ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისიის განმარტება Youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით

14 მარტი, 2016 • 2082
კომუნიკაციების კომისიის განმარტება Youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით

კომუნიკაციების ეროვნული კომისიას „სილქტენის“ და „კავკასუს ონლაინის“ აბონენტებისთვის „youtube“-ზე საქართველოდან წვდომის ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე ინფორმაცია არ მიუღია არც სახელმწიფო ორგანოების და არც კერძო კომპანიების მხრიდან. ამის შესახებ ნეტგაზეთს კომისიაში განუცხადეს:

“არსებული ინფორმაციით, [youtube-ზე] წვდომა აღდგენილია, დაბლოკოლია მხოლოდ კონკრეტული „ვიდეომასალა“, ასევე აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავ ორგანოებში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპეტენციის ფარგლებში მზადაა თანამშრომლობისთვის ყველა მხარესთან”, – განმარტავენ კომისიში.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის კანონთან და საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ის ფაქტი, რომ კონკრეტული ვიდეოს გამო მთელი საიტის დაბლოკვა კომუნიკაციების კომისიის გვერდის ავლით ხდება, კომისიაში განმარტავენ:

“კი, შესაბამისობაშია. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია. ამავე დროს, ამ მუხლის ზემოთ ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ერთი კონკრეტული ვიდეოს გამო მთელი პლატფორმა იბლოკება გაკრვეული პერიოდის განმავლობაში. 2015 წლის ნოემბერში ISIS-ის ერთი ქართულენოვანი გვერდის გამო ვორდპრესის სხვა საიტებიც დაიბლოკა, გასულ კვირაში და დღეს კი შეზღუდვა youtube-ს მთელ კონტენტს დაუწესდა ასევე ერთი კონკრეტული ვიდეოს გამო. ხომ არ გაუჩნდა კომისიას თვითონ ინტერესი, რომ მიმართოს კომპანიებს ან სუს-ს, რომელიც ამ მასალების დბლოკვაზე მუშაობს, თუნდაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე? ამ კითხვას კომისიაში ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებენ.

დღეს, დაახლოებით 13:30 საათზე სილქნეტისა და კავკასუსის მომხმარებლების ნაწილს youtube.com-ზე წვდომა აღუდგათ.

სილქნეტისა და კავკასუსის მომხმარებლების ნაწილს youtube.com-ზე წვდომა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა.

სილქნეტი საქართველოდან youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვას ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი youtube-ზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, ასევე, მუქარას რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ დატოვებენ პოლიტიკას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.

Youtube-ზე წვდომა 20 წუთის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ კავკასუს ონლაინის ქსელის აბონენტებს 11 მარტსაც, როცა გამოქვეყნდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

თუმცა “კავკასუს ონლაინმა” მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, დროებით, ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც გაითიშა, თუმცა შესაბამის უწყებებს დღემდე ნათლად არ განუმარტავთ, რატომ მოხდა ეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი