ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბა აცხადებს, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთში მიზნები აქვთ

8 აპრილი, 2022 • 9864
არძინბა აცხადებს, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთში მიზნები აქვთ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე კვლავ საქართველოს მხრიდან შექმნილ საფრთხეებზე ისაუბრა.

“საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეტალური ანგარიში ჩააბარეს მინისტრს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

მინისტრმა დროებით შეაჩერა “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”/ Stop Hunger-ის ერთ-ერთი პროექტი, ადგილობრივ მმართველობაში ინკლუზიური მიდგომების სრულყოფასთან დაკავშირებული პროგრამის კონკერტული მიზნების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებამდე”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, როგორც დე ფაქტო სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, “შეხვედრის დროს ინალ არძინბამ შეშფოთება გამოხატა ქართული და დასავლეთის სპეცსამსახურების მზარდ აქტიურობასთან დაკავშირებით”.

“თუ თქვენი საქმიანობა შეესაბამება საქართველოს განვითარების პროგრამების მიზნებსა და ამოცანებს, ჩვენ ამას ავტომატურად ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მივიჩნევთ. მშვენივრად გვესმის, რომ ამ პროგრამების მიზანი ჩვენი ტერიტორიების შთანთქმა და საქართველოს ხელისუფლების  ჩამოყალიბებაა აქ, მაგრამ ქართული დროშა აქ არასოდეს იქნება აღმართული”, –  განაცხადა არძინბამ, რომელიც ასევე ამბობს, რომ “თუ ორგაზანიციას ჰუმანიტარული მიზნები აქვს, ის პოლიტიკურ განზომილებაში არ უნდა გადავიდეს”.

უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული სპეცსამსახურების საქმიანობის მიზანია, შექმნას გავლენის ჯაშუშური ქსელი, პირველ რიგში, ახალგაზრდებს შორის.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ პოსტზე დანიშვნიდან [2021 წლის 17 ნოემბერი] რამდენიმე დღეში აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაეროს განვითარების პროგრამა] შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი