მოხალისეებს ფეისბუკში უკვე შექმნილი აქვთ ჯგუფი – #13ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება (13 June – Volunteers). სწორედ ამ ჯგუფის კოორდინატორები უწევენ ადმინისტრირებას ახალშექმნილ ვებგვერდს 13ivnisi.ge, რომელიც ტატო კუტალიამ და დავით გოქაძემ შექმნეს.
ვებგვერდზე განთავსებულია თბილისის რუკა, სადაც აღნიშნულია ის ადგილები, თუ სად გროვდებიან მოხალისეები, საჭირო ინვენტარი, მანქანები; ასევე, ადგილები, თუ სად, რა რაოდენობის მოხალისეები არიან გადანაწილებულნი საათების მიხედვით, რა ნივთები ესაჭიროებათ და ა.შ. საიტზე, ასევე, გამოქვეყნებულია მოხალისის ინსტრუქცია.
შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად თბილისში დაიღუპა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 19 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ადამიანი. ზოოპარკის დატბორვის შედეგად დაიღუპა მისი სამი თანამშრომელი, ცხოველები, რომელთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. წინასწარი მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარებებს.