ნუდისტური პლაჟი და ჭორიკანა მეზობლები

„მე კი არა, ის მდედრი არსებებიც კი, ვინც ასე დიდი ამბით ექომაგება და მხარს უჭერს გეებს და სხვა სექსუალურ უმცირესობებს, ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად წუწუნებენ იმაზე რომ რამდენი ბიჭიც მოეწონებათ, “ბრახ” და ყველა გეია… იმის გაცნობიერება კი არ უნდათ, რომ გარკვეული წვლილი თვითონაც მიუძღვით ამაში…“

ბოლო პერიოდში საქართველო მეტად გასხივოსნდა და გასპეტაკდა. თუკი ვინმეს “ზანგი”,” სომეხი”, ან “ცისფერი” წამოსცდება შემდეგ მთელი ერის მის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას და „ჩაგრულთა დასაცავად” გამოდის. რა თქმა უნდა, კარგი ფაქტია, როდესაც უმცირესობებს იცავ, მაგრამ საკუთარი თავის მაღლა დაყენების ფონზე, ქედმაღლური ძახილი: „ეგ როგორ იკადრა მაგ უნამუსომ, თავი ვინ ჰგონიაო“ უფრო მეტად იმ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციას ჰგავს, რომელიც საკუთარი ლიბერალობის დასადასტურებლად სხვების ძიძგნას იწყებს. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ გასულ კვირას მსგავსი რამ რობერტ (რობიკოდ ცნობილ) სტურუას შემთხვევაშიც დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი ქართული რადიკალიზმი მთელი თავისი ღირსებით წარმოვაჩინეთ (და ყველაფერი დავივიწყეთ),  იმასაც დავუკვირდით, რომ ჟურნალისტს ინტერვიუს დასაწყისში „საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მოღვაწე“ შემთხვევით არ უხსენებია და თავზეც გადავუარეთ ადამიანს, რომელის სახელის არცოდნას რამდენიმე თვის წინ სტუდენტობას ვერ ვპატიობდით. მოკლედ, როგორც იყო. „ვაპატიოთ სტურუას, ზანგი ხომ არ არის?“ კი ამ გასკანდალურებული ინტერვიუს შესახებ დაწერილი პოსტია, სადაც ლიტერატორი რეჟისორის მოწინააღმდეგეთა საწინააღმდეგოდ გამოდის და ცდილობს აბობოქრებულ არმიას სტურუას სასარგებლოდ გარკვეული არგუმენტები შესთავაზოს: „ჰოი, როგორ ეწყინათ, როგორ ეტკინათ, თურმე რამდენი უფლების დამცველი გვყოლია და არ ვიცოდით, ქვეყანა თავზე რომ გვექცევა, მაშინ ხმის ამომღები ხომ კაცი არ მოიძებნება, არც ქალი! ჩემი აზრით დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს დინოზავრს, როდესაც ის თემურ ჭყონიას შეადარა პრეზიდენტმა, ასევე დელფინსაც, რომლის კბილების დისკრედიტაცია მოახდინა, შეადარა რა ვერა ქობალიას უფრო დიდ კბილებს. სად იყავით მაშინ? რატომ არ დაიცავით დელფინის კბილები?“

ქსენოფობიასთან ერთად საქართველოში ჰომოფობიასაც აქტიურად ებრძვიან. თუმცა, ენიას აზრით ჰომოფობიის თემაზე გამართული სხვადასხვა შეხვედრა, დისკუსია თუ ფილმის ჩვენება მხოლოდ ერთი ადგილის ტკეპნაა და ახალს მაინც ვერავინ ვეღარაფერს ვიგებთ. მით უფრო მაშინ, როდესაც მსგავს შეხვედრებზე თითქმის ყოველთვის ერთი აზრის მქონე ადამიანები მიდიან და არაფერი საკამათო არ აქვთ. პოსტში „ჰომოფობიის, ქსენოფობიის და ამ თემაზე გამართული შეხვედრების პასუხად“ ამ ყველაფრის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გრძელ ცხვირთან ერთად, ზედმეტად ბევრი თავისუფალი დროცაა დასახელებული: “მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს საქმე აკლიათ. უსაქმური ყოველდღიურობა აძლევს მათ საშუალებას, რომ ისეთ რამეებზე იფიქრონ და ილაპარაკონ, რაც მათი საქმე არაა. მედიაც უფრო მეტად აღაგზნებს ასეთ ხალხს საჭორაოდ: იხსნება და იხსნება ახალ-ახალი შოუები, სადაც ცნობილი ადამიანები ყვებიან, მაგალითად, როდის ჰქონდათ ბოლოს სექსი. ნუ, თურმე 2 დღის წინ

თუმცა, ყველა ერთ დღეს „უეცრად რომ არ გასხივოსნდება“, ისიც ფაქტია და ამ ფაქტის ჭეშმარიტება სვანის ბლოგზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. პოსტი „რას მოითხოვთ?!?!?!“ სწორედ იმ ტენდენციას ეძღვნება, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალთა გულმხურვალე უფლებადამცველი გახდა და მზად არის „ბნელ საზოგადოებას“ მედგრად დაუპირისპირდეს: „მე კი არა, ის მდედრი არსებებიც კი, ვინც ასე დიდი ამბით ექომაგება და მხარს უჭერს გეებს და სხვა სექსუალურ უმცირესობებს, ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად წუწუნებენ იმაზე რომ რამდენი ბიჭიც მოეწონებათ, “ბრახ” და ყველა გეია… იმის გაცნობიერება კი არ უნდათ, რომ გარკვეული წვლილი თვითონაც მიუძღვით ამაში…“

ისე,  ამ „ბნელი საზოგადოებისათვის“ „ბუდისტური“ ბარის შემდეგ ნუდისტური პლაჟი კიდევ ერთი დიდი დარტყმა უნდა იყოს. არადა, ხმები დადის (და ხალხი ხომ ყოვლისმცოდნეა) ბათუმშიც უნდა გაიხსნას ერთი ასეთი ადგილი ადამიანური გარუჯვის მსურველთათვისო. ზოგი იმასაც ამბობს, ევროკავშირში შესვლა რომ გინდათ და ევროპული ცხოვრება, ბიკინებიანი ქალებით დააჯერებთ ევროპას, აზიისგან რომ განსხვავდებითო? და ასე. მოკლედ, თუ კულუარულ ამბებს ვენდობით ბათუმში ნუდისტური პლაჟი უნდა გაიხსნას და ბლოგერის აზრით, ეს უარყოფითი მოვლენა სულაც არ არის: „რატომაც არ უნდა იყოს ნუდისტური პლაჟი? რა არის აქ ცუდი? არც არაფერი, ყველაფერი მარტივია, ვისაც სურვილი აქვს და თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს, ის აუცილებლად ივლის ამ პლაჟზე, ხოლო ვისაც საცურაო კოსტუმი უფრო ხიბლავს, მისთვის ჩვეულებრივი პლაჟი იქნება ხელმისაწვდომი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი ნუდისტურ პლაჟზე დასვენების“

სხეული იქით იყოს და საკუთარი ინტელექტის გაშიშვლების სურვილი კიდევ უფრო ბევრს უჩნდება. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სოციალურ ქსელებზე სხვათა მიერ წაკითხული წიგნები აინტერესებს და ამაზე გამოკითხვებს ადგენს, დანარჩენი ნაკითხი ადამიანებიც კი თვითკმაყოფილი სახით ნიშნავენ იმ წიგნებს, რომლებიც წაუკითხავთ. ნატალიას პოსტი Do it like dude სწორედ ამ ტიპის ადამიანებსა და იმ „გემოვნებიან საზოგადოებაზეა“, რომელიც მხოლოდ გენიალურ ფილმებს უყურებს, მხოლოდ ხარისხიან მუსიკას უსმენს და რომელსაც მხოლოდ გემოვნებიანად აცვია: “ან ისინი, სერიოზული სახით რომ ლაპარაკობენ წიგნებზე, თითქოს მხოლოდ კითხვაში იყოს ცხოვრების აზრი. ათასი უცნაური მწერლის გვარს  დაასახელებენ, ისე, სხვათაშორის, ინტონაცია კი გეუბნება: ’აჰ, დიახ, მე ესეც წაკითხული მაქვს’. ღმერთო ჩემო,  წიგნს ხომ იმიტომ ვკითხულობთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება, ცოტა უფრო გავიზარდოთ შინაგანად და უბრალოდ, უკეთესები გავხდეთ. თქვენ კი იმიტომ კითხულობთ, რომ მერე ავტორების საშუალებით საზოგადოებაში თავი  წარმოაჩინოთ”

სამი მინი-პოსტი

პოსტუკების მთავარი ხიბლი ის არის, რომ მათი ბოლომდე წაკითხვა არასოდეს გეზარება. დაზარებასაც რომ ვერ ასწრებ, იმიტომ. თუმცა, რა არის ჯიპების ხიბლი, რომელთაც მოცული ჰყავთ სრულიად თბილისი, არავინ იცის. „რატომ უნდა მინდოდეს მარშუტკა“ ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც ადამიანი ჯიპზე უარს ამბობს და პირიქით, ამ კარგი ფიზიკური აღნაგობის მქონე (ან ძვალმსხვილ) მანქანას აკრიტიკებს კიდეც: „რატომ უნდა მინდოდეს ეს მანქანა? იმხელაა მარშუტკას გავს, და ბოლო-ბოლო ასეთ მანქანაში ჩაჯდომა კი არა აცოცება მიწევს“

თუმცა, ჩვენთვის ხომ ზოგჯერ ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯიპი მეზობლებმა დაინახონ ან ის, რომ ხალხმა ჩვენი ოთხბორბლიანი სიამაყე ხშირად შეაქოს. პრინციპში, “ხალხის სიტყვის” შემთხვევაში მნიშვნელობას მხოლოდ მანქანა არ იძენს. ჩვენთვის ხომ ისედაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას იტყვიან მეზობლები. წერილი მეზობლებს ფსიქეს პოსტია, სადაც ჩვენს გარშემო მცხოვრებთა ცნობისმოყვარეობა და სხვათა თვალთვალის დაუოკებელი სურვილია გაკენწლილი: „მაშინ გეტყვით იმასაც, რომ მართალია, მე კვირაში შვიდი სხვადასხვა მეგობარი მაცილებს სახლში, მაგრამ მათგან 4 გეია, ერთი მეგობარი (!), ერთი მეგობარი და მეგობრის შეყვრებული (!) და ერთი გოგო (!). ასე რომ, ქალბატონებო, შეგიძლიათ მოშორდეთ ფანჯრებს ღამის ორ საათზე და სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეთ“

ადამიანებს თვალთვალთან ერთად, ხანდახან სოლიდარობის გამოცხადებაც უყვართ. თუმცა, რამდენად გულწრფელია ეს სოლიდარობა, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. ზოგჯერ ამ სიტყვებს ისევე აქვთ დაკარგული მნიშვნელობა, როგორც ყოველდღიურად რაღაცის მილოცვას (მისალოცი არასოდეს გველევა). „მე ტორტი მაქვს“ თაკაგანას პოსტია, სადაც ერთი კონკრეტული საავტობუსო მაგალითი ზოგადსაკაცობრიო საკითხის წამოჭრაში გადადის: “სიყალბეა ყველაფერი რასაც უნარშეზღუდულებზე ამბობენ (რა უნდა დავუძახო არ ვიცი? შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი?). ვერ ვიტან სენტიმენტალურ გამოძახილებს მათ მიმართ. ჩვენ რა ვიცით? მართლა რა ვიცით? ან როგორ უნდა გავიგოთ? ისე არის ერთი გზა… ავტობუსიდან ჩამოსულს უცებ მართლა მომინდა ორივე თვალი დამეთხარა”

ბლოგების მიმოხილვის დასასრულს კი შეგიძლიათ ბლოგების მიმოხილვასაც გაეცნოთ. ქართული ბლოგოსამყარო ამ მხრივ რაღაცნაირად თბილისს ჰგავს – პატარაა, ყველა ყველას იცნობს და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. თუმცა, კიკის პოსტი „ვინ მოსთვალოს ვარსკულავნი ცაში და ბლოგნი ინტერნეტში“ მაინც საინტერესო წასაკითხია და შესაძლოა, ვიღაცებისთვის რაღაც ახალსაც ამბობს: “პირველი და ყველაზე გავრცელებულია კატეგორია, რომელსაც პირობითად ასე დავარქმევდი: “მინდა მქონდეს ბლოგი!” მათ ავტორებს კი შემდეგნაირად გავახმოვანებდი: მთავარია მქონდეს ბლოგი, მერე რა თუ სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, მთავარია ყოველდღიურად ვწერო, ვწერო ყველაფერი რაც კი თავში მომივა. ამ ტიპის ბლოგები, მკაცრად იცავენ ავტორისეულ კრედოს და ყოვედღიურად პოსტავენ ნებისმიერი სახის, ხასიათის, შემცველობისა და შინაარსის ტექსტებს, კომენტარებს, ინტერნეტში მოძიებულ, მათ მიერვე უგერგილოდ თარგმნილ, სხვადასხვა, მეტად თუ ნაკლებად საინტერესო ცნობებს, ვიდეო რგოლებსა და ფოტოებს”

პ.ს: გაგრძელება იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბექა ადამაშვილი