სამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზური ცუგცვანგი ბიჭვინთაში” – დავით ჯიშკარიანი

27 ივლისი, 2022 • 2358
“აფხაზური ცუგცვანგი ბიჭვინთაში” – დავით ჯიშკარიანი

აფხაზეთში საკურორტო სეზონი დაწყო. პრაქტიკულად არ არსებობს საიმიჯო კლიპი, პოსტერი ან საცნობარო ბუკლეტი, სადაც ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკები არაა ასახული.  ეს ინფრასტრუქტურა საბჭოთა დროს აშენდა და თავიდანვე ელიტურ დასასვენებელ ადგილად მიიჩნეოდა.  მშვიდი და სუფთა ზღვა, მთის ჰაერი, უნიკალური ტყის მასივი, ეს ყველაფერი იდეალურ გარემოს ქმნის დასასვენებლად.

2022 წლის ზაფხულში კი ამ საკურორტო ადგილმა მორიგ ჯერზე გამოიწვია აფხაზური საზოგადოების მღელვარება, რომელიც ნელ-ნელა პოლიტიკურ კრიზისში იზრდება. ამის მიზეზი კი აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, მოხდეს სანატორიუმებისა და მიმდებარე ტყის მასივის რუსეთისათვის 49 წლით გადაცემა. 

აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ჩანს, რომ საკითხისადმი განწყობა ერთიანი არაა.  მას მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც ჰყავს. თუმცა მოწინააღმდეგეები უფრო ბევრია, ვიდრე მომხრეები.

ბიჭვინთის სანატორიუმების შენობები ვლადისლავ არძინბამ რუსეთის არმიას საცხოვრებლად ჯერ კიდევ 1995 წელს გადასცა. მისი ტერიტორია დღემდე მავთუხლართებით არის შემოღობილი.  აფხაზეთის საზოგადოებისა და დამსვენებელთა უმეტესობისათვის ამ ადგილით სარგებლობა არც აქამდე იყო სრულიად და უპრობლემოდ ხელმისაწვდომი. მაშინ რამ გამოწვია კრიზისი და რატომაა მისი გადაცემა ასე რთულად აღსაქმელი აფხაზი საზოგადოებისათვის?

1995 წელს, როდესაც ეს ნაბიჯი ვლადისლავ არძინბამ გადადგა, მის ამ გადაწყვეტილებას დიდი განგაში და კამათი არ მოჰყოლია. ომი ახალი დამთავრებული იყო, არძინბა საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობითა და ლეგიტიმაციით სარგებლობდა.  დროთა განმავლობაში აფხაზურმა პოლიტიკურმა ელიტამ დაკარგა საზოგადოების ნდობა, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, აფხაზეთში აღარა. პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს არ ენდობიან, იბრძვიან რესურსებზე კონტროლისათვის და ნაციონალურ გრძნობების მანიპულირებით ცდილობენ ძალაუფლებაში მოსვლას ან დარჩენას.

აფხაზეთში ბიჭვინთის სანატორიუმებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საკითხი გახდა.  ოპოზიცია ასლან ბჟანიას ხელისუფლებას სამშობლოს ღალატსა და ეროვნული ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებს. ბჟანიას გუნდი და მის გარემოცვა კი ამ ნაბიჯს სტრატეგიული მიზნებით ხსნის. ოპოზიციას, კრიტიკის მიუხედავად, არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოიქცევა თავად მსგავს სიტუაციაში და რა არის მისი გრძელვადიანი ხედვა ამ საკითხზე. ჩანს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით თავადაც არ არის ბედნიერი და ცდილობს მოსკოვში მოაგვარონ ეს საკითხი – თუმცა, ჯერჯერობით, საკმაოდ უშედეგოდ.

არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დისკუსიის მიღმაა, თუმცა განხილვა მაინც საჭიროებს.  აფხაზეთის ინტელიგენცია და პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ დაპირისპირებას თბილისთან არიან ჩვეულნი.  თბილისის პოლიტიკით განაწყენებულები მოსკოვში ცდილობდნენ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას. ეს მეთოდი და ბრძოლის გზა ბევრჯერ ჰქონდათ გამოყენებული და ხშირად წარმატებითაც.  ამ გზით, თბილისით უკმაყოფილონი წერილს გააგზავნიდნენ მოსკოვში, პოლიტიკური ცენტრიდან ჩამოსული კომისია კი  თბილისს „ჩაუკაკუნებდა თავში“. თუმცა ახლა დრო შეიცვალა.

2022 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებამ გააპროტესტა ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა აქტივობებში აფხაზი მონაწილეების მონაწილეობას ზღუდავდა.  მიუხედავად საპროტესტო წერილის მასშტაბურობისა, ამ პროტესტს  შედეგი არ მოჰყოლია. პოლიტიკურმა ელიტამ ბიჭვინთის საკითხის მიმართაც დაახლოებით ასეთი პოზიცია დაიჭირა -კი ბატონო, პროტესტის უფლება ყველას აქვს, გააპროტესტეთ.  არც გამპროტესტებლებს გამოუდიათ თავი და ყველაფერი მალე ჩაწყნარდა. თბილისთან დაპირისპირების დროს კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს კი მოსკოვთან ბრძოლის არც გამოცდილება და არც ცოდნა გააჩნია. ამ რეალობაში გამოსავალი აქტივისტების მხრიდანაც არ ჩანს.

გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთის ეკონომიკა თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. ადმინისტრაციული ხარჯები, როგორიცაა ხელფასი, პენსია და სხვა სახელმწიფო ვალდებულებები, რუსული ფულით იფარება. წლების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ჩნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ   რუს ბიზნესმენებსა თუ ინვესტორებს ადგილობრივები ავიწროებდნენ, აყაჩაღებდნენ ან ცდილობდნენ მათგან უსაფრთხოების სანაცვლოდ წილი მოეთხოვათ. ეს რუსების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს.

აფხაზეთში არსებული ეთნოკრატია არამარტო პოლიტიკურ სივრცეზე – ეკონომიკაზეც ვრცელდება. სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები ეთნიკური აფხაზების ხელშია, რომლებიც ამ საკუთარი ეთნოკრატიის საშუალებით ცდილობენ მათზე კონტროლის დამყარებასა და გაძლიერებას. ბიჭვინთის გასხვისება სიმპტომატური მოვლენაა, ეს ეთნოკრატიული ბიზნესის დასასრულის დასაწყისია. ამ ნაბიჯით აფხაზეთში ბიზნესის კეთებას რუსები დაიწყებენ, რაც აფხაზეთის ხელისუფლების მიერ არის ლეგალიზებული.  აფხაზური ბიზნესი კი ვეღარ იქნება მხოლოდ რესპუბლიკური მასშტაბის, ვერც ბიზნესმენებს შეავიწროებს ვინმე და უფრო მეტიც, მცირე აფხაზეთი უფრო დიდი, რუსული ბაზრის ნაწილი ხდება.  რუსულ ბიზნესს კი  საკუთარი წესები აქვს და ეთნოკრატიას არავინ მოითმენს.  აფხაზები ამ გლობალურ ბაზარში კონკურენციისათვის სრულიად არ არიან მზად.

რუსეთმა ამ ნაბიჯით აფხაზებს მიანიშნა, რომ მათი მხარდაჭერა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით არ ხდება. ამისთვის საფასურის გადახდაცაა საჭირო და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

აფხაზები ვაჭრობას არიან შეჩვეული საქართველოსა და რუსეთს შორის, როდესაც ისინი ორი ინტერესის ცენტრს შორის ლავირებდნენ. საქართველო ამ თამაშს გამოთიშულია. თბილისში მმართველი გუნდი ამ სიტუაციას უგულებელყოფს.  ამაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც მეტყველებს „”მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან.”

ბიჭვინთის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ამ დროისათვის საჭადრაკო ცუგცვანგს ჰგავს, ყველა ნაბიჯი აფხაზებისათვის წამგებიანია. დღეის მონაცემებით ჩანს, რომ მათ უბრალოდ  გამოსავალი არ აქვთ. შეძლებენ თუ არა ისინი ადეკვატურად სიტუაციის გაანალიზებას და მომავლის დაგეგმვას, ახლა რთული სათქმელია.  ამ ცუგცვანგში აფხაზებისთვის ერთი რეალობა იკვეთება, დასრულდა ქართველებთან უკმაყოფილების, მათთან ბრძოლისა და მხოლოდ მათი „მტრის ხატად“ აღქმის დრო. შეძლებენ თუ არა ისინი სიტუაციის ადეკვატურ ანალიზსა და მოქმედებას, ამას დრო გვიჩვენებს.  აფხაზებისთვის ახალი ეტაპი იწყება – ეს არის რუსეთთან უკმაყოფლების ხანა, ქართველებთან პრობლემებმა, ამ შემთხვევაში, მეორე პლანზე გადაიწია.   


მასალების გადაბეჭდვის წესი