სამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბა “პასპორტების აკრძალვის” საკითხზე ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს

19 ოქტომბერი, 2022 • 1924
არძინბა “პასპორტების აკრძალვის” საკითხზე ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა  აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვაზე ევროკავშირის საბჭოს განცხადებას და აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებს კიდევ ერთხელ დაემუქრა.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, საბჭოს დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ. 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ევროკავშირის საბჭო იუწყება, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის „გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე“ უკრაინის მიმართ და ასევე პასუხია „რუსეთის პრაქტიკაზე, გასცეს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე რუსული საერთაშორისო პასპორტები“.

არძინბამ ისაუბრა აფხაზეთის იზოლაციაზე და კუთხეში მიმწყვდევაზე ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ.

“ევროკავშირს არ მოსწონს აფხაზეთის რესუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები და ყველანაირად ცდილობენ შეცვალონ ისტორიული რეალობა. ცხადია, ეს არ გამოუვათ”,

არძინბას თქმითვე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და პროგრამების დაახლოებით 80%-ს სწორედ ევროკავშირი აფინანსებს სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური სტრუქტურის მეშვეობით.

“ერთი მხრივ, ისინი თითქოს ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებენ ჩვენს ტერიტორიაზე, მეორე მხრივ კი, არ აღიარებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემულ პასპორტებს. ეს ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს”.

არძინბა აცხადებს, რომ ამ პროექტებისა და პროგრამების საბოლოო მიზანი აფხაზეთის შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენა, მოქალაქეების ცნობიერების ჩამოყალიბება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის მცდელობაა.

“ევროკავშირის გადაწყვეტილება აფხაზეთში გაცემული პასპორტების არაღიარებაზე შეიძლება აისახოს იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომელთაც ევროკავშირი აფინანსებს”.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ პოსტზე დანიშვნიდან [2021 წლის 17 ნოემბერი] რამდენიმე დღეში შეხვედრა გამართა აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაეროს განვითარების პროგრამა], სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება. ამასთან, ინალ არძინბა აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზური პროექტები “საქართველოს სპეცსამსახურების მიზნებს” ემსახურება. ამ საკითხის გარშემო არძინბა პერიოდულად სხვადასხვა ფორმატში საუბრობს.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი