ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. წლევანდელი კონფერენციის დევიზია “ინფორმაციული ტექნოლოგიები მომავლისთვის”. როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, წელს ღონისძიებაზე რეკორდული რაოდენობის მონაწილეები არიან.
კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად 20–ზე მეტი ქვეყნის 400–მდე წარმომადგენელია რეგისტრირებული, რომლებიც განიხილავენ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული განვითარების საკითხებს, წარმოადგენენ წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს და გაეცნობიან აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს:
“ექვსი წლის მანძილზე ყოველი ახალი კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისთვის შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გამართული ეს ღონისძიება რეგიონული მასშტაბის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს”, – აცხადებს ICT ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი გიგა შუბითიძე.
კონფერენციის მეორე სამუშაო დღე მთლიანად დაეთმობა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საკითხების შესახებ მოხსენებას გააკეთებენ ამ მიმართულებით მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები:
“დღეისთვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან”, – აცხადებს ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.
აღნიშნულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც, მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყანაში ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების ფუნქციონირება:
“საქართველოში წარმატებულ რეფორმად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც განხორციელდა საჯარო რეესტრში, სამოქალაქო რეესტრსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. წარმოუდგენელია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის არსებობა სოციალური ქსელების, ელექტრონული აუქციონების, ელექტრონული შესყიდვების, ინტერნეტბანკისა და ა.შ. გარეშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კონფერენცია დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. წელს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50–მდე პროექტი 17 ნომინაციაშია წარმოდგენილი.