კომენტარი

მარია პლიევა: მე რეპრესირებული ჟურნალისტი ვარ

7 მარტი, 2011 • 1711
მარია პლიევა: მე რეპრესირებული ჟურნალისტი ვარ

მარია პლიევა ბლოგერია, ის “ჟივოი ჟურნალზე” “როკს–ალანას” ფსევდონიმით წერს. ფსევდონიმი მისი როკისადმი სიყვარულის მანიშნებელიცაა.

მარიას ერევანში შევხვდი, სადაც „გოუ–ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიმართა, რომელშიც ცხინვალელი, ვლადიკავკაზელი და თბილისელი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ. ერევნელი კონფლიქტოლოგების მიერ სასემინარო პროგრამა ორიგინალურად იყო შედგენილი. ხელოვნურად შექმნილი და გამოგონილი კონფლიქტური ვითარებიდან კოლეგებს გამოსავალი ერთად უნდა გვეპოვნა. ჰოდა, ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, ფსიქოლოგიურ თამაშებს ვთამაშობდით, გამოსავალს ერთად ვეძებდით და ასე, თამაშ–თამაშით ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. სამ დღეში გავიხსენით და ძალიან დავახლოვდით.

ისევ მარიას დავუბრუნდეთ. პირველივე დღესვე შევთანხმდით, რომ პატარა ინტერვიუს ჩავწერდით ცხინვალის მედიის შესახებ, იქ სიტყვის თავისუფლების და ახალი ჟურნალისტიკის განვითარების თაობაზე, მაგრამ ეს ინტერვიუ  სამი დღის შემდეგ, დამშვიდობების წინა ღამეს შედგა, ალბათ, ასე ჯობდა კიდეც, რადგან უკვე ბევრად მეტი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, ვიდრე – პირველ დღეებში.  ამ საუბარს ინტერვიუსაც ვერ ვუწოდებ, კლასიკური გაგებით, როცა ჟურნალისტი წინასწარ მომზადებული კითხვებით მიდის რესპონდენტთან. ეს უფრო საუბარი იყო, გულწრფელი საუბარი:

–შენი ბავშვობის შესახებ მომიყევი…

–ბორჯომის რაიონში, გუჯარეთის ხეობაში, 27 წლის წინ დავიბადე, გავიზარდე ცხინვალში, ამიტომ მშობლიურ ქალაქად ცხინვალს ვთვლი. ამ ქალაქში მე–6 საშუალო სკოლა დავამთავრე, შემდეგ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

–ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდი?

–ჟურნალისტიკაში შემთხვევით მოვედი, სტუდენტობის პერიოდში ერთდროულად ვმუშაობდი ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “სიმდში”, მოცეკვავე ვიყავი. იმ დროს ერთი სატელევიზიო ჟურნალისტი გავიცანი, რომელმაც ტელევიზიაში მისვლა და იქ საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა შემომთავაზა.  ამავე დროს ქალთა მოძრაობა “მადე არ” (დედის ხელი)–ის წარმომადგენლები გავიცანი. მათ ჰქონდათ დამოუკიდებელი ქალთა ჟურნალი “ამაგა” (სკვითების დედოფლის სახელი). ამ ჟურნალშიც მოხალისედ დავიწყე მუშაობა. დავიწყე რაღაც სტატიების წერა, თან მასწავლიდნენ. ამ  გაზეთის რედაქტორი მაშინ ანა ჩოჩიევა იყო, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ტელევიზიაშიც ჯერ ხმა ჩამაწერინეს, მერე ამ ხმაზე კადრები ავაწყეთ და გადაცემა გამოვიდა, რომელიც ყველას მოეწონა.  მოგვიანებით “ამაგა” დაიხურა, რადგან პროექტი დასრულდა. ეს 2005 წელს ხდებოდა.  2006 წელს ტელევიზიიდანაც წავედი და დიდი ხნით ჟურნალისტიკაში აღარ დავბრუნებულვარ.  ამ პერიოდში არასამთავრობო სექტორში საოფისე საქმიანობით ვიყავი დაკავებული. მოგვიანებით ისევ დავიწყე წერა, ოღონდ არა ოსური საინფორმაციო სააგენტოებისთვის, არამედ რუსულ მედიასთან დავიწყე თანამშრომლობა. 2009 წლის დასაწყისში ინტერნეტგამოცემა “კავკაზსკი უზელისთვის” დავწერე სტატია ცხინვალში კოკოითის მომხრეების მიერ ხალხის პარტიის ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების შესახებ. კოკოითის ხელმძღვანელობით, მისმა მომხრეებმა, კერძოდ, სამშობლოს დამცველთა კავშირის წევრებმა პარტიის დამფუძნებელს ორგანიზაცია ძალით წაართვეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტს და ჟურნალისტს, არ შემეძლო, რომ ამის შესახებ არ დამეწერა.  “კავკაზსკი უზელში” დიდხანს ვმუშაობდი, ერთ წელზე მეტი, ჩემთვის ერთი წელიწადი ერთ ადგილზე მუშაობა ძალიან დიდი დროა.  ამასობაში ცხინვალში გაზეთ “21 – ე საუკუნეშიც” დავიწყე მუშაობა, რომლის რედაქტორი თემურ ცხურბათია. (თემურ ცხოვრებოვი ცოტა ხნის წინ ცხინვალში დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა სასტიკად სცემეს, იმის გამო, რომ ქართველ კოლეგებს, სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში, ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში შეხვდა. ცხოვრებოვი კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოსი ერის ინტერესების გამყიდველად გამოაცხადეს)  ისე მოხდა, რომ ეს გაზეთი მთლიანად მე დამაწვა მხრებზე. მისი გამოშვება, მისი შინაარსი და გაზეთის პოზიცია–ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვიყავი.  ჩვენი შესაძლებლობებით ვაფინანსებდით და თვეში ერთხელ ან ორჯერ ვახერხებდით გამოსვლას.

 

–ახალი მედიის  მიმართ ინტერესი როგორ გაჩნდა?

 

გაზეთის პარალელურად, საკუთარი ბლოგი გავაკეთე და იქაც დავიწყე წერა.  თავიდან პატარა  დღიურს ვაკეთებდი ჩემ შესახებ. არც სტატიებს და არც პოლიტიკურ საკითხებზე არაფერს ვწერდი. შემდეგ უკვე იმის წერა დავიწყე,  თუ რა რთულია იყო დამოუკუდებელი ჟურნალისტი სამხრეთ ოსეთში.  არ მაძლევდნენ აკრედიტაციას. რამდენიმე ღონისძიებიდან და პრესკონფერენციიდან იმის გამო მაგდებდნენ, რომ აკრედიტაცია არ მქონდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ აკრედიტაცია არ მჭირდებოდა, რადგან ადგილობრივ გაზეთში ვმუშაობდი, რომელიც ისედაც აკრედიტებული იყო ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სამინისტროში.  ჩვენი კანონმდებლობით კი, ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს  დამატებითი აკრედიტაცია აღარ სჭირდებათ, მაგრამ მე მაინც მთხოვდნენ აკრედიტაციას, რადგან პარალელურად  რუსული გამოცემისთვისაც ვმუშაობდი, არადა ცხინვალში თითქმის ყველა ადგილობრივი ჟურნალისტი შეთავსებით ამა თუ იმ რუსულ მედიასაშუალებასთანაც თანამშრომლობს, მაგრამ მათ არ სთხოვენ დამატებით აკრედიტაციას.

 

–აქედან იწყება პრობლემები კოკოითის ხელისუფლებასთან?

 

-მე ბევრი პრობლემა მქონდა და მაქვს ხელისუფლებასთან და ამ ყველაფერს ბლოგზე ვწერ. 2010 წლის დასაწყისში გაზეთში ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა და გამოცემა პრექტიკულად შევწყვიტეთ. სხვა მიზეზების გამო “კავკაზსკი უზელიდანაც” წამოვედი, მაგრამ ის, რაც სამხრეთ ოსეთში ხდებოდა, აუცილებლად უნდა დამეწერა.  ამიტომ ბლოგზე დავიწყე აქტიურად წერა.

 

–მას შემდეგ, რაც ბლოგზე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების შესახებ დაიწყე წერა, როგორი იყო ხელისუფლების და საზოგადოების გამოხმაურება?

 

–ხელისუფლების მხრიდან ჩემი ბლოგის შესახებ გამოხმაურება ყოველთვის ნეგატიურია. მათ თვალში მე ვარ ადამიანი, რომელსაც არა აქვს პატრიოტული გრძნობები, მე განხეთქილების შემტანი ვარ საზოგადოებაში და ვარცხვენ ჩვენს სამშობლოს მსოფლიო საზოგადოების წინაშე.  ხელისუფლების გარდა, ასეთ შეფასებას პროსახელისუფლებო მედია და ჟურნალისტებიც მაძლევენ.  მაგალითად, არსებობს ასეთი საინფორმაციო სააგენტო “ოსრადიო”, მისი თანამშრომლები მოსკოვში იმყოფებიან. ისინი მოსკოველი ოსები არიან.  ისინი მარტო გამოხმაურებებს კი არ წერენ, არამედ წერენ სტატიებსა და პოსტებს ბლოგებზე, სადაც შეურაცხყოფას მაყენებენ. რაც შეეხება საზოგადოებას, მან ცოტა ხნის წინ გამიცნო, რადგან ჩვენ ინტერნეტთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გვაქვს. ინტერნეტი ყველას არა აქვს, ვინც წაკითხვას ახერხებს, ის მერე სიტყვიერად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იწერება არასახელისუფლებო მედიაში.  იმ ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, მეც ასე გამიცნეს,  ასე ვთქავათ, სიტყვიერი გადაცემით და როგორც მე მსმენია, ისინი განსხვავებული აზრის გამოჩენას ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ.

 

–ვიცი. რომ ახლა მოსკოვში ცხოვრობ, მშობლებთან ცხინვალში იშვიათად ჩადიხარ. ასე რატომ  ხდება? რეპრესიებია შენ წინააღმდეგ დაწყებული?

–         დიახ, მე რეპრესირებულ ჟურნალისტად მივიჩნევ საკუთარ თავს.  ეს წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება. უკვე დიდი ხანია, რაც წმინდად ჟურნალისტური მიმართულების სტატიებზე და რეპორტაჟებზე აღარ ვმუშაობ. ეს იმის გამო მოხდა, რომ თითქმის ყველამ, ვინც კი ცხინვალში ახალ ამბავს ქმნის, ჩემთან ურთიერთობა აკრძალა. ისინი მარტო კომენტარების მოცემაზე კი არა, საერთოდ შემთხვევით შეხვედრაზეც კი უარს ამბობენ და გამირბიან.  და თუ პროფესიონალ ჟურნალისტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაბალანსებული სტატია დაწეროს, სადაც მრავალი მოსაზრება იქნება ასახული, მაშინ ეს ჟურნალისტი უკვე ვეღარ არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი.  გარდა ამისა, ხშირია მუქარა, ზეწოლა, გარჩევები ჩვენი პარლამენტის დეპუტატების მხრიდან, ინფორმაციის და ბეჭდვითი სიტყვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ჩემი იმიჯი ნეგატიური ყოფილიყო.  მათ ეს გამოუვიდათ, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემთან ურთიერთობის  უკვე უბრალო ადამიანებსაც ეშინოდათ. რესპოდენტებსაც უკვე ეშინიათ ჩემი და ეს იმ სისტემის დამსახურებაა, რასაც კოკოითი ქმნის სამხრეთ ოსეთში.

 

– საერთოდ, ცხინვალში დღეს ვინმე აკეთებს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას?

 

–  ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჩვეენმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა გაზეთმა შეწყვიტა მუშაობა.  მე მხოლოდ ერთი ფაქტი მახარებს.  გადაცემა “ეხო კავკაზას” (რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გადაცემა) ცხინვალში ორი მუდმივი ჟურნალისტი ჰყავს- ზარინა სანაკოევა და ალან ფარასტაევი. ისნი პროსახელისუფლებო ჟურნალისტებისგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.

 

– გაზეთ  “21 საუკუნის” მომავალზე რას ფიქრობ?

 

–ჩვენ გვაქვს სარეგისტრაციო ნომერი და ვფიქრობ, რომ მალე განვაახლებთ მუშაობას.

 

– ბლოგერობა შენთვის რა არის? ეს მხოლოდ ტრიბუნაა შენთვის?

 

–  ჩემთვის ეს მძიმე ვითარებიდან გამოსავალია, რადგან ჩემთან ურთიერთობის ჩვეულებრივ რესპოდენტსაც ეშინია და მოხელესაც. ესე იგი, მე ვერ ვიღებ ინფორმაციის მატარებლებისგან ამ ინფორმაციას.  მაგრამ  ვიღებ ანონიმური წყაროებიდან ინფორმაციას და ხანდახან კომენტარებსაც, მათ შორის სახელისუფლებო კულუარებიდან. მათ იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, ამიტომ არც სრულფასოვანი ჟურნალისტური პროდუქტი გამოდის.  აქედან გამომდინარე, ერთი გამოსავალი რჩება, დავწერო პოსტი და საკუთარი მოსაზრება, ბლოგერის ფორმატი ამის უფლებას და შესაძლებლობას იძლევა.  ამიტომაც ბლოგერობა ჩემთვის გამოსავალია, ასე მე მაქვს შესაძლებლობა მკითხველამდე მივიტანო ალტერნატული ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა ხდება ცხინვალში.

 

–შენს ბოლო პოსტსაც ხმაური მოჰყვა, მის შესახებ მომიყევი.

– ბოლო პოსტი   პარლამენტის დეპუტატის, ბალა ბესტაუთის მიერ ჯაანდაცვის მინისტრის ოთარ გასიევის ცემის ფაქტს ეხებოდა.  ეს იყო ახალი ამბავი, ცხინვალშიც უკვე ყველამ იცოდა, მაგრამ სახელმწიფო მედია ჩუმად იყო.  გავიგე, რომ ოთარ გასიევი ვლადიკავკაზის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.  ამის შესახებ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.  თავიდან თითქოს რამდენიმე წუთს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა?! უნდა დამეწერა არა მარტო დეპუტატის არაეთიკურ ქცევაზე, არამედ იმაზე, რომ ეს ქცევა ჩემს სამშობლოს არცხვენს, როცა ხალხის მიერ არჩეული მუშტი–კრივით არჩევს საქმეს სხვა მოხელესთან.  ეს პოსტი უნდა ყოფილიყო ადამიანზე, ბალა ბესტაუთიზე, ძალიან ცნობილ საველე მეთაურზე, რომლის სახელიც ხელშეუხებლად ითვლება, როგორც ჟურნალისტებისთვის ასევე საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც.  მე ვიცოდი ამის შესახებ, ვიცოდი, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც თვითონ მინისტრის ცემის ფაქტს გმობდნენ, ასევე დაგმობდნენ ჩემს პოსტს, მხოლოდ იმის გამო, რომ ბალა ბესტაუთის ვეხებოდი. ამის მიუხედავად, მე ჩემს მოვალეობად ვთვლი, მკითხველს ასეთი ფაქტების შესახებ ვუამბო, რომ მომავალში აღარ განმეორდეს. ეს უფრო მთავარია ჩემთვის, ვიდრე ომის მონაწილე ერთი საველე მეთაურის სახელი. მე დავწერე ამის შესახებ და ჩემს პრაქტიკაში პირველად ბლოგერის ჩანაწერი სხვა მედიასაშუალებებისთვის წყაროდ იქცა. მასზე დაყრდნობით მომზადდა არაერთი სტატია. ამის შემდეგ ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ჩვენი პრეზიდენტის პიარზე მუშაობენ,  ისევ დაიწყეს ჩემზე ზეწოლა.

–ამის შემდეგაც არ დაინტერესდა ცემის ფაქტით ოსური პრესა?

–„ოსრადიომ“ გამოაქვეყნა სტატია.  იქ დაწერილი იყო იმის შესახებ, თუ რა დესპოტი იყო ჯანდაცვის მინისტრი, როგორ ექცეოდა იგი თანამშრომლებს და როგორ გააგდო სამსახურიდან ბალა ბესტაუთის მეუღლე მადინა ჩეხოევა. ამის გამო მოხდა დეპუტატს და მინისტრს შორის კონფლიქტი. და ისინი წერდნენ, რომ ბალას, როგორც კავკასიელ ვაჟკაცს, არ შეეძლო რეაგირება არ მოეხდინა ამ ფაქტზე.

–თითქმის ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე გარკვეული სახის ზეწოლა ყოფილა. მე ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან სოლიდარობის გარკვეული გამოვლინებები მაინც არსებობს. ბოლოს და ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავ. ეს სოლიდარობა კი თითქოს გეხმარება პრობლემის დაძლევაში. შენ და თემური სულ მარტო ხართ. ასეთ გარემოში თავს როგორ გრძნობთ?

–მე ვთვლი, რომ ჩემი საქმე ძალიან საჭიროა. თუ ჩემნაირები არ იქნებიან, მაშინ არც ჩვენს სახელმწიფოს და არც საზოგადოებას მომავალი არ ექნება. იმიტომ, რომ დამოუკიდებელი მედიის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების  გარეშე ვერც ერთი სახელმწიფო, მითუმეტეს აუღიარებელი, ვერ ივლის პროგრესის გზაზე.  ამის გარეშე ვერც ერთი საზოგადოება ფეხზე ვერ დადგება.  მქონდა რთული მომენტები, მიფიქრია ეს ყველაფერი მიმეტოვებინა და მეცხოვრა მშვიდად, მაგრამ მერე აზრს უკვე ვეღარ ვხედავდი ჩემს საქმეში. მაშინ ჟურნალისტიკაც სულ უნდა მიმეტოვებინა.  სხვა სფეროებში კი ასე კომფორტულად თავი არ მიგრძვნია, როგორც ჟურნალისტიკაში. მიცდია საქმიანობა იურისპრუდენციაში, სამსახიობო ხელოვნებაშიც, მაგრამ მე იქ საკუთარი თავი ვერ ვიპოვნე, მე აქ, ჟურნალისტიკაში ვიპოვნე საკუთარი თავი. დღევანდელ ჩემს საქმიანობას შეიძლება არც ჰქვია ჟურნალისტიკა, მე უფრო ბლოგერი ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის ინფორმაციაა, ეს ჩემთვის სამოქალაქო აქტიურობაა.  თუ ეს არ მექნება, მაშინ ცხოვრების აზრსაც ვეღარ ვხედავ.

–შენ ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრი ხარ. ფორუმის წევრებზე რომ კოკოითის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, ეს თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტიდანაც ჩანს, შენც ვერ ჩადიხარ ცხინვალში თავისუფლად. ამდენი პრობლემების მიუხედავად ქართველებს მაინც ხვდები , ამას რატომ აკეთებ?

–მე მიმაჩნია, რომ თუ ქართული საზოგადოების წევრებს არ შევხვდებით, ვერასოდეს გავუგებთ ერთმანეთს და მთელი ცხოვრება ომი გვექნება. ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის, გარკვეულ საკითხებში გაგების და კონტაქტების უქონლობას აგრესიამდე მივყავართ, აგრესია ზიზღს იწვევს, ზიზღს ომი მოსდევს.  ამ შემთხვევაში ჩვენს ომებს და კონფლიქტებს დასასრული არ ექნება. მე კი მინდა, რომ ჩემი შემდგომი თაობა მაინც ცხოვრობდეს მშვიდობიან პერიოდში.  ჩემს თაობას არ გაუმართლა, 6 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ომის მეტი არაფერი მინახავს. მე არ მინდა, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ მაგივრად არავინ ილაპარაკებს მშვიდობაზე, ზუსტად ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, შუამავლების გარეშე, ამიტომ ველაპარაკები ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს და ამიტომაა ასეთი შეხვედრები აუცილებელი.

ჩვენი საუბარი აქ დასრულდა. დამშვიდობებისას მარიამ ერთი ქართული სიმღერის ნაწყვეტი წაიმღერა – თოვლიანი მთებ , თოვლიანი გზები, ნეტავ, სად მიდიან სიყრმის მეგობრები.

–გოგა, ამ სიმღერის ტექსტი არ იციო?– მკითხა. მე ტექსტი არ ვიცი, არც მარიას სიყრმის მეგობარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი