სამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთი: სარჩელების ქრონიკა სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში

26 ნოემბერი, 2015 • 2327
სამხრეთ ოსეთი: სარჩელების ქრონიკა სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში

ნოემბრის დასაწყისში რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “სამართლებრივი ინიაციატივა რუსეთში” ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წელს ქართულ-ოსური ომის დროს დაზარალებულთა განცხადება შეიტანა. სარჩელებში საუბარია მძიმე შეიარაღების უკონტროლო გამოყენებაზე, მკვლელობებზე, ასევე, წამებაზე.

უფრო ადრე, ოქტომბრის თვეში რუსული და ქართული მედიასაშულებები წერდნენ იმაზე, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გადაწყვიტა, მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისთვის ნებართვის მისაღებად.  

“სასამართლომ მიუთითა კონფლიქტის დროს დაზარალებულთა უფლებაზე, რომ 13 ნოემბრამდე მიეწოდებინათ მოსამართლეებისთვის თავიანთი “მოსაზრებები,” – იუწყება საინფორმაციო სააგენტო “კავკაზსკი უზელი”.

სააგენტო “კავკაზსკი უზელი”, ასევე, იუწყება, რომ მასალებში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 12 ნოემბერს გადასცა ორგანიზაციამ “სამართლებრივი ინიაციატივა რუსეთში”, აღწერილია დანაშაულები, რომლებიც სავარაუდოდ ქართული მხარის მიერაა ჩადენილი. 2008 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოაგროვა და 3300 საჩივრის დოკუმენტირება მოახდინა, რომელთა ბედი ცოტა არ იყოს გაურკვეველი დარჩა. 3300 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შევიდა აგვისტოს ომის დასრულებისთანავე. ევროპის სასამართლოს ვებ-გვერდზე უკვე მიღებული საქმეების მოკლე აღწერილობებში აღნიშნული იყო, რომ ეს საჩივრები სტრასბურგში 2008 წლის აგვისტოს ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. პირველი შვიდი საქმის წარმოება სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს წინააღმდეგ 2009 წელს დაიწყო, კონფლიქტიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ. შემდეგ, 2010 წლის 31 მარტს კიდევ შვიდი საქმე იქნა მიღებული. ხოლო 2010 წლის მაისში მედია უკვე იუწყებოდა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარყო ოსების სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. იმავე წლის დეკემბერში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 1500-ზე მეტი სარჩელის განხილვაზე თქვა უარი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლებრივი ინიციატივა რუსეთში” დაიწყო მუშაობა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაზარალებულებთან და ის ერთადერთი არასახელმწიფო ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელიც შეუდგა განცხადებების და სარჩელების შეკრებას ჯერ სტრასბურგის, ხოლო შემდეგ ჰააგის სასამართლოსთვის. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, ამ ორგანიზაციამ გამოკითხა საომარი კონფლიქტის 18 მსხვერპლი, რომლებიც ასევე წარმოადგენენ თავიანთ ნათესავებს, ვინც დაიკარგა, დაიღუპა ან დაიჭრა. ჰააგისთვის მასალების შესაგროვებლად “სამართლებრივი ინიციატივიდან” სამხრეთ ოსეთში რუსი იურისტი და უფლებადამცველი დმიტრი ლაპტევი ჩავიდა.

ამ ინფორმაციას მოუთმენლად ელოდნენ სამხრეთ ოსეთში ის დაზარალებულები, რომლებიც თანამშრომლობდნენ “სამართლებრივ ინიციატივასთან” იმ იმედით, რომ მათი საქმეები ბოლოსდაბოლოს სასამართლომდე მივიდოდა. თუმცა იმედი მას შემდეგ დაკარგეს, რაც 2010 წლის დეკემბერში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვიტა არ მიეღო 1549 საჩივარი, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს. ამის შესახებ 2011 წლის იანვარში საინფორმაციო პორტალ “ეზო კავკაზას” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომელიც უფლებადამცველმა ვარვარა პახომენკომ დაწერა.

“რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის” ყოფილი ექსპერტი ვარვარა პახომენკო პირველი იყო, რომელმაც წარმოადგინა ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთში და მუშაობდა ომის დროს დაზარალებულებთან და შემდეგ ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მათ აცნობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საჩივრებზე. სტატიაში ის ამბობს, რომ განმცხადებლების თითქმის ნახევარს ერთი რამ აერთიანებდა: სასამართლოში მათ წარმოადგენდა სამი ადვოკატი ვლადიკავკაზიდან – ვადიმ საილაონოვი, ზინაიდა მილიაევა და ვლადისლავ ბაიკულოვი.

პახომენკო ასევე წერდა იმაზე, რომ 1549 საჩივრის უარყოფა არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოიღო სტრასბურგის სასამართლომ იმ განმცხადებლების საჩივრები, რომელთა ინტერესებს აღნიშნულ სასამართლოში წარმოადგენდნენ საილაონოვი, მილიაევა და ბაიკულოვი.

“2010 წლის 23 მარტს საქართველოს წინააღმდეგ შვიდი განცხადებიდან ხუთი, რომლებიც ერთ-ერთი პირველი შევიდა ომიდან ნახევარი წლის შემდეგ სასამართლოში, ასევე განადგურდა, სასამართლო მაშინ მიუთითებდა იმ მოტივზე, რომ როგორც ჩანს, განმცხადებლებს არ სურდათ თავიანთი საქმეების გაგრძელება, რამდენადაც ადვოკატებმა არც ერთხელ არ უპასუხეს სასამართლოს არც ერთ წერილს,” – წერდა უფლებადამცველი ვარვარა პახომენკო.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება შეშფოთებული იყო ამ ფაქტის გამო და ისინი გავიდნენ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლის აპარატზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საშუალება მისცა გამოსულიყო მესამე მხარედ ამ საქმეზე და წარმოედგინა თავისი კომენტარები ამ საქმეებში, რადგანაც სამხრეთ ოსეთში დაირღვა რუსეთის მოქალაქეების უფლებები. თუმცა სამხრეთ ოსეთის ომბუდსმენის მოლაპარაკებების შედეგებზე სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლებთან ჟურნალისტებმა ვერაფერი გაიგეს.

რუსი უფლებადამცველების აზრით, სტრასბურგში რუსეთის წარმომადგენლის ქცევა არალოგიკური იყო.

“მაშინვე ნათელი იყო, რომ ექსტრემალურ პირობებში ჩრდილო ოსეთში ნაპოვნ ადვოკატებს შესაძლოა არ სცოდნოდათ საერთაშორისო ორგანოს მუშაობის პროცედურა. თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი მატიუშკინმა ვერ შენიშნა, რომ სასამართლო მას უგზავნიდა განმცხადებლების კომენტარებს მხოლოდ ორ საქმეზე შვიდიდან. იმ ორზე, რომელსაც უფლებადამცველები აწარმოებდნენ,” – განაცხადა ვარვარა პახომენკომ.

პახომენკოს 2011 წლის 6 იანვრის სტატიის მიხედვით, ადვოკატმა ვლადისლავ ბაიკულოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ შეეძლო ეპასუხა სასამართლოს წერილებზე, რადგან წერილები მიდიოდა ინგლისურ ენაზე, მან კი ეს ენა არ იცის, თუმცა თუკი ვინმე დაეხმარება, შეთავაზებს წარმოადგინოს დანარჩენი 300 განმცხადებელიც. ადვოკატმა ზინაიდა მილიაევამ მაშინ კომენტარზე უარი განაცხადა.

სამხრეთ ოსეთის მთავრობას, რომელიც ორჯერ შეშფოთდა სტრასბურგში საჩივრების უარყოფის გამო, ამის შემდეგ ეს საკითხები აღარ წამოუწევია. 2010 წლის ბოლოს 1500-ზე მეტი საჩივრის უარყოფის შემდეგ, ისინი წინასაარჩევნო რბოლით დაკავდნენ (საუბარია ყველაზე ხმაურიან საპრეზიდენტო არჩევნებზე 2011 წელს). ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას ხელისუფლების და ადვოკატების მხრიდან არ ჩაუვლია პოლიტიკური ფორუმების მიღმა 2011 წელს. დამოუკიდებელი პოლიტოლოგის ახსარ ჯიგკაევის თქმით, ეს არის “საშინელი სირცხვილი”, რომ ამ თემაზე მხოლო ვარვარა პახომენკო წერს.

“ვინ არიან ეს ბაიკულოვები, მილიაევები, საილაონოვები? უკვე ამ ცნობის გამო შეიძლება განაჩენი გამოუტანო მთელ სახელმწიფო სისტემას. ოსეთის ხელისუფლებას არ ესმის, რას აკეთებს! ანუ არ აქვთ შესაძლებლობა გადათარგმნონ ტექსტი, არ არსებობს არავითარი კონტროლი პროცესის მიმდინარეობაზე, რახან არ არსებობს არავითარი რეაქცია სასამართლოს არაერთ მიმართვაზე განმცხადებლების მიმართ!” – წერდა ჯიგკაევი.

იქვე წერდა ბერლინში ოსეთის კულტურული თემის თავმჯდომარე ალექსანდრ ზოხმანი: “თუკი საჩივრების შეტანის საწყის ეტაპზევე არ იყო კონტროლი ამ საქმეზე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან, ნიშნავს, რომ მთავრობას არ აწყობს საქმის მოგება სასამართლოში. მარაზმი და მავნებლობაა…”

პოლიტოლოგ ალან ჩოჩიევის აზრით, ეს საქმე სტრასბურგში მორიგი კრახი და სისტემური ნგრევის კიდევ ერთი “ნამსხვრევია”.

“კოკოითიმ ვერ დაიცვა მოსახლეობა იმით, რაც უკვე გამზადებული ჰქონდა – სამართლით და კანონით და იმუქრებოდა ომით – იმით, რაც არ ჰქონდა. დღევანდელი სტრასბურგის მსხვერპლები კი ხოტბას ასხამდნენ მის “სიმამაცეს”, მან კი ისინი დარტყმის წინაშე დააყენა და თავად დეზერტირობდა… ახლა კი მან დეზერტირობა გამოავლინა სტრასბურგშიც,” – წერდა ამ თემაზე ჩოჩიევი.

2011 წელს ვარვარა პახომენკომ თავის კომენტარებში “ეხო კავკაზაზე” ასევე დაწერა იმაზე, რომ თეორიულად შესაძლებელია იმ ადამიანების სარჩელების აღდგენა, რომლებიც უარყოფილი იქნა, იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებენ იმის დასაბუთებას, რომ მათ მართლაც არ ჰქონდათ თავიანთი სარჩელის გაგრძელების შესაძლებლობა.

“მაგრამ პრაქტიკულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ძნელად წარმომიდგენია. რადგანაც სასამართლო მართლა უკავშირდებოდა ამ ადვოკატებს და არა ერთხელ. ისინი არ უარყოფენ, რომ იღებდნენ ამ წერილებს. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ვერ შეძლეს გაგება, თუ რა ეწერა მათში. არადა, სასამართლო იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ უზრუნველყოს თარგმანი, მოთხოვნის შემთხვევაში,” – განაცხადა მან “ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ვარვარა პახომენკოს, რომელიც ახლა არის “საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის” ექსპერტი, რომ შემაჯამებელი განმარტებები გაკეთებინა ამ თემაზე: შეუძლია თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განიხილოს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების სარჩელები, რომლებიც მომზადებულია “რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის” მიერ, როცა ისინი მანამდე უარყო ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ? და თუკი შეუძლია, რამდენი საჩივრის განხილვა იქნება შესაძლებელი ჰააგაში?

ამ კითხვებზე პახომენკომ გვიპასუხა:

“ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლოსგან განსხვავებით, იხილავს კონფლიქტს მთლიანობაში და არა მხოლოდ ცალკეული პირების საჩივრებს. სამხრეთ ოსეთში დაზარალებულებს შეთავაზეს, რომ მიმართონ მოწმეების რანგში, რომ მათი პოზიცია და საქმის ვითარება შეისწავლონ განხილვის დროს. მიმართვა ყველას შეეძლო, მათაც, ვისი საჩივრებიც არ განიხილა სტრასბურგის სასამართლომ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი