სამხრეთ კავკასიის ამბები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების მფლობელები ევროპაში ვერ წავლენ

12 ოქტომბერი, 2022 • 2156
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების მფლობელები ევროპაში ვერ წავლენ

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, საბჭოს დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ევროკავშირის საბჭო იუწყება, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის „გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე“ უკრაინის მიმართ და ასევე პასუხია „რუსეთის პრაქტიკაზე, გასცეს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე რუსული საერთაშორისო პასპორტები“.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების, – დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, – დარღვევას. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, – განაცხადა ვიტ რაკუსანმა, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა [ჩეხეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტია].

ოფიციალური წყაროს თანახმადვე, უახლოეს პერიოდში ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება ევროპარლამენტთან, რომელიც ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დაადასტურებს.

ამავე წყაროს თანახმად, ამ რეგიონებში გაცემული რუსულ პასპორტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები „ან უკვე არ აღიარებენ, ან არაღიარების პროცესში არიან“.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა ძალიან დიდ ნაწილს რუსული პასპორტი აქვს.

რუსეთმა თავისი პასპორტების გაცემა აქტიურად დაიწყო უკრაინის ანექსირებულ ოლქებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი