ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

26 თებერვალი, 2022 • 4837
აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

ანონიმი ავტორი სოხუმიდან


საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური არასამთავრობოების ერთობლივი პროექტები “იატაკქვეშ” ინაცვლებს. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები ნეტგაზეთთან ანონიმურად საუბრობენ.

2021 წელს აფხაზეთში გაეროს განვითარების ფონდის პროგრამის COBERM ​​[ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი] უპრეცედენტოდ ბევრი პროექტი განხორციელდა.

წლების განმავლობაში ამ პროექტების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთში ღია წყაროებით ფართოდ ვრცელდებოდა, თუმცა აფხაზეთის საგარეოს ახალი უფროსის, რუსეთიდან დაბრუნებული ინალ არძინბას განცხადების შემდეგ, რომ COBERM-ისა და სხვა მსგავსი პროექტები ვეღარ იმუშავებს აფხაზეთში, ადამიანებმა სიფრთხილის გამოჩენა დაიწყეს. განსაკუთრებით კი, იმ ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით, წლების განმავლობაში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები შექმნეს და ღირსეული ხელფასით უზრუნველყვეს.

არძინბას მუქარების შემდეგ ეს ორგანიზაციები საქმიანობას არ შეაჩერებენ, თუმცა მათ შესახებ ცნობადობის გაზრდისგან თავს შეიკავებენ.

“საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთში საკუთარ თავზე აიღეს გარკვეული სოციალური სახის ვალდებულებები. პროექტებში ჩართულ ადამიანებს შესაძლებლობა მისცეს, პროფესიული უნარების განვითარებასთან ერთად, ღირსეული ანაზღაურებაც მიეღოთ იმ ფონზე, როცა აფხაზეთში რთულია სამსახურის შოვნა. თუმცა ჩვენი საზოგადოება ჯაშუშებს უწოდებს მათ, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

წარმოიდგინეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვარიგებთ მედიკამენტებს ან სასუქს, ჩვენი “პატრიოტები” მათში ქართულ ეტიკეტებს ეძებენ და აცხადებენ, რომ საწამლავს ვარიგებთ.

ჩამოგვაქვს ბავშვებისთვის კომპიუტერები, ან ვაძლევთ გოგონებს საშუალებას, დაესწრონ საგანმანათლებლო კურსებს, რითაც, ზოგიერთის აზრით, ახალგაზრდობას ვრყვნით. თუ ვატარებთ ტოლერანტობის გაკვეთილებს, ე.ი. ვრყვნით მათ. ყველა ჩვენი პროექტის მიღმა ხედავენ რაღაც ბოროტ განზრახვას და სამშობლოს გაყიდვას”, – ამბობს არასამთავრობო სექტორში დასაქმებული, რომელიც საფრთხის გამო ანონიმურობას არჩევს.

აფხაზეთში საერთაშორისო პროექტების კიდევ ერთი მონაწილე, ამბობს, რომ მოხარული იქნებოდა, COBERM-ის მსგავს პროექტებს რუსული ორგანიზაციებიც ახორციელებდნენ.

“ფული, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში დებს, ხელისუფლების გავლით შემოდის. შესაძლოა, რუსული არასამთავრობოები რუსული თემის შუამავლობით მუშაობენ, მაგრამ ეს სამუშაო პრაქტიკულად არ ჩანს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რესურსები რომც იყოს აფხაზეთში, ისინი ადგილზევე გაედინება. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს რაღაც ღონისძიებები რუსული ორგანიზაციების ეგიდით, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია და მათში უფრო მეტი პროპაგანდაა, ვიდრე რეალური დახმარება”, – ამბობს არასამთავრობოს თანამშრომელი.

“იმედია, საერთაშორისო ორგანიზაციები გააგრძელებენ საქმიანობას აფხაზეთში. რასაც ისინი აქ აკეთებენ, ამას არავინ სხვა არ აკეთებს. ეს რეალური საქმეებია, რომლებიც სჭირდება ადამიანებს. ვიღაცამ სათბური მიიღო და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ვიღაცას საქონლის შეძენაში დაეხმარნენ. დიახ, არსებობენ ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან მრავალშვილიან ოჯახებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები სხვა კატეგორიის ადამიანებსაც ეხმარებიან”, – ამბობს ნეტგაზეთის კიდევ ერთი რესპონდენტი.

არამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტის პერსპექტივით შეშფოთებული არიან ისინიც, ვინც უკვე უშუალოდ მიიღო მათი დახმარება. თუმცა თავს იკავებენ საკუთარი პოზიციის შესახებ ღიად წარმოჩენისგან, რადგან ყოველი განაცხადი, რომელიც ეწინააღმდეგება “სტრატეგიული პარტნიორის” ოფიციალურ პოზიციას, მათთვის პოტენციური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

აი, რას ამბობენ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებელები: “ის, რომ აქამდე აფხაზეთი არ დავტოვეთ, საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაა, რომელთა დახმარებითაც შევიძინეთ თხები, ბატები და იხვები. ასევე, მოვაწყვეთ საქონლის სადგომი და ინკუბატორი. აღმოსავლეთ აფხაზეთში რთულია ცხოვრება რუსული პენსიითაც კი, თუმცა დღეს უკვე აღარ მინდა სადმე წასვლა, კარგად ვარ აქ. ჩემი ზარმაცი მეზობელი კი ჯაშუშებს გვეძახის”,- ამბობს რესპონდენტი.

ცხადია, დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები ძველებურად ვეღარ იმუშავებს აფხაზეთში, თუმცა სათუოა, რომ აფხაზეთი მთლიანად დატოვონ.

400-მდე ადამიანის მიმართვა, სავარაუდოდ, ვერ შეაჩერებს უცხო ქვეყნის ჯაშუშების შესახებ კანონის მიღებას. აფხაზეთში აბორტების წინააღმდეგ ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდა, თუმცა 6 წლის განმავლობაში პარლამენტს სამედიცინო ჩვენების შესახებ ცვლილებაც კი არ შეუტანია მასში. აფხაზურ არასამთავრობოებს, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის ჯაშუშის სახელი მიენიჭებათ, თუმცა არც მათი საქმიანობის შინაარსი არ შეიცვლება და არც ამ ორგანიზაციების საჭიროება შემცირდება. პირიქით, შესაძლოა, მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში შევა კანონპროექტი უცხო ქვეყნის ჯაშუშების შესახებ. ინიციატივას აფხაზური არასამთავრობო სექტორი დიდი ხნის წინ ელოდა.

რამდენიმე წლის წინ ფეისბუკზე ანონიმურმა მომხმარებელმა სახელით «temur kodory», აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დოკუმენტაცია და სხვა დოკუმენტები გაავრცელა. საზოგადოებაში სკანდალმა არ დააყოვნა და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების მონაწილეები სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. მართალია, ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სიფრთხილის გამოჩენა დაიწყეს. ნაწილმა ისიც ივარაუდა, რომ ეს იყო ენგურის გაღმა დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა, უმეტესობის აზრით, ეს იყო უცხოური ქვეყნის ჯაშუშების შესახებ რუსული კანონის ანალოგიის დანერგვის სამზადისი.

2021 წლის ბოლოს, როდესაც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კრემლში ნამუშევარი და გამოცდილი ინალ არძინბა დაინიშნა, გასაგები გახდა, რომ აფხაზეთში უცხო ქვეყნის ჯაშუშების კანონის მიღება არც ისე შორი პერსპექტივაა.

ახალი მინისტრის შეხვედრამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იმ პროექტების აკრძალვა, რომლებიც ითვალისწინებდა ახალგზრდების და ექსპერტების ქართველ კოლეგებთან შეხვედრებს, მხოლოდ დაადასტურა ის, რომ სწორედ რუსული კანონის მიღებისკენ მიჰყავთ საქმე.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ახალი ამბავი ყველა მედიასაშუალებაში გახმიანდა, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა რეაქციაც. უმეტესად ეს იყო მძაფრი კრიტიკა საგარეო უწყების ახალი მეთაურის ინიციატივების მიმართ.

აფხაზეთში “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” წარმომადგენელი დიანა კერსელიანი ფეისბუკზე საკუთარ გვერდზე აღშფოთებას გამოხატავდა აფხაზეთში არსებული არასამთავრობოების მიმართ უნდობლობაზე.

“საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობის მნიშვნელობა აფხაზეთში, კერძოდ, გაეროსი, არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ არც ხელისუფლების და არც სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან, რადგანაც ყველას გვესმის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი არხი საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციის, მით უმეტეს, გაერო უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, სადაც ჩვენი მოკავშირე რუსეთიც ვეტოს უფლებით სარგებლობს. რა თქმა უნდა, შეიძლება გაეროც და სხვა ორგანიზაციებიც აიძულო, აფხაზეთი დატოვოს და სამხრეთ ოსეთის გზა ავირჩიოთ, თუმცა შემდეგ ამ კავშირის აღდგენა უფრო და უფრო რთული იქნება”, – წერს დიანა.

პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომ მსგავსი პოლიტიკა კიდევ უფრო გააღრმავებსა ფხაზეთის იზოლაციას.

მინისტრის მიერ დაწესებული აკრძალვების შესახებ საკუთარი უკმაყოფილება ღიად გამოხატა ელონა ტურავამ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაცია “ამშრას” საზოგადოებრივი განვითრების ფონდის თანადირექტორმა.

“ოცდაათი წლის წინ ჩვენმა ხალხმა ომი მოიგო იმისთვის, რომ ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. ვლადისლავ არძინბას ხელმძღვანელობით ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ხანგრძლივი და რთული გზა საერთაშორისო საზოგადოების აღიარებისკენ. ოცდაათი წლის შემდეგ კი იწყება აფხაზეთის სწრაფი იზოლაციონიზმის სასიკვდილო პროცესი. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები: “ვის ინტერესებშია ეს?”, “ვის ინტერესშია ჩვენი ქვეყნის იზოლაცია? ვის ინტერესებს ემსახურება სინამდვილეში ეს პოლიტიკა? ვისთვის მოაქვს სარგებელი ასეთ “დიპლომატიას”? პასუხის რამდენიმე ვარიანტია აქ, თუმცა ეს ნამდვილად არ არის აფხაზეთის რესპუბლიკა”.

აფხაზეთის ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ასიდა ლომია ინალ არძინბას განცხადებას, რომ აფხაზეთში ორმხრივი პროექტების განხორციელება საქართველოს ინტერესებში  შედის, პასუხობს, რომ საქართველოს ინტერესებში სწორედ აფხაზეთის იზოლაციაა.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიზნებსა და ამოცანებს – მათი მიზნები ჩვენთვის ცნობილია. აფხაზეთის სრული იზოლაცია და მისი დატოვება ყველანაირი დახმარების გარეშე. ესაა საქართველოს ხელისუფლების ინტერესი და არა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ორგანიზაციებისა”.

იზოლდა ხაგბა აფხაზურ-აბაზური მსოფლიო კონგრესის წევრი, დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ პრობლემურ საკითხს აგვარებენ, რომელიც სახელმწიფოს მძიმე ტვირთად აწევს.

“მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ თუ აფხაზეთში ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, დაფინანსების წყაროს დამოუკიდებლად, შეთანხმდება და შეაჩერებს საკუთარ საქმიანობას ერთი ან ორი წლით, ვერც ერთი მთავრობა ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ქვეყანაში ცხოვრების ისედაც დაბალი დონე იმდენად დაეცემა, რომ ნებისმიერ ხელისუფალს “წალეკავს”.

აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები შეშფოთებული არიან იმით, რომ ბევრი ადამიანი აფხაზეთში სიხარულით შეხვდა აკრძალვებსა და უცხოური ქვეყნის ჯაშუშების შესახებ კანონის მიღების ინიციატივას. ისინი არა მხოლოდ მიესალმებიან არძინბას ინიციატივას, ყველას, ვინც არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს, სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ. ფსიქოლოგი ელანა ქორთუა, საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი პროექტის მონაწილე, არძინბას ახალ ინიციატივებზე ამბობს:

“ყველაზე სევდიანი ისაა, რომ უნდა ამტკიცო აფხაზეთის სიყვარული; ან როცა მოულოდნელად ვიღაც ცდილობს გაგრძნობინოს, რომ რაღაც დააშავე და არ ხარ კარგი ადამიანი, შენში ეჭვი შეაქვთ, შენს დევნას იწყებენ და სამშობლოს ღალატში ბრალს გდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხარ დაკავშირებული, ან უბრალოდ პატივს სცემ ამ ორგანიზაციების საქმიანობას”.

სამოქალაქო საზოგადოებაში საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის ინიციატივებისა და ჯაშუშებზე კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებამ გაავრცელა “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მიმართვა”, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ კანონის მიღება აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს და ირიბად დაადასტურებს იმას, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია.

მიმართვის დოკუმენტს ხელი 400-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა, მათ უმრავლესობას არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რაიმე შეხება, თუმცა ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მუშაობა და  აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი