სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსები აფხაზეთში სახლებს აკრძალვის მიუხედავად ყიდულობენ

27 მაისი, 2022 • 1262
რუსები აფხაზეთში სახლებს აკრძალვის მიუხედავად ყიდულობენ

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთში უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხი პერიოდულად დღის წესრიგში დგება ხოლმე. თუმცა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს თემა სხვადახვა დონეზე უპრეცედენტოდ ხშირად განიხილება. 

რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში, უკვე აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოში [რუსეთი-ბელარუსი] გაერთიანების პერსპექტივის კონტექტსში ალაპარკდნენ. 

დსთ-ის საკითებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესაძლო შესვლა ხელს შეუწყობდა რიგი საკითხების მოგვარებას. მათ შორის, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კვეთის რეჟიმის გამარტივებას [როგორც რუსეთ-ბელარუსის შემთხვევაში] და ასევე, ეს შექმნიდა საფუძველს, უფრო მარტივად მოგვარდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში მიწების შესყიდვის საკითხი. 

თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე [ბინა, სახლი], კომერციული ტიპის უძრავი ქონების ყიდვა არარეზიდენტებისთვის ისედაც არ არის შეზღუდული.

ამის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები დიდი ხანია აფხაზეთში საცხოვრებელ უძრავ ქონებას ყიდულობენ. ამისთვის კი, რამდენიმე ლეგალური და ნაკლებად ლეგალური გზა არსებობს. 

პირველი – აფხაზეთის იუსტიციის  სამინისტროში დაარეგისტრირო რუსულ-აფხაზური ერთობლივი საწარმო ან კომპანია, გააფორმო აღნიშნულ კომპანიაზე საცხოვრებელი ბინა და შემდეგ ამ სტატუსითვე გადასცე ის რუს მფლობელს საცხოვრებლად.

ამგვარი გარიგებების დროს, აფხაზეთის ბიუჯეტში ფულიც მეტი შედის, ელექტროენერგიაზე და წყალზეც მეტი ტარიფია, მაგრამ რუსეთის გადასახადებთან შედარებით – მაინც ბევრად იაფი. 

მეორე, არალეგალური ვარიანტია გამოიყენო საცხოვრებლად ის უძრავი ქონება, რომელიც სხვა ადამიანზე, აფხაზეთის მოქალაქეზეა გაფორმებული.

აფხაზეთის მოქალაქეს საკუთრების გაყიდვა ნებისმიერ რუსეთის მოქალაქეზე შეუძლია, თუმცა ამას ოფიციალურად ვერ გააფორმებს. შესაბამისად, გარიგება უფრო კეთილსინდისიერ მეპატრონესთან შეთანხმებას ეფუძნება. ასეთი შემთხვევები აფხაზეთში ბევრია, ისევე როგორც, თაღლითობის შემთხვევები – მაგალითად, როდესაც მეპატრონეებმა ერთი და იგივე ბინა ერთდროულად რამდენიმე ადამიანზე გაყიდეს. სასამართლო დავები კი ასეთ საქმეებზე, თითქმის, არასოდეს დასრულებულა მყიდველის სასარგებლოდ. 

თუმცა, რუსებისთვის, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, ჰქონდეთ “სახლი ზღვასთან” შეღავათიანი ფასით, ასეთი სქემა უფრო ხშირად მისაღები ხდება, ვიდრე ხანგრძლივი პროცესი აფხაზური პასპორტის მისაღებად.

აფხაზური პასპორტის მიღება რთული პროცესია. არსებობს ორი საშუალება, გახდე აფხაზეთის მოქალაქე. პირველი  – მიიღო მოქალაქეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული კომისიის გავლით.

იმისთვის, რომ კომისიამ მოქალაქეობაზე განაცხადი განიხილოს, საჭიროა, აფხაზური ენის ფლობისა და აფხაზეთის კონსტიტუციის გამოცდები, სამედიცინო ცნობა, რომ არ გაქვს აივ-ინფექცია, ასევე, ორგანიზაციის ან გავლენიანი პირის შუამდგომლობა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეობის მიღების სურვილის თუ საჭიროების არგუმენტად გამოდგება. 

მეორე საშუალება აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებისა არის მისი დამსახურება. ასეთ დროს, მოქალაქეობას უშუალოდ პრეზიდენტი ანიჭებს. ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ არტისტი სწორედ ამ გზით გახდა აფხაზეთის მოქალაქე და რომელთაც მოგვიანებით, ბიჭვინთაში, გაგრასა და სოხუმში აგარაკები შეიძინეს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მიწის გაყიდვა და ყიდვა აფხაზეთში საერთოდ იკრძალება – მას მხოლოდ იჯარით გადასცემენ სხვა პირს. როდესაც განცხადებებში წერენ, რომ იყიდება მიწის ნაკვეთი, იგულისხმება ის, რომ იყიდება ნებართვა აღნიშნულ ნაკვეთზე მშენებლობისთვის. 

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს აფხაზეთის ხელისუფლება დაითანხმოს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვისას დაიკანონონ შეძენილი ქონება. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, აფხაზები ბევრჯერ გაკიცხვის ობიექტიც გამხდარან მოსკოვის მხრიდან.

“მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს”, – განაცხადა რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კითხვაზე აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით 2020 წელს.

მოსკოვის მხრიდან უკანასკნელ განცხადებაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ზატულინმა უსაფუძვლო უწოდა “აფხაზების შიშს”, რომ რუსებისთვის მიწების მიყიდვით ვეღარ იქნებიან აფხაზეთის ბატონ-პატრონები და აფხაზებს ირიბად უთხრა, რომ თუ განვითარების სურვილი აქვთ, სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. 

​​“ამ საკითხის გადაწყვეტა ფერხდება აფხაზურ საზოგადოებაში “დარჩენილი შიშების” გამო. აფხაზეთის ოპოზიცია ცდილობს დანერგოს აზრი, რომ თუკი ამას დაუშვებენ დღეს, ხვალ აფხაზები აღარ იქნებიან ქვეყნის ბატონ-პატრონები. თუმცა, ხომ ცხადია, რომ აფხაზეთიდან მიწას ვერავინ გაიტანს, მსგავსი შიშები აფხაზეთის განვითარებას აფერხებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი