ბოლო დღეებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრძოლის ველად არის ქცეული. ვინ ვის სად ურტყამს, არც ღმერთმა იცის და მით უმეტეს, არც კაცმა. ზოგი თვითმმართველობას აკრიტიკებს, ზოგს ამ კრიტიკისთვის პასუხს სთხოვენ (კუშტი სახითა და მუშტის ტრიალით, რა თქმა უნდა), ზოგიც უბრალოდ შორიდან აკვირდება და დაჟინებით გვახსენებს იმას, რომ „ცუდ დღეში ვართ“ და „არაფერი გვეშველება“. თემა განსაკუთრებით აქტუალურია ბლოგებზე, სადაც თვითმმართველობის კრიტიკა მეცხრე ცასაც სცდება და ზოგჯერ ასტრალებში გადადის. „თარგმნეს“ პრეზენტაცია, თვითმმართველობა და ცემა-ტყეპა „თეთრი ტაძრის“ მაღალ კედლებში“ იბერიელის ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტია, სადაც ამ კონფლიქტის გამაღვივებელი შეხვედრა განიხილება და თვითმმართველობისადმი მთელი არზაცაა მიძღვნილი: „კონცერტებიც გვინდა, ნათარგმნი ”რიდერებიც” და ექსკურსიებიც, არც არავინ ძულს და ეზიზღება პირადად მერწმუნეთ, არც ჯინში გიდგათ ვინმე და მით უმეტეს თვითმმართველობის კრიტიკით არავინ იპიარებს თავს, უბრალოდ სათქმელს ყოველთვის იტყვიან. ამხელა ერთეულს, (თვითმმართველობს) ყოველთვის გეყოლებათ ვინმე კრიტიკოსი, ვინც არასასურველს იტყვის თქვენზე, მაგრამ ქუჩის იდეოლოგიით და ქურდული შეგნებით ამას არ უნდა ებრძოდეთ“
თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო თავზეხელაღებული მამაძაღლის პოსტი „მისაღებმა მიიღოო“ უნდა იყოს, რადგან მას “შეუიარაღებელი დაპირისპირება” და მოწინააღმდეგის ხელი თითქმის თანადროულად (და პირადად) შეეხო. ეს ამბავი კი, როგორც ჭეშმარიტ ბლოგერს უნდა ეკადრებოდეს, პოსტის სახით ინტერნეტში იმავე საღამოს გამოჩნდა: „დღეს მე და ლაშა ქავთარაძე, ასე, მზე რომ შუბის ტარს გადასცდა, იმ დროს მოვედით უნივერსიტეტში. მექვსე კორპუსთან ვიდექით და ლექციის დაწყებას ველოდით, როდესაც ჩვენთან ორი ტიპი მოვიდა და მშვიდობიანი საუბრისთვის გვერდზე გაყლა გვთხოვა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მშვიდობიანი საუბრისათვის უნივერსიტეტის უკან გავედით და, როგორც ამბობენ “თრახი აიწია“
ცოტა ახალი, ცოტა ძველი
დაკვირვებული და ცოტა უსაქმური თვალი თუ გაქვთ „კურიერის“ სტუდიაში დიდი რუდუნებით გამოკიდულ წარწერას „ახალი ამბების იქ გაკეთების“ თაობაზე აუცილებლად შენიშნავდით. თავს თუ გავანებებთ იმ ფაქტს, რომ ზმნა „გაკეთება“-ზე (რომელიც ახალ ამბავზე მეტად “აჯიმანიას” უხდება) გაცილებით უკეთესი შესაძლოა ზმნა „მომზადება“ ყოფილოყო, თავად წინადადების შინაარსიც ცოტა დასაფიქრებელია. სწორედ ამაზე დაფიქრდა ხარაიშვილი პოსტში „ახალი ამბები კეთდება აქ“ და კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ახალი ამბები ზოგჯერ მართლა „აქ“, სტუდიიდან გაუსვლელად „კეთდება“. შემდეგ კი მათი დაგეგმვის სპეციფიკაზეც გადაინაცვლა: „ზოგადად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტანდარული ახალი ამბების გამოშვების სცენარი ასეთია – „ანბავი ესრეთ თქმული პირველი“: ვიღაცას რუსეთში კბილი ასტკივდა. „ანბავი ესრეთ თქმული მეორე“: ქართველი ექსპერტების შეფასება (რუსეთში სტომატოლოგიური კლინიკები არ არსებობს, მედიცინა კრახს განიცდის, რუსული კბილები ძირშია გამომპალი, რუსეთის საქმე დამთავრებულია)“
სექსის… უფრო სწორად კი უსექსობის საკითხი ისევეა გაცვეთილი, როგორც მანქანის საბურავი – ხშირი ხახუნისაგან. ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ თემაზე რაიმე გამორჩეულად ახალი თქვა და მსოფლმხედველური რევოლუცია მოახდინო, თუმცა, ეს საკითხი პოპულარობას მაინც არ კარგავს, რის ერთ-ერთ დასტურადაც დავით მიხეილ შუბლაძის პოსტი „სექსი=გამრავლებას?!“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. პოსტში კიდევ ერთხელ არის განხილული ის პრობლემები, რომელთა გამოც „საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას სექსის პრობლემა“. რა თქმა უნდა, ტექსტში კუთვნილი ადგილი მტკიცედ უკავიათ ქალიშვილობის ინსტიტუტსა და ერთი სქესის მქონე ადამიანთა ურთიერთობებსაც: „ზოგს ქალშვილობის შენარჩუნება უნდა და ამიტომაც იკავებს თავს სექსისგან. სექსის მერე ხომ “არავინ” მოიყვანს არაქალიშვილს ცოლად, რადგანაც საქართველოში და მხოლოდ საქართველოში არაქალიშვილი = ბოზს, რადაგანაც გოგო თუ ერთხელ მისცემს ბიჭს, ბიჭი მერე წავა და “ძმა-ბიჭებთან” დაიწყებს კვეხნას და გაუბაზრებს, რომ ის გოგო „იძლევა“
ამბობენ, რაც გულით გინდა, აუცილებლად აგისრულდებაო. თუმცა, როდესაც მხოლოდ გული საკმარისი არ არის, სავსებით გამართლებულია, საქმეში სხვა მექანიზმებიც რომ ჩაერთოს. ერთ-ერთ მათგანს – ოქტომბრის კალენდრის სახით – გუდმენას ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ. პოსტი წლების წინ მომხდარი ერთი სახალისო (და სასარგებლო) ამბის შესახებაა, როდესაც თხოვნაზე მეტად შედეგი „აგრესიული მოთხოვნის“ ორიგინალურმა ფორმამ გამოიღო. მოკლედ, ისეთი პოსტია, შინაარსის მოყოლა რომ არ გამოდის და კარგად გასაგებად, მისი წაკითხვაა საჭირო: „ბევრი არ მიფიქრია, რადგან ფანტაზიას რიგ შემთხვევებში არ ვუჩივი, თავისით მომივიდა ეს იდეა და მეც გავაკეთე… დამატებითი ზეწოლის ხერხი, საბოლოო დარტყმა! სად იყვნენ ლექსსენი და ყუბანეიშვილი, მე რომ სცენაზე გამოვედი“
ფანტაზიის დეფიციტს არც სოლომონ თერნალელი უნდა უჩიოდეს. „უი-ჟამიანობის ვაი-სადღეგრძელოები“ ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მოვლენების ერთგვარი სუფრულ-სატირული (ჟანრია ასეთი… ან იქნება, ამის შემდეგ) ვერსიაა, სადაც გასაშარჟებელი მოვლენები სადღეგრძელოების სახით არის წარმოდგენილი: „ეს იმ განათლების მინისტრს გაუმარჯოს, სავსე ჭიქას მზის შუქზე რომ გახედავს და დაილოცება – ”ასე მტერი დაგეცალოთო!” მერე ბოლომდე რომ გამოსცლის ჭიქას და ნაჯაფი ხელისზურგით მოიწმენდს ტუჩებიდან სკოლების დირექტორთა სისხლის ნაჟურს“
არ ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს ქართველ საზოგადოებას ვამპირებისადმი, მაგრამ რიგ შემთხვევებში სხვა ერისა თუ რასის წარმომადგენელთა მიმართ არატოლერანტული და შეუმწყნარებელი რომ არის, ფაქტია. „რასიზმი და მოჩვენებითი შემწყნარებლობა“ ამ თემაზე დაწერილი პოსტია, სადაც ბაბისა ქართველთა რასისტულ, ქსენოფობიურ თუ შოვინისტურ გამოხტომებზე მიუთითებს და იმ ფაქტსაც ეხება, რომ ზოგჯერ განსხვავებული კანის ფერისა თუ ეროვნების მქონე ადამიანი „თითით საჩვენებელ ექსპონატად“ არის ქცეული: “მე მინდა ვიცხოვრო დღევანდელ საქართველოში, სადაც ერის შეგნება ისე იქნება მომართული, თავისუფლად შემეძლება, შავკანიანი მეგობარი სტუმრად დავპატიჟო და ჩემი ქვეყნიდან დამცირების გრძნობით სავსე არ გავაცილო. სადაც არ გამახსენებენ დავითის მიერ ღორების დაკვლის აკრძალვას და მეჩეთში მის ფეხშიშველ ვიზიტს, არ მოიშველიებენ ისტორიულ ფაქტებს და არ მომიყვებიან რომელიღაცა საუკუნის ამბებს, იმიტომ რომ მოშველიებები უბრალოდ აღარ დაგვჭირდება. მერე მეგობარს პაბშიც წავიყვან, გავისეირნებ კიდეც და მასთან უეცრად, საიდანღაც მოჭრილი ადამიანი ხელით შეხებას და ფოტოს გადაღებას არ მოითხოვს”
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი
„ოთხმოცდაათიანელები“ უკვდავი თემაა და ეს წოდება ისტორიაში, ალბათ, თერგდალეულების ან ცისფერყანწელების დარ ადგილს დაიკავებს. ეს არის თაობა, რომელსაც წინ შეგიძლია ნებისმიერი სიტყვა – „Love”-ს კევები, „კერასინკები“, სანთლის ნაღვენთები, დენდის კასეტების მწვანე სქემები – დაურთო და ამ დასახელების ლეგალურობაში ეჭვიც კი არც შეგეპაროს. „ცეცხლში გამოწრთობილი თაობა“-ც ერთი იმ ეპითეტთაგანია, რომლის შესახებაც prodigycow წერს. პოსტი პატარაა, მაგრამ ოპტიმისტური და იმ პათოსისგან განსხვავებული, რომ ჩვენი ახალგაზრდობა უხავსოდ წყალწაღებულია: „ჩვენ ყველას გვქონდა რონალდოს ყვითელი მაისური. ჩვენ ყველა არასაბჭოურ მანქანას ვეძახდით “ფირმას”. ჩვენ ვკატაობდით ტროლეიბუსებზე. ჩვენ არ გვყავდა მანდატურები სკოლაში და გაკვეთილებიდან ტუალეტის ფანჯრიდან ვიპარებოდით. ჩვენ ვთამაშობდით “ტეკენს”. ჩვენ მართლა გვიკითხავდნენ ზღაპრებს ძილის წინ, ან ავადმყოფობისას“
ერთი ამოისუნთქეთ და განვაგრძოთ.
შეყვარებულთან დაშორება რაღაცით სპექტაკლს ჰგავს. ზოგი ტრაგედიად აქცევს და ზოგიც – კომედიად. ტრაგედიად ისინი, ვისაც ჯერ კიდევ უყვარს, ხოლო კომედიად ისინი, ვინც დაშორების მიზეზად უსუსურ არგუმენტებს ასახელებს. ეს ფრაზები ძირითადად ერთნაირია და ნებისმიერ სიტუაციას ერგება. “Fake Love” კი Dreamar-ის პოსტია, სადაც ამ გაცვეთილი არგუმენტებიდან რამდენიმეა განხილული: „შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მე არ ვარ შენი ღირსი – ამ წინადადების ავტორები ვერ გიბედავენ იმის თქმას, რომ უბრალოდ აღარ უყვარხართ, რადგან არ უნდათ “ცუდები” გამოვიდნენ თქვენს თვალში და “გაგაბოროტონ” (სიყვარულისგან გამწარებული ადამიანი რაზე არ არის წამსვლელი)“
და ბოლოს, შეგიძლიათ თავ-headურ ბლოგზე გადაინაცვლოთ და თუ რელიგიური ხუმრობები თქვენს ნერვებზე უარყოფითად არ მოქმედებს, „მამაოს მიერ ნაკურთხ მართლმადიდებლურ “CV”-საც გაეცნოთ:
„გამოცდილება:
1997-1999 მნათე უბნის ეკლესიაში
1998-2003 პირადად მყავს ნაცემი დაახლოებით 120 იაღოველი და დახეული მაქვს დაახლოებით 1000ზე მეტი ბროშურა
2005-2008 სამარხვო გოჭების და ტკბილეულის ბიზნესი (ნაკურთხი)
2003-დღემდე: დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლი და ეროვნული სიწმინდეების დამცველი (უშტატო)“
პ.ს: ხოლო დანარჩენებს კი, ვისი ნერვებიც ამ პოსტს უარყოფითად შეხვდა, უბრალოდ, ბზობას გილოცავთ!