სამხრეთ კავკასიის ამბები

“ხადიჯას პროექტი” საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა

9 აპრილი, 2016 • 1395
“ხადიჯას პროექტი” საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა

გამომძიებელ რეპორტიორთა საერთაშორისო ორგანიზაციამ (IRE) 2015 წლის პრემიის ლაურეატები გამოავლინა, მათ შორისაა “ხადიჯას პროექტი”, რომელიც ერთ-ერთი მთავარი, ტომ რეინერის პრემიის ლაურეატი გახდა.

“ხადიჯას პროექტი” – ეს არის შეტყობინებების, სტატიების, ფოტოებისა და ვიდეომასალების ქსელი, რომლებსაც ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების შემდეგ მისი კოლეგები და მხარდამჭერები ავრცელებდნენ. პროექტი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. მისი მიზანი იყო აზერბაიჯანში დაპატიმრებული გამომძიებელი ჟუნრალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მიერ დაწყებული გამოძიებების გაგრძელება. ერთი წლის განმავლობაში 10 ზე მეტი გამოძიება ჩატარდა და გამოქვეყნდა.

“გამოძიებებს ის ჟურნალისტები ატარებდნენ, რომლებიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელში -OCCRP არიან გაერთიანებული. ეს მასალებიც მათ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ეს არიან ჟურნალისტები, როგორც აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი სახელები არ საჯაროვდება მათივე უსაფრთხოების მიზნით. საგამოძიებო მასალები ძირითადად აზერბაიჯანის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტ ალიევისა და მისი ოჯახის კორუფციულ გარიგებებსა და მათ უკანონო ბიზნეს საქმიანობებს შეეხება”, -ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ხადიჯა ისმაილოვას მეგობარი და კოლეგა, სამირა აჰმედბეილი.

დაჯილდოების ცერემონია ნიუ ორლეანში 2016 წლის 18 ივნისს გაიმართება.

ხადიჯა ისმაილოვა რადიო თავისუფალი ევროპის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც 2015 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატირების ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნი 2016 წლის იანვარში გამოვიდა. უფლებადამცველი, იურისტი ამალ კლუნი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას უფლებების დაცვისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი