კომენტარი

„აშშ–ს პრიორიტეტებში საქართველოს დაბლა ჩამოჩოჩების ტენდენციაა“

17 იანვარი, 2011 • 974
„აშშ–ს პრიორიტეტებში საქართველოს დაბლა ჩამოჩოჩების ტენდენციაა“

გასული წლის მანძილზე ანალიტიკოსების ნაწილი წერდა, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები შეიცვალა.

უდავოა, რომ საქართველოს აღარ აქვს ისეთი ურთიერთობა ამერიკასთან, როგორც ბუშის ადმინისტრაციის დროს ჰქონდა.

ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ობამამ პრიორიტეტები გადასინჯა. ზოგადად, ევროპა და აღმოსავლეთ ევროპა ნაკლებ ადგილს იკავებს ობამას ადმინსიტრაციის პრიორიტეტებში, ვიდრე  აქამდე ჰქონდა.

ამერიკის პრიორიტეტებში საქართველოს დაბლა ჩამოჩოჩების ტენდენცია არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, როგორც საქართველოს გაწირვა, ან რუსეთთან გარიგება. ამ დონემდე, ჩემი აზრით, არ შეცვლილა ვითარება.

თქვენი აზრით, გადატვირთვის პოლიტიკამ თუ ითამაში ამ ტენდენციები შეცვლაში გარკვეული როლი?

ეს ცვლილებები მხოლოდ გადატვირთვის პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული. ევროპის მიმართ პრიორიტეტების შემცირებას ვერ გამოიყვან გადატვირთვის პოლიტიკიდან.

გადატვირთვის პოლიტიკამ შეიძლება იმოქმედა იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკას არ უნდოდა რუსეთის გაღიზიანება და უარს ეუბნებოდა საქართველოს იარაღის მიყიდვაზე და ა.შ.

ობამას პრიორიტეტებია, რომ მთელი რესურსი დაიხარჯოს ავღანეთზე, ერაყზე, პერსპექტივაში შეიძლება იყოს ჩინეთი, ინდოეთი, ეკონომიკური გიგანტები. და იქ, სადაც არ არის განსაკუთრებით სასიცოცხლო პრიორიტეტები, ამერიკამ შეიძლება ნაკლები რესურსები ჩადოს.

ჩაითვალა, რომ ახლა ევროპა სტაბილიზებულია, აშკარა საფრთხე მას არ ემუქრება, ნატოს გაფართოება, ძირითადად, მოხდა, აღმოსავლეთ ევროპაც სტაბილიზებულია და ბევრი საქმე გასაკეთებელი აღარ არის. ერთადერთი არის რუსეთის ფაქტორი. რუსეთთან ამ გადატვირთვის პოლიტიკით უნდა მოხდეს მისი საფრთხის ნეიტრალიზაცია. რუსეთი დასავლეთთან უფრო მეტ თანამშრომლობაში უნდა შემოიტყუონ თუ ჩაითრიონ, ამით რუსეთი ნაკლებად აგრესიული და სახიფათო გახდება, ეს არის მთლიანად ამ რეგიონის მიმართ, ევროპისა და ევრაზიის მიმართ ობამას ხედვა.

შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს სხვადასხვა მიზნები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით?

მიზნები განსახვავებული არ არის. განსხვავებულია ქმედების ხერხები, ტემპერამენტი. განსხვავებულია პრიორიტეტების ხედვები. „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ ამერიკამ საკუთარი ქვეყნის საქმეს უნდა მიხედოს. მაგრამ არის  ხალხიც, რომელიც უფრო მკვეთრ და ცალსახა პოლიტიკას უჭერს მხარს და ობამასაც აკრიტიკებს ზედმეტი სირბილისთვის, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა რამდენად შეიცვალა?

ერთი მხრივ, საქართველომ ზოგადი ორიენტაცია შეინარჩუნა, მაინც რჩება ნატოსთან თანამშრომლობა ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში გაწევრიანების  პერსპექტივა არ არის  მოსალოდნელი, დღეს ეს უკვე ცხადია.

აგვისტოს ომის და შემდგომ განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველომ გამოიტანა დასკვნა, რომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს რეგიონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. თურქეთს აქვს ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა მეზობელ ქვეყანასთან. საქართველოც ამ მიმართულებით მიდის. პირველ რიგში, რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში. ყველაზე მკვეთრი ცვლილებებია ირანთან და ბელორუსთან ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ქმედებით მიღწეულ იქნა, რომ საქართველოს რეგიონში პრაქტიკულად ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, რუსეთის გარდა.

ნულოვანი პრობლემების პოლიტიკის გარდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ამერიკის ყურადღების მიპყრობა სურდა ირანთან პოლიტიკის დათბობით?

იყო ასეთი თეორია, რომ თითქოს ერთგვარი შანტაჟი იყო ამერიკის მიმართ. მე მგონი, ამგვარად ჩაფიქრებული ეს არ ყოფილა, ირანთან ურთიერთობა მეტ– ნაკლებად კოორდინირებული იყო  ამერიკასთან. ამერიკას განსაკუთრებული პროტესტი არ ჰქონია. ჩემი აზრით, ამერიკა გაგებით მოეკიდა ამ ფაქტს. ისიც უნდა ითქვას, რომ ირანთან საქართველოს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, დღეს კი მიაღწია დაახლოებით ისეთივე ურთიერთობას, როგორიც საქართველოს აქვს თურქეთთან.

თქვენი აზრით, რა არის ირანთან თბილი ურთიერთობის მიზანი?

რომ რეგიონში მისი პოზიცია იყოს გამყარებული.

ირანი გაამყარებს?

მათ შორის ირანი, მათ შორის ბელორუსი. როდესაც სამეზობლოში გყავს ქვეყანა, რომელიც შენ მიმართ არ არის მეგობრულად განწყობილი, ეს არის ყოველთვის ხიფათის შემცველი.  ჩემი აზრით, ბიძგი იყო  აგვისტოს ომი, შიში, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, ირანი და განსაკუთრებით ბელორუსი აღიარებდა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას.

ირანს რა ჭირდება?

ირანს ის პოზიტივი აქვს, რომ იზოლირებული ქვეყანაა, მას აქვს იზოლაციის შიში. მას ბაზარი ჭირდება, უფრო მეტი ქვეყანა, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა ექნება, ეს მისთვის ღირებულია, იმიტომ, რომ  ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელთანაც ირანს კარგი ურთიერთობა აქვს.

ირანისთვის გახსნილი ბაზარი საქართველოს ეკონომიკას ხომ არ დააზარალებს?

საერთოდ, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა გახსნილობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ გერმანული ან დანიური ინვესტიციები მიიღოს და გადაარჩიოს. საფრთხე იმისა, რომ ირანული ბიზნესი აქ რაღაც ცუდს იზამს, მგონია, რომ არ არის.

გარდა ამერიკის პრიორიტეტების ცვლის, ასევე, შეიცვალა საქართველოს მთავრობის მხრიდან დეკლარირებული პოლიტიკა, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა, რომ საქართველო არ დაიწყებს ომს რუსეთის მიერ ოკუპირებულ  ტერიტორიებზე, რაც უნდა მოხდეს.

ობამას პოლიტიკის ზოგადი მიმართულება, ცვლილება  არის ის, რომ  უფრო რეალისტური და ნაკლებად იდეოლოგიურია, ასევე უფრო პრაგმატული და რეალისტური გახდა საქართველოს პოლიტიკა.

იმიტომ, რომ საქართველო მიყვება მისი პარტნიორის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

ნებისმიერი ქვყენის პოლიტიკური ლიდერი უნდა უსადაგებდეს თავის პოლიტიკას შექმნილ ვითარებას, საქართველო პატარა ქვეყანაა და  ვერ უკარნახებს მსოფლიოს მოდას. რაკი შეიცვალა პოლიტიკური აზროვნების მოდა, საქართველოს სხვა არჩევანი არ დარჩა, უნდა მიყვეს ამ მოდას.

საქართველოს პრეზიდეტი გასულ წელს ერთხელ, წლის ბოლოს შეხვდა ობამას. რამდენიმე დღის წინანდელი შეხვედრა მხოლოდ შეხვედრის დაფიქსირებისთვის მოხდა?

ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ შეხვედრის ფაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაარსი. არ ჩანს, რომ ამ შეხვედრებიდან კონკრეტული გადწყვეტილებები იქნა მიღებული.

როდესაც ობამა დიდი ხნის მანძილზე არ ხვდებოდა სააკაშვილს, ეს იწვევდა ინტერპრეტაციას, რომ ამერიკამ ზურგი შეაქცია საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი და კლინტონი ჩამოვიდნენ. რახან ობამა არ ხვდება, ე.ი. მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. ამ შეხვედრებით ეს მოტივები გაქარწყლდა.

ევროპის დამოკიდებულება თუ შეიცვალა საქართველოს მიმართ და რა გვაჩვენა მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვამ?

საფრანგეთს საქართველოს ჯიბრით არ მიუყიდია მისტრალი რუსეთისთვის. ამერიკისგან განსხვავებით, ევროპული საგარეო პოლიტიკა უფრო რთული თემაა, იმიტომ, რომ აქ უფრო რთულია ერთიანი ტენდეციის გამოკვეთა. მაგალითად, საფრანგეთმა მიყიდა რუსეთს მისტრალი, ამ დროს ბაროზომ ახსენა სიტყვა ოკუპაცია, რაც აქამდე არ იყო ნახსენები.

თუ ვილაპარაკებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, აგვისტოს ომის შემდეგ და შარშანაც გამოჩნდა, რომ ევროპა, როგორც ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, რაღაცით ანაცვლებს აშშ-ს. რაღაც ნაბიჯებიც გადაიდგა, როგორც ვიზების გამარტივება, ასევე ასოციაციური წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, არც ერთი და არც მეორე ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს არის პროგრესი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გასული წელი ევროკავშირისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, იყო ძალიან რთული.

თქვენ თქვით, რომ საქართველომაც გადააფასა პარტნიორებთან ურთიერთობა. შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ ახალ სტრატეგიულ ურთიერთობაზე, იცვლება თუ არ მიზნები?

ვერ ვიტყვით, რომ მიზნები შეიცვალა, მაგრამ  ხერხები, პოლიტიკა გარკვეულად შეიცვალა. მიზანი არის, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილი გახდეს. ეს ეხება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს, არამედ საქართველოს როგორც ქვეყნის განვითარებას. ეს მიზანი რჩება.  აგვისტოს ომამდე ამას ცალსახად მხარს უმეტესობა  უჭერდა. დღეს შეიძლება უფრო ნაკლებია ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას მხარს დაუჭერენ, მაგრამ მიზანი მაინც ეს არის.

გაზსადენის გაყიდვა, თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა საქართველოს სტრატეგიულ ქვეყნად მოაზრების სავარაუდო პერსპექტივას?

ოფიციალურად გაცხადდა, რომ გაზსადენის წილი უნდა გაიყიდოს და არა საკონტროლო პაკეტი. ამის მოტივაცია ის არის, რომ 2013 წლის შემდეგ იზრდება  საქართველოს საგაერო ვალის გადახდები და საქართველოს ხელისუფლება ეძებს დამატებით წყაროებს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში 2011 წელს თუ შეიცვლება რამე? წელი ობამა-სააკაშვილის შეხვედრით დაიწყო.

გაგრძელდა ვაშაძის ვიზიტით აზერბაიჯანში. ეს არის გაგრძელება იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტული იყო. ჯერჯერობით, პრინციპული ცვლილებები არ ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი