ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ემუქრებიან Meydan TV–ის დირექტორს? – რეპრესიების ახალი ტალღა აზერბაიჯანში

20 ივლისი, 2015 • • 1946
რატომ ემუქრებიან Meydan TV–ის დირექტორს? – რეპრესიების ახალი ტალღა აზერბაიჯანში

ევროპული თამაშები დასრულდა. Meydan TV–ის წინააღმდეგ კი რეპრესიები დაიწყო,“ – ეს პოსტი „მეიდან ტვ“–ის დირექტორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა და ცნობილმა უფლებადამცველმა ემინ მილიმ „ბაქო 2015“–ის დახურვის საზეიმო ცერემონიის ჩატარებიდან ორ დღეში, 30 ივნისს გამოაქვეყნა ფეისბუკში.


მილი ვარაუდობს, რომ ამჟამად ხელისუფლების სამიზნე სწორედ ტელეკომპანია „მეიდან ტვ“და მისი თანამშრომლები არიან:


აშკარაა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები Meydan TV–ის წინააღმდეგ „ევროპული თამაშების“ დასრულებიდან მეორე დღესვე. ონლაინ ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტს აუკრძალეს აზერბაიჯანის დატოვება, გააჩერეს საზღვარზე და არ მისცეს მოკლე მანძილზე – თბილისამდე გამგზავრების უფლება.


წინა საქმეებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს Meydan TV–ის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ემინ მილიმ.


მისივე თქმით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის „ხალხმა მუქარა აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც დაიწყო“. ბერლინში დაფუძნებული ონლაინ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც თავადაც გერმანიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მან აზერბაიჯანის სპორტის მინისტრ აზად რაჰიმოვისგან ასეთი გზავნილი მიიღო: „გიპოვით, სადაც არ უნდა იყოთ და დაგსჯით სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი ცილისმწამებლური კამპანიის გამო, რომლის ორგანიზებასაც ახდენთ. ამისთვის დაისჯებით, თავისუფლად ვერ ივლით ვერც ბერლინში და ვერც სხვაგან. ეს უნდა იცოდეთ“.

ემინ მილი, ფოტო: ემინ მილის ფეისბუკის გვერდიდან
ემინ მილი, ფოტო: ემინ მილის ფეისბუკის გვერდიდან

Meydan TV 2013 წელს დაფუძნდა და აუდიტორიას ალტერნატიულ ახალ ამბებს სთავაზობს აზერბაიჯანიდან. ევროპული თამაშების დროს Meydan TV–ის მასალები ფართოდ გამოიყენებოდა საერთაშორისო მედიის მიერ, მათ შორის იყო კრიტიკული კარიკატურები და ისტორიები ევროპული თამაშების, კორუფციისა და რეპრესიების შესახებ ქვეყანაში.


ამ ფაქტებს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შეშფოთება გამოხატეს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის მორიგი ტალღის გამო, ამჯერად უკვე ევროპული თამაშების შემდეგ.


ვშიშობთ, რომ მზარდი ზეწოლა არის ახალი დევნის დასაწყისი, რომლის სამიზნე ამჯერად მეიდან ტვ–ის თანამშრომლები იქნებიან… ევროპული თამაშების მედიაგეგმის ჩავარდნის შედეგად განრისხებული ხელისუფლება, იმისათვის, რომ დამალოს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები, განტევების ვაცს მეიდან ტვ–ში ეძებს. საერთაშორისო ყურადღება არ უნდა მოდუნდეს აზერბაიჯანის მიმართ. პირიქით, საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა აჩვენოს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმს, რომ კვლავაც ახლოდან ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას,“ – განაცხადა ჯოან ბიჰრმა, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა.


აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში აზერბაიჯანს 180 ქვეყანას შორის 162–ე ადგილი უკავია.


ფეისბუკში, ერთ–ერთ პოსტში მილიმ დაწერა:


რამე რომ დამემართოს, ეს ილჰამ ალიევის ბრძანებით მოხდება. იმის მიუხედავად, რომ მათ მოკლეს ელმარი (ელმარ ჰუსეინოვი, ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც 2005 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 2005 წელს, ავტ.) და დააპატიმრეს ხადიჯა (ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება გასული წლის დეკემბრიდან, ავტ.), და იმის მიუხედავად, რაც შეიძლება დამმართონ მე ხვალ, დარწმუნებული ვარ, ახალი ხალხი გამოვა და ეს ბრძოლა არ დასრულდება. მჯერა, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილია“.


კამპანია „სპორტი უფლებებისთვის“, რომელიც აზერბაიჯანში სამოქალაქო სექტორის დევნის წინააღმდეგ შეიქმნა, მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, შეწყვიტოს მიმდინარე ძალისხმევა კრიტიკული ხმის ჩასახშობად და გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა გააუმჯობესოს ფუნდამენტური უფლებები ქვეყანაში, მათ შორის გაათავისუფლოს ჟურნალისტები და უფლებადამცველები, რომლებიც ამჟამად გისოსებს მიღმა არიან პოლიტიკური მიზეზების გამო.


კამპანია ასევე მოუწოდებს ევროპულ ოლიმპიურ კომიტეტს, ღიად ისაუბრონ და დაგმონ მილის წინააღმდეგ მუქარა, როგორც ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ადამიანის უფლებების დევნის მაგალითი.


დაბოლოს, „სპორტი უფლებებისთვის“ მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, უზრუნველყონ მილის სრული დაცვა, რადგან მის წინააღმდეგ ადგილი აქვს სერიოზულ მუქარას.


ამ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეებში სულ მცირე 20 სინდისის პატიმარია, რომლებიც სასჯელს მათი სამოქალაქო აქტივიზმისა და მთავრობის ოპონირებისთვის იხდიან. ამ ფაქტების მიჩქმალვას ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ ევროპული თამაშების გახსნამდე აზერბაიჯანში ანგარიშის პრეზენტაციის უფლება არ მისცეს „ამნესტი ინტერნეიშენალს“, ხოლო თამაშების გასაშუქებლად ქვეყანაში საერთოდ არ შეუშვეს „გარდიანის“, „ფრანს ინტერნაციონალის“ და გერმანიის სამაუწყებლო კომპანია ARD–ის წარმომადგენლები.


განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა შიდა დევნის შემდეგ, ევროპული თამაშების დაწყებამდე ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ მცდელობას, რომ აეცილებინათ საერთაშორისო წნეხი, როცა აკრძალეს საერთაშორისო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუკი აზერბაიჯანის მთავრობამ რაიმე ისწავლა მედიაში ნეგატიური გაშუქებისგან ადამიანის უფლებების შესახებ, ამან უნდა აჩვენოს, რომ არასამთავრობოების და მედიის აკრძალვა არ არის კარგი პიარი. მათ უნდა შეწყვიტონ იმ ადამიანების შეჩერება, შეურაცხყოფა და დაშინება, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას,“ – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International–ის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ.


ალიევი, შესაძლოა, ფიქრობდა კიდეც, რომ მისი რეჟიმის რეპუტაცია შეილახებოდა თამაშების შედეგად, მაგრამ რაც მოხდა, ეს მას კიდევ უფრო გაუცრუებდა იმედებს. ძირითადად, დომინირებდა კონტრასტი: თითოეული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა თამაშების მზადებას, ეთმობოდა ასევე შეშფოთებას ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის გამო,“ – განაცხადა ემინ მილიმ, რომელმაც მთავრობის პიარ გეგმას ევროპული თამაშების შესახებ „საზოგადოებასთან ურთიერთობის საშინელება“ უწოდა.


ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის მთავრობაში მიიჩნევენ, ტრიუმფალურად უმასპინძლეს პირველ ევროპულ თამაშებს:


პირველი ევროპული თამაშები სპორტის ისტორიაში შევა. ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ ბაქოში და რა პოზიტიური უკუკავშირიც მივიღეთ. ეს წარმატებული იყო აზერბაიჯანისთვის და საფუძვლად დაედება მომავალ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ვუმასპინძლებთ. გაშუქებამ … და ჩვენმა პოზიტიურმა გზავნილებმა აზერბაიჯანი წარმოაჩინა მსოფლიოსა და ევროპულ რუკაზე“, – განაცხადა ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა აზად რაჰიმოვმა ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიის შემდეგ.


მომავალ წელს აზერბაიჯანი 42–ე საჭადრაკო ოლიმპიადას და ფორმულა ერთს უმასპინძლებს. აქვე გაიმართება ისლამური სოლიდარობის თამაშები 2017 წელს და საფეხბურთო მატჩები ევრო 2020–ის ფარგლებში.


პირველ ევროპულ თამაშებს აზერბაიჯანის დედაქალაქი 17 დღის მანძილზე მასპინძლობდა. მასში 50–ზე მეტი ქვეყნიდან 6000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა სპორტის 20 სახეობაში. თამაშები 145 ქვეყნის ტელევიზიით გადაიცემოდა, ხოლო გახსნის ცერემონია პირდაპირ ეთერში 120-მა ქვეყანამ გადასცა.


ევროპული თამაშები აზერბაიჯანელი სპორტსმენებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: მათ 18 ოქროს მედლით მეორე ადგილი მოიპოვეს.


ამის მიუხედავად, 17 დღის მანძილზე ამ სპორტულ ღონისძიებას მუდმივ ფონად გასდევდა პოლიტიკური საკითხები აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ამ ღონისძიებას „რეპრესიების თამაში“ უწოდა. ორგანიზაციის შეფასებით, თითქმის ყველა, ვინც ღიად აკრიტიკებდა მთავრობას, ციხეშია, მათ შორის არიან უფლებადამცველი აქტივისტები, იურისტები და ჟურნალისტები.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი