კომენტარი | , ,

ლინა ღვინიანიძე ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვის შედეგებზე [აუდიო]

1 მარტი, 2016 | | 1541
ლინა ღვინიანიძე ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვის შედეგებზე [აუდიო]

“[მოლაპარაკბების] წარმატების და წარუმატებლობის ინდიკატორი უნდა იყოს  იმ ადამიანების შეფასება, ვისაც უშუალოდ ეხება ის. ამ პროცესს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გარკვეული ტიპის შედეგამდე მივიდა,  მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა”, – ასე აფასებს EMC-ის იურისტი ლინა ღვინიანიძე ნეტგაზეთთან საუბარში ტყიბულში გამართული გაფიცვების შედეგს.

ღვინიანიძე და EMC გაფიცვის პროცესს ტყიბულში აკვირდებოდნენ.

“ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი იყო ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სრულად იყო გამოთიშული მეშახტეთა ძალიან დიდი ჯგუფი და დღეს  მუშებს შორის ერთგვაროვანი პოზიციები შეთანხმების შედეგების შეფასებასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მუშების ნაწილი ამბობდა, რომ ეს იყო მათთვის მისაღები შედეგი, ხოლო ნაწილი აცხადებდა, რომ არ იყო მისაღები. მუშების ნაწილმა არც კი იცის, რა წერია შეთანხმებაში და ესეც ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზია”, – აცხადებს იგი.

2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით ტყიბულში გაფიცულებს საწარმომ მარტიდან დაუყოვნებლივ 7%-იანი სახელფასო ზრდა შესთავაზა, აპრილის დასაწყიში კი დამატებით ხელფასების 3%- იანი ზრდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, სულ კომპანიას სახელფასო ბიუჯეტის 5 პროცენტით გაზრდა უწევს, თუმცა მენეჯერულ რგოლებს ზრდა არ შეეხება და გაფიცულ მაღაროელებს 7 + 3 – პროცენტიანი სახელფასო ზრდა გამოუვა. საწარმო თანახმაა, გაცდენილი დღების ნაწილი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწმუნება, რომ “გადაიხედება”  შრომის პირობებიც.

“ეს გაფიცვა თავიდნავე შეფასდა ლოკალურ პროცესად და სახელმწიფო მედიაციის ფარგლებში ხედავდა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას, თუმცა პროცესმაც აჩვენა, რომ მედიაცია, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში არსებული მექანიზმი, არ იყო ისეთი ეფექტური და მას მოუწია სხვა ტიპის რესურსების გამოყენება პრობლემის მოგვარებისთვის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ  ტყიბულში ან ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის პრობლემა გადაწყდა. მთავარი საკითხი, რომელზე დისკუსიაც უნდა გაგრძელდეს და გახდეს  სახელმწიფოს მუშაობის თუ შეფასების საგანი, არის  ზოგადად დასაქმებულთა მდგომარეობა, განსაკუთრებით ამ ტიპის წარმოებებში. ეს არის მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობა… ამ ნაწილში სახელმწიფოს პოლიტიკა სრულიად არაეფექტურია, პრინციპში, არც აქვს სახელმწიფოს პოლიტიკა”, – აცხადებს იგი.

ლინა ღვინიანიძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ მოუსმინოთ ქვემოთ მუცემული ბმულის მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი