სამხრეთ კავკასიის ამბები

კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელსაც აზერბაიჯანიდან გასვლას უკრძალავენ

23 მარტი, 2016 • 1124
კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელსაც აზერბაიჯანიდან გასვლას უკრძალავენ

იზოლდა აგაევა რიგით მეორე ჟურნალისტია, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანი ვერ დატოვა – სასაზღვრო სამსახურმა დასაბუთების გარეშე ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცა.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, 21 მარტს თურქეთში მიემგზავრებოდა. ქვეყნიდან გასვლის მიზეზი კი მისთვის არავის განუმარტავს.

იგი აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ოპონენტად გამოცხადებულ Meydan Tv-სთან თანამშრომლობს და მათთვის საგამოძიებო სტატიებს ამზადებს.

2015 წლის სექტემბერშიი ზოლდა აგაევა ამავე გამოცემის [Meydan TV] სხვა ორ ჟურნალისტთან ერთად ქუჩაში პოლიციამ დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა.

MeydanTV-ის საქმიანობა აზერბაიჯანში ანტისახელისუფლებოდ არის მიჩნეული. მისი ხელმძღვანელი და მაიდან ტვ-ის სხვა ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო არაერთხელ გამხდარან მუქარის ადრესატები აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან.

აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ 20 მარტს აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და ბლოგერს გულერ მეჰდიზადესაც არ დაატოვებინა ქვეყანა.

 აზერბაიჯანში ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული მედიაორგანიზაციები დახურეს. სხვადასხვა საბაბით მუშაობის უფლება შეუზღუდეს ან დააპატიმრეს ის ჟურნალისტები, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. მათ შორისაა რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. მსგავსი ზეწოლა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ასევე უფლებადამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ხორციელდება.

იზოლდა აგაევა; ფოტო: იზოლდა აგაევას ფეისბუკის გვერდი

იზოლდა აგაევა; ფოტო: იზოლდა აგაევას ფეისბუკის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი