დასჯა შედეგის მომტანი არ არის, ციხის შემდეგ ადამიანები ისევ იმ ცხოვრებას უბრუნდებიან, რაც ჰქონდათ. სახელმწიფოს განსხვავებული მექანიზმის შემიუშავება სჭირდება, მომხმარებელს უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება. ის პროგრამები, რაც ახლა საქართველოში მოქმედებს, არ არის ფართომასშტაბიანი, ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება უფრო მეტი მუშაობა და იმ ქვეყნების მაგალითების გამოყენება, რომელთაც გარკვეული შედეგი უკვე მიიღეს.

ამ სფეროს სჭირდება პროფესიონალები, ვინც უშუალოდ მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოების ფართო წრეს მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით: სოციალური მედიით, ფეისბუქით… აგრეთვე ჩვენ ვაწყობთ არაფორმალურ ღონისძებებს. ვარჩევთ არაფორმალურ გარემოს, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანები. მაგალითად, „გენერატორ 9,8“-ში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გვყავდა მოწვეული და გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ნარკომანიის პრობლემას საქართველოში, მოგვარების რა გზებს მოიაზრებენ. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ტრენინგებითა და მასტერკლასებით შემოვიფარგლოთ, ვფიქრობთ, უფრო მნიშვნელოვანია მეტი ადამიანის გაერთიანება ამ პრობლემის ირგვლივ. ხელისუფლებას ცვლილებები საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს.

რა აქტივობები გქონდათ პროექტის ფარგლებში?

დისკუსიების გარდა, პრეზენტაციები გავმართეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე, სკოლის მოსწავლეებს გაცნობითი ლექცია ჩავუტარეთ, თუ რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებს ადამიანისთვის, ეს ლექცია ბანაკში ჩატარდა აგვისტოში. დავამზადეთ სოციალური კლიპები, რომელშიც ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ. აქტიურად ვეწევით ფეისბუქკომუნიკაციას, შევქმენით რამდენიმე აპლიკაცია, რომლის შედეგადაც ადამიანს შეეძლო გაეგო, თუ რაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს იყო სახალისოც. აპლიკაცია საკმაოდ პოპულარული გახდა, ყველას აინტერესებდა, რაზე იყო დამოკიდებული. გვაქვს ფოტო კონკურსიც, სხვადასხვა პრიზებს ვათამაშებთ, გამარჯვებულს მომხმარებელი ლაიქების მიხედვით გამოავლენს.

დეკემბრის ბოლოს შეხვედრა გაიმართება ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. მათი კომუნიკაცია აუცილებელია. რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს ამ მიმართულებით – ყველასთვის საინტერესოა. შეხვედრას დაესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები.

რომელი ორგანიზაციაა პროექტის მხარდამჭერი?

კამპანიას – „დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყარო“ ახორციელებს, კამპანია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანზიაცია AIDS Foundation East West (AFEW-Ukraine)-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროექტის “Bridging the Gaps: Health and rights for key populations” ფარგლებში და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, “თანადგომასთან” და “ბემონთან” თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის დახურვა კონცერტით იგეგმება, რატომ გადაწყვიტეთ პროექტის ასეთი ღონისძიებით დასრულება?

26 დეკემბერს ბარ „ვალჰალაში“ როკ-კონცერტს ვაწყობთ, სადაც დაუკრავენ საკმაოდ ცნობილი ქართული როკ-ჯგუფები. დასწრება იქნება თავისუფალი. როკი ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდება. ჩვენ გვინდა, რომ ვაჩვენოთ: ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანი. ვფიქრობთ, ასეთი ივენთი უფრო საინტერესოა, უფრო მეტი ადამიანი მოვა, ჩვენი სურვილია ახალგაზრდების უფრო მეტად დაინტერესება ამ თემატიკით.

პროექტის დასრულების შემდეგ რა შედეგს ელოდებით?

პროექტის დასრულების შემდეგ ისევ ჩავატარებთ კვლევას მთელი საქართველოს მაშტაბით, რომ განვსაზღვროთ, რა შეიცვალა ჩვენი აქტივობების შემდეგ საზოგადოებაში. სავარაუდოდ, 2016 წლის დასაწყისში წარმოვადგენთ კვლევას ამის შესახებ.
12113452_1621794614758016_1002068283449171232_o

მასალების გადაბეჭდვის წესი