მეტანია ვაგონში და პასიური სტუდენტობა

ლონდონში ყოფნისას კი ერთი სლოვაკი გოგო გავიცანი, რომელმაც “ჯორჯიას” გაგებაზე, ღიმილით მომიგო “ჯორჯია, რაშია, იეს?” რამდენწამიანი პაუზის შემდეგ ღიმილში ვაჯობე და “იეს, ჯორჯია რაშია, ჯასთ ლაიკ სლოვაკია ჩექ რეფაბლიკ.”

ევროვიზიამ კვლავ ჩვენი გამარჯვების გარეშე ჩაიარა. მიზეზთა ძიება, რა თქმა უნდა, ისევ გარეთ დავიწყეთ და ყველაფერი იმას დავაბრალეთ, რომ „კონკურსი პოლიტიზირებულია“ და “ნავთობი ახლა ბევრ ქვეყანას სჭირდება”. სამაგიეროდ, თავი იმით დავიმშვიდეთ, რომ აზერბაიჯანი ჩვენს სიახლოვეს მდებარეობს (იქ ჩასვლა ადვილია) და “ვაიდა მოგვეგო, მერე ამდენი სტუმარი, მაინც სად უნდა წაგვეყვანა და კონცერტი სად უნდა ჩაგვეტარებინა”. ქართველის (და შეიძლება სხვისაც) მახასიათებელიც სწორედ ის არის, რომ მარცხი მეტოქის სიძლიერით გაამართლოს და პრობლემა საკუთარ თავში თითქმის არასოდეს ეძიოს. თუმცა, ამას გარდა, თურმე კიდევ უამრავი რამ არსებობს, რასაც ქართველები სიამოვნებით ვაკეთებთ . მათ შორის ათი მახასიათებელი კი არეულ ბლოგზე დაიწერა და თითოეულ თუ არა, ყოველ მესამე ქართველს მაინც შესანიშნავად ერგება: „გვძინავს მშვიდად, აუღელვებლად და რომ არა ეს საშინელი სკოლა, უნივერსიტეტი ან სამსახური სიამოვნებით ვიძინებდით კიდევ 5 წუთი… ვუყურებთ, არა!!! არ ვუყურებთ ლათინო ამერიკულ ან ბრაზილიურ სერიალებს ყოველ დღე, ნანუკას შოუს ან პროფილს კვირაში ორჯერ, მაგრამ მაინც ყველაფერი ვიცით სად რა,  როგორ მოხდა, ვინ ვისი მამა აღმოჩნდა და რამდენი თითი აქვს თიკო სადუნიშვილს მარცხენა ფეხზე, ამავდროულად საკმაოდ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ეს ყოველივე ბანძობა, უგემოვნოობა და ა.შ.“

ქართველებს სხვის ომში ბრძოლა და სხვის საქმეებში სხეულის ორნესტოვანი ნაწილის ჩაყოფაც ხშირად გვიყვართ. ამის გამო, ყველაზე ხშირად მავანთა პირადი ცხოვრებითა და მათ მიერ დაქორწინების დაყოვნების მიზეზებით ვინტერესდებით. ამასთან ერთად, ისიც გვაინტერესებს, “რა დაჯდა მაგალითად სამზარეულო, ან, სარეცხი მანქანა”, რასაც ჩვენთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ფაქტს ერთი დადებითი თვისებაც აქვს: ამნეზიის შემთხვევაში თავისუფლად შეგეძლება სხვებზე დაყრდნობით წარსული რომ აღიდგინო. სწორედ ამ ცხვირიყოფიაობის თემას ეძღვნება Gatevanda-ს ბლოგზე არსებული პოსტი „ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ?!“, სადაც სხვისი ცხოვრებისადმი მსგავსი მიდგომაა გაკრიტიკებული: “ეს არის პატარა მეგაპოლისი, სადაც არასოდეს დაგემუქრება ამნეზია. უფრო სწორად, შესაძლოა დაგემუქროს, მაგრამ ვერ შეგაშინებს, ნაცნობების წყალობით ზედმიწევნით აღიდგენ წარსულს. ისინი გეტყვიან ვინ არის შენი შეყვარებული, საცოლე, საქმრო, სად მუშაობ, ვინ დაგაწყებინა, იქ ვინ გპატრონობს, ვინ არის შენი საყვარელი (არ მიყვარს სიტყვები “გელფრენდი” და “ბოიფრენდი”, “ევრორემონტს” მაგონებს, “საყვარელი” რა ცუდი სიტყვაა? ვერავისზე გითქვამ ადამიანს ეს ჩემი მეგობარიაო, იქვე გინდება დაამატო, “უბრალოდ მეგობარია”)”

თუმცა, თავისი მახასიათებლებით საქართველო მის საზღვრებს მიღმა არცთუ პოპულარულია. მეტიც, უცხოელების უმეტესობას ზოგჯერ წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე თუ სად მდებარეობს ეს „ორ ზღვას შუა მოქცეული ტერიტორია.“ ასოციაციები კი, რა თქმა უნდა, რუსეთსა და ამერიკულ ჯორჯიას უკავშირდება. „სად არის საქართველო? თარგმანში დაკარგულები” ლობჟანიძის გამოცდილებაზე დაფუძნებული პოსტია, სადაც ის იმ ძირითად ფრაზებზე საუბრობს, უცხოელებს საქართველოს გაგონებისას რომ ახსენდებათ: “ლონდონში ყოფნისას კი ერთი სლოვაკი გოგო გავიცანი, რომელმაც “ჯორჯიას” გაგებაზე, ღიმილით მომიგო “ჯორჯია, რაშია, იეს?” რამდენწამიანი პაუზის შემდეგ ღიმილში ვაჯობე და “იეს, ჯორჯია რაშია, ჯასთ ლაიკ სლოვაკია ჩექ რეფაბლიკ.”

საქართველო პასიური სტუდენტების ქვეყანაცაა. აქ ყველას თავისი პრობლემა აწუხებს და საერთო წუხილზე თუ მიდგა საქმე უმეტესობა „საკუთარ ადგილზე დატევას“ ამჯობინებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ლაშა ქავთარაძე, რომლის პოსტი „პასიურობა – ნორმა ჩვენს რეალობაში“ მთლიანად სტუდენტობის კრიტიკას ეთმობა და იმ მიზეზებს ეძებს, რომელთა გამოც ახალგაზრდები სწავლისმიღმა აქტიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან: „გასაპროტესტებელი ბევრიც დამხვდა და ბევრიც შემდეგ მოხდა, მაგრამ პროტესტისა და აქტიურობის ნაცვლად სრულიად ამორფული, გულგრილი და ჩუმი მასა ვიხილე, რომელსაც მხოლოდ სტატუსის გამო ერქვა სტუდენტობა… ჩვენს თაობაში აღარ არსებობს ორგანიზებული პროტესტის სურვილი და მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ყველა რაღაცით არის უკმაყოფილო და გაბრაზებული, ელემენტარული სოლიდარობის გამოვლენაც კი გვესიკვდილება. ამ ყველაფრის მიზეზების ძიებას ალბათ ისტორიულ-ანთროპოლოგიურ-სოციოლოგიურ-იდეოლოგიური კვლევა სჭირდება“

კრიტიკის ნაკლებობას არც სრულიად ქართველი ერი უჩივის. ამჯერად, იბერიელის ბლოგზე და ამჯერადაც ფსევდომართლმადიდებლობის გამო. თუმცა, პოსტში – “ფსევდო “მე”, კრიტიკოსები და ვაი მართლმადიდებლები” ტრადიციული კრიტიკისგან განსხვავებული – სადაც, ძირითადად სამარხვო ხაჭაპურსა და ამაო ღამისთევაზე საუბრობენ – და განახლებული არგუმენტებია მოტანილი: “გადახედეთ და დარწმუნდით, რომ მორწმუნეობა და ფსევდო მართლმადიდებლობაა მოდაში დღეს და არა ათეისტობა. მე მაღიზიანებს, საღამოს შვიდზე მეტროში ვიღაც დილის ლოცვებს რომ კითხულობს და მეტანიის წაბაძვისამებრ ვაგონის იატაკს რომ ურტყამს თავს. დიახ, მე არ მომწონს, აღდგომის ღამისთევაზე, მღვდელი ამბიონიდან ერთი წალუღლუღებით ყველას რომ ვითომ ცოდვას შეუნდობს და ეგრე აზიარებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ”ყველას აღსარების ჩაბარება მომდევნო აღდგომამდე გასტანს”… ჰო, მე არ მომწონს მამაოს რომ წვერზე ღვინის ამყრალებული სუნი ასდის. მე ვერ დავბრმავდები და ვიტყვი, რომ ეკლესიაში ყველაფერი წესრიგშია”

ყოველი დღის შაბათობა, რომ ქართველის ხასიათშია ჩადებული, ეს უკვე დრომოჭმული თეორიაა. „მიაშაბათა“-ს იდიომიც ხომ სწორედ იქიდან მოდის, რომ დასვენების დღის ხათრით, ყველა ცდილობს ნებისმიერი საქმე შაბათ დღეს მორჩეს (რათა კვირას ტკბილად იძინოს) და შესაბამისად, ის საქმეც ზოგჯერ მიფუჩეჩებული გამოდის. თუმცა, დასვენების დღე ყველასათვის კარგი როდია. მაგალითად, სქოლიოზიანი ემბრიონის ბლოგზე პოსტში „მე რომ კეთილგონიერი ადამიანი ვყოფილიყავი“ დასვენების დღე სრულიად სხვა მხრიდან არის ნაჩვენები: “რომ იცი, რომ როდესღაცა კვირის ბოლოს დასვენების დღე გაქვს, ყველა სასიამოვნო და არასასიამოვნო საქმეებს ამ დღისთვის ინახავ, ეს საწყალი დღე კიდე ისევე 24 საათიანია როგროც ყველა დანარჩენი, ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, ყველა ხრინგალს  რომ ვერ იტევს და სრულიად უდრტვინველად, რას მელოდებოდი, რო მელოდებოდი, შენ თუ კეთილგონიერი ადამიანი ხარ – სახით გიცრუებს იმედებს”

უსაქმურობის დროს კი ბევრი ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. “გართობის” თქმისას, რეკლამის სიჭარბეს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, რა თქმა უნდა. თანაც საქართველოში წარმოებული რეკლამებიდან ათასში ორჯერ თუ შეგხვდება ისეთი, რომ არ გაგეცინოს და პირიქით, მოგეწონოს კიდეც. რიგ შემთხვევებში, რეკლამის კომიკურობას საიდანღაც გამოჩორკნილი და ხელოვნური რითმა იწვევს, რიგ შემთხვევაში კი სიტუაცია – სწორედ ამ თემებსა და რეკლამის უგერგილობაზე წერს ბაკურ სვანიძე პოსტში „სტერეოტიპების დამანგრეველი ძროხიანი ბებო და დედიკოს მომლოდინე გაზმორილი მუტრუკი“: “აქ უცებ იწყება ჩხუბი მამასა და შვილს შორის, რომელი მიირთმევს მაცივარში შემორჩენილს ერთდერთ რძის პროდუქტს. არავინ იცის, შეიძლება რეკლამის სიუჟეტი მამასა შვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე დატრიალებულ ტრაგედიად და “პატრულის” სიუჟეტადაც გადაქცეულიყო, რომ არა ამ სცენის შემსწრე დედა. რას აკეთებს დედა? რას და, სასწრაფოდ ჩადის მაღაზიაში, ამოაქვს ბევრი რძის პროდუქტი და შემდეგ ტკბება “გაზულუქებული” ქმრისა და “მუტრუკი” 18 წლის შვილის ნასიამოვნები სახეებით”

დანაყრებაზე გამახსენდა. მათ, ვისაც „უკვე ფიქრით დავიღალე, ხვალ საჭმელი რა გავაკეთო“ საკითხი აწუხებს, შეუძლია “ჩემი სამზარეულოს ბლოგზე” შევიდეს და  საჭმელთა რეცეპტების გარდა, კულინარიასთან დაკავშირებულ სხვა ამბებსაც გაეცნოს. მათ შორის შოკოლადის ისტორიას, ამერიკული კულინარიის ბებიას, მიკროტალღური ღუმელის ბიოგრაფიას და სხვა მსგავსი.

საქართველოში – დამარცხებულთა უმეტესობის აზრით “ყველაფერი ჩაწყობილი იყო და ამ ქვეყანაში პატრონი თუ არ გყავს, ისე ვერაფერს მიაღწევ”. ასეა ფეხბურთშიც. თითქმის არავინ აღიარებს, რომ სამართლიანად წააგო და ჯოხს, პირველ რიგში, მსაჯზე ამტვრევს. ამტვრევს – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ბოლო პერიოდში კი მსაჯზე ძალადობის (ხშირად – სიტყვიერი და იშვიათად – ფიზიკური) შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ეძღვნება ქართველის პოსტი ფეხბურთი, სადაც ბლოგერი ადამიანთა იმ მცირე რიცხვის ნაწილი ხდება, ვინც „სუძია… და ათასი უკმეხი სიტყვა“-ს ყვირილის ნაცვლად დამცველების, ნახევრადდამცველებისა და თავდამსხმელებისაგან მსაჯის დაცვას ცდილობს: “სუბიექტურობა მსაჯობაში ლეგიტიმური დაშვებაა. მთელმა მსოფლიომ თვალით ნახა ის, რაც ვერ შენიშნა მსაჯმა – მარადონამ გადამწყვეტი გოლი ფინალში ხელით გაიტანა და არა თავით, ღმერთის ხელი იყოო, მერე თქვა. გოლი კი არ უნდა ჩაეთვალათ, თამაშიდანაც უნდა გაეგდოთ მარადონა იმ ხელით გატანილი გოლისთვის, მაგრამ იღბალი იმ დღეს არგენტინელთა მხარეს აღმოჩნდა. ინგლისელებმა  მსაჯი არ მოკლეს, არც გალახეს, საჯაროდ გააკრიტიკეს მწვავედ, არასაჯაროდ ალბათ აგინეს”

პ.ს: არა უშავს, ოდესმე რამეში ევროპას ჩვენც დავჭირდებით…

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბექა ადამაშვილი