ტექნოლოგიები

სილქნეტი youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვას ტექნიკური ხარვეზით ხსნის

14 მარტი, 2016 • 2434
სილქნეტი youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვას ტექნიკური ხარვეზით ხსნის

სილქნეტი საქართველოდან youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვას ტექნიკური ხარვეზით ხსნის. რაც შეეხება კავკასუს ონლაინს, რომლის აბონენტების ნაწილსაც შეზღუდული აქვს წვდომა ზემოხსენებულ გვერდზე, ნეტგაზეთმა კომპანიის წარმომადგენლების კომენტარის მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოახერხა, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვერ ვუკავშირდებით.

რაც შეეხება სილქნეტს, ამ ეტაპზე პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ტექნიკური ხარვეზი და არ საუბრობენ იმაზე, ჰქონდა თუ არა ამ პროცესში რაიმე როლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

“ვერ გეტყვით. ხარვეზებით ხდება მიწოდება. ჩვენი მხრიდან არის ტექნიკური ხარვეზი”, – აცხადებენ სილქნეტში და დასძენენ, რომ წვდომა მალე აღდგება.

ტექნიკური ხარვეზის ვერსიის არ სჯერა ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტს, კოტე სტალინსკის, რომელიც ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს:

“არ მჯერა მაგ ვერსიის, რადგან თუ youtube.com-ის გათიშვა მოხდა ტექნიკური მიზეზის გამო, რატომ არ გაითიშა Google-ის დანარჩენი საიტები, რომლებიც იმავე სერვერებზე იმყოფებიან?! როგორ მუშაობს Google-ის სხვა საიტები?!Gmail, Google Translate და ა.შ. ყველა ეს საიტი მუშაობს”, – ამბობს სტალინსკი და დასძენს, რომ მისი აზრით, საქმე გვაქვს პროვაიდერების მიერ საიტის მიზანიმართულ გამორთვასთან:

“ეს უკვე მერამდენედ ხდება. პირველად იყო ვორდპრესის გათიშვა (2015 წლის ნოემბერში), მეორე იყო youtube.com-ის გათიშვა წინა კვირაში და ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ანუ საქართველოდან კონნკრეტული პროვაიდერების მიერ დაწესებულია შეზღუდვა, მაგრამ კონკრეტული სამსახურები, კომპანიები და მათი თანამშრომლები ამჟამად მაინც თავისუფლად შედიან youtube.com-ზე. ეს ინფორმაცია გადამოწმებული მაქვს. ეს აიხსნება ქსელის ტექნიკური მახასიათებლებით”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ ვებგვერდზე ხელმისაწვდომობა 100%-ით მაინც ვერ დაბლოკეს.

მაგთის და ჯეოსელის მობილური ინტერნეტის აბონენტები ვებგვერდზე შესვლას ამ დროისთვისაც ახერხებენ.

კომუნიკაციების კომისიას განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი, youtube-ზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, ასევე, მუქარას რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ დატოვებენ პოლიტიკას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.

Youtube-ზე წვდომა 20 წუთის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ კავკასუს ონლაინის ქსელის აბონენტებს 11 მარტსაც, როცა გამოქვეყნდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

თუმცა “კავკასუს ონლაინმა” მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც დროებით გაითიშა, თუმცა შესაბამის უწყებებს დღემდე ნათლად არ განუმარტავთ, რატომ მოხდა ეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი