ტექნოლოგიები

ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტი საქართველოში

19 აპრილი, 2011 • • 1334
ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტი საქართველოში

ორგანიზაცია “Freedom House-ის” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ინტერნეტ სფეროში ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად დასახელდა. ორგანიზაციამ ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა და მასში ის პრობლემებია ასახული, რის გამოც ქართული ინტერნეტ სივრცე ნაწილობრივ თავისუფალია.

“Freedom House-ის” ინფორმაციით, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის 30% მოიხმარს, ყველაზე პოპულარული ვებგვერდი კი „ფეისბუქია“,  რომელიც ქართული საზოგადოების ლიბერალურად განწყობილი ნაწილისთვის მთავარ სადისკუსიო სივრცეს წარმოადგენს. მოხსენების მიხედვით, ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებში  სულ უფრო პოპულარული ხდება –ბლოგები, სოციალური ქსელები, ვიდეოების ასატვირთი, ასევე ახალი ამბების საიტები. “Freedom House“ წერს, რომ საქართველოში არც ერთი შინაარსის ვებ-გევრდი არ იბლოკება, პირიქით, ქართული ვებ-სივრცე სავსეა არალეგალური კონტენტის შემცველი რესურსებით, რომელსაც კანონის არსებობის მიუხედავად, არავინ აკონტროლებს. „ინტერნეტის თავისუფლების“ ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია ერთი გამონაკლისი, როცა 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსული ვებ-გვერდები დაბლოკა, რათა ხალხს არასასურველი ინფორმაცია არ მიეღო, თუმცა შეზღუდვები ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში მოიხსნა.

ანგარიშის მიხედვით, სოციალური ქსელები საქართველოში ინფორმაციის თვალსაზრისით დროდადრო უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ბლოგოსფერო კი კვლავ სუსტია და მუდმივად აქტიური ბლოგერების რაოდენობა  დაახლოებით ასამდე აღწევს.

საქართველოში ასევე იშვიათია კიბერთავდასხმები. ანარიშში ამის აღსანიშნავად კვლავ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წელს, რუსი ჰაკერების მიერ ქართული სამთავრობო და საინფორმაციო ვებ-გვერდებზე იერიშის მიტანის ფაქტებია შესული.

“Freedom House“ წერს, რომ ინტერნეტით განხორციელებული ქმედების გამო პოლიციამ 2009 წელს 2 სტუდენტი დააკავა, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის „შეურაცხმყოფელი“ ვიდეოები განათავსეს „იუტუბზე.“ ახალგაზრდები მალევე გამოუშვეს, თუმცა მათ კომპიუტერული ტექნიკა ჩამოართვეს და აღარ დაუბრუნეს.

“Freedom House“-ს ყურადღება აქვს გამახვილებული ქართულ კანონმდებლობაში 2010 წელს შესულ ცვლილებებზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს უფლებას აძლევს, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო ნებართვის გარეშე შეამოწმოს პერსონალური მიმოწერა, ელ. ფოსტა და ჩეთებიც კი.

“Freedom House“ მოხსენებაში ასევე წერს, რომ საქართველოში ინტერნეტ ინფრასტრუქტურა გაუმართავი და სუსტია და ტექნიკური მიზეზების გამო ხშირად ითიშება ინტერნეტი, გარდა ამისა, ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდებას ორი მსხვილი და რამდენიმე მცირე კომპანია უზრუნველყოფს. მაგალითად, ბაზრის 40%-ზე მეტი კომპანია „სილქნეტს“ უჭირავს, დაახლოებით ამდენივეს აკონტროლებს „კავკაზუს ონლაინი.“ მოხსენების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის ფასი თვიურად საშუალოდ 10$-დან 25$-მდე მერყეობს. შედარებით ნაკლები მომხმარებელი ჰყავს მობილურ ინტერნეტს, რადგან ფასი მაღალია, სერვისი კი უხარისხო.

“Freedom House“  წერს, რომ ინტერნეტამდე ხელი ნაკლებად მიუწვდება საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლის მცხოვრებლებს, ინტერნეტ კაფეებში კი სულ რამდენიმე კომპიუტერი დგას და ადამიანები ზოგჯერ საათობით დგანან რიგში, რათა კომპიუტერით სარგებლობა შეძლონ.

“Freedom House”-ის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კომპანიები სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ინტერნეტ რეკლამაში, მაგრამ მისი რაოდენობა  მაინც მცირეა. გარდა ამისა, ტრადიციულ მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტები ნაკლებად იცნობენ ინტერნეტ ტექნოლოგიებს და ყოველდღიურ საქმიანობაში მათ თითქმის არ იყენებენ.

ინტერნეტში თავისუფლების მხრივ საქართველოს მდგომარეობა  2010 წელს წინა წელთან შედარებით 8 ქულით გაუმჯობესდა, თუმცა “Freedom House-ის“ 2009 წლის ანგარიშის მსგავსად საქართველო წელსაც “ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყანად არის მოხსენიებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი