რა არის Silk LTE 4G?
სილქნეტის განმარტებით, ეს არის ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი – 4G ინტერნეტი სახლისთვის. იმ გეოგრაფიულ ზონებში, რომლებსაც კომპანია ინტერნეტით დაფარავს, მომხმარებელი ინტერნეტს მოდემის საშუალებით, უსადენოდ მიიღებს.
“ინტერნეტის მიღება შესაძლებელია Silk LTE მოდემის საშუალებით, რომლის ინსტალაციაც ძალიან მარტივია. მოწყობილობა მუშაობს დაკაბელების გარეშე. მოწყობილობის ინსტალაცია შესაძლებელია სახლის ნებისმიერ კუთხეში და ასევე ნებისმიერ ადგილას, სადაც არის Silk LTE -ს დაფარვის ზონა. ფაქტიურად ეს არის სახლის უკაბელო ინტერნეტი”, – ნათქვამია სილქნეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.
სილქნეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ილია ენუქაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვა 4G მობილურ ინტერნეტზე საქართველოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონს არ უკავშირდება, რადგან ეს მობილური ინტერნეტი არ არის, არამედ ფიქსირებულ ქსელზეა მორგებული. იმისათვის, რომ მომხმარებელმა უსადენო ინტერნეტით ისარგებლოს, მოდემში სპეციალური სიმ ბარათი უნდა დააინსტალიროს. მისივე განმარტებით, მომხმარებელი სახლიდან მოდემის ტრანსპორტირებას და მოხმარებას მხოლოდ იმ ადგილებში შეძლებს, სადაც Silk LTE-ს დაფარვის ზონა იქნება:
“ხოლო სიმ ბარათს მოდემის შეძენის დროს ადგილზე გაუაქტიურებენ სერვის ცენტრში”, – ამბობს იგი.
სილქნეტის ახალი სერვისის დაფარვის არეალი
პირველ ეტაპზე Silk LTE -ს დაფარვის ზონა ვრცელდება თბილისში, კერძოდ შემდეგ უბნებში: მეტრომშენი, ნაძალადევი, 5 დეკემბერი, ავჭალა, სოფელი დიღომი, ელია, სვანეთის უბანი და ლოტკინი:
„ვიწყებთ თბილისიდან და იმ უბნებში, სადაც დაკაბელების გზით ვერ შევდივართ, ვთავაზობთ მაღალსიჩქარიან ახალი თაობის ინტერნეტს. მომავალი წლიდან აღნიშნულ სერვისს შევთავაზებთ მოსახლეობას თბილისის მასშტაბით, მათ შორის კერძო დასახლებებსა და დედაქალაქის შემოგარენს – კოჯორს, წყნეთს, წავკისს. პარალელურად, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული სტანდარტით ფიქსირებული ინტერნეტის შეთავაზებას რეგიონებში“- განმარტავენ “სილქნეტში”.
ახალი ინტერნეტის სიჩქარე და ტარიფი
ამ დროისთვის სილქნეტი მომხმარებლებს ორი სახის პაკეტს სთავაზობს: Silver-ს და premium-ს. Silver-ის ერთთვიანი მომხარების ფასი 28 ლარია. სილქნეტის ცნობით, ამ პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში აბონენტი ფაილების ინტერნეტიდან ჩამოტვირთვას 15მბ/წ-მდე სიჩქარით შეძლებს, ხოლო ატვირთვას – 5მბ/წ-მდე. რაც შეეხება პრემიუმ პაკეტს, მისი ერთთვიანი აქტივაცია 48 ლარი დაგიჯდებათ და კომპანიის ინფორმაციით, ფაილების ჩამოტვირთვას 50მბ/წ-მდე სიჩქარით, ხოლო ატვირთვას – 5მბ/წ-მდე სიჩქარით შეძლებთ.
არის თუ არა ის სერვისი, რასაც სილქნეტი გთავაზობთ 4G LTE?
4G – ეს არის მეოთხე თაობის საკომუნიკაცო სისტემა, რომელიც მის წინამორბედ 3G-ზე გაცილებით სწრაფია. 3G-ი 2000-იანი წლების პირველ ნახევარში გამოჩნდა. თავდაპირველად მისი სიჩქარე წამში 200 კილობიტი იყო, თუმცა ეტაპობრივად გაიზარდა. რაც შეეხება 4G-ის, ეს სისტემა სამ ძირითად ტექნოლოგიად იყოფა, რომელსაც ოპერატორები მომხმარებლებს სთავაზობენ: LTE, WiMAX და HSPA+-ი. დღეისათვის ევროპასა და შეერთებულ შტატებაში ყველაზე აპრობირებული და პოპულარული სისტემა LTE (long term evolution) იგივე გრძელვადიანი ევოლუციაა. სწორედ LTE-ზე აკეთებს არჩევანს სილქნეტიც. თეორიულად სმარტფონით ან ტაბლეტით სარგებლობისა მისი საშუალებით, თუ თქვენ მანქანით, მატარებლით, ან სხვა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებით, ინტერნეტის სიჩქარე 100 მეგაბიტი/წამს მიაღწევს, ხოლო სტატიკურ სიტუაციაში (ასევე ფეხით სიარულისას) ფაილის გადმოწერა 1 გიგაბიტის სიჩქარით უნდა შეძლოთ, ხოლო ატვირთვა – 500 მეგაბიტის.
ნეტგაზეთის შეკითხვას, არის თუ არა ის, რასაც ახლა სილქნეტი მომხმარებლებს სთავაზობს, რეალური 4G, რადგან შემოთავაზებული სიჩქარის მაჩვენებლები მკვეთრად ჩამორჩება LTE-ის შესაძლებლობებს, ილია ენუქაშვილი ასე პასუხობს:
“LTE-ს ნებისმიერი გაცხადებული სიჩქარე, მაგალითად, 150 მგბ/წ, მხოლოდ თეორიული სიჩქარეა ლაბორატორიულ პირობებში. SILK LTE-ს აქვს შესაძლებლობა ამ ნიშნულთან მიახლოვებული სიჩქარის უზრუნველყოფის, მაგრამ რეალური სიჩქარეები დამოკიდებულია რელიეფზე, საბაზო სადგურიდან დაშორებაზე, განაშენიანების ტიპზე, ქსელის დატვირთულობაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. მაღალ პაკეტებში სიჩქარის შეზღუდვა 50მგბწ-მდეა. შეზღუდვის არსი რეალისტური მოლოდინების შექმნაა არსებული რესურსის აბონენტების დიდოდენობაზე გადანაწილების შემთხვევაში”.
ნეტგაზეთმა მას ასევ დაუსვა შეკითხვა, რას ნიშნავს კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემი, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, სილვერ პაკეტის შეძენის შემთხვევაში ჩამოტვირთვის სიჩქარე 15მბ/წ-მდე იქნება, ანუ შესაძლებელია, რომ 15 მბ/წ ყოველთვის არ იყოს და გარკვეულ შემთვევებში მომხმარებელმა ინტერნეტი უფრო ნაკლები სიჩქარით მიიღოს?
“ფაქტობრივი სიჩქარე დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორებზე, რომელიც უკვე ჩამოგითვალეთ”, – პასუხობს ენუქაშვილი.