ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეჰმან ჰუსეინოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

2 მარტი, 2019 •
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეჰმან ჰუსეინოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი მეჰმან ჰუსეინოვი 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.

აზერბაიჯანული ონლაინ-გამოცემა ona.az-ის ცნობით, ჰუსეინოვმა, რომელსაც პატიმრობის ვადა ამოეწურა, გათავისუფლების შემდეგ დაღუპული ჟურნალისტის ელმარ ჰუსეინოვის საფლავი მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ მეჰმან ჰუსეინოვი 2017 წლის 3 მარტს დააკავეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2018 წლის დეკემბრის ბოლოს კი ახალი ბრალი წაუყენეს – პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მასზე თავდასხმა, თუმცა მოგვიანებით აზერბაიჯანის პროკურატურამ აღნიშნული საქმის წარმოება შეწყვიტა.


 

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის – “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური რეპორტიორია.

კიდევ ერთი ორგანიზაციის, „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების“ ინსტიტუტის (IRFS-ის) ცნობით, ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება აზერბაიჯანში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე.

მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ – “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნა”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰუსეინოვისა და მის მიერ დაპატიმრებული სხვა ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების გათავისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია სთხოვს, მათ შორის “ამნესტი ინთერნეიშენალი”.

ამავე თემაზე:

თავისუფლება აღარ კმარა, სიცოცხლეც უნდა გავწიროთ – ჰუსეინოვი მეათე დღეა ციხეში შიმშილობს

მასალების გადაბეჭდვის წესი