პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ “გეორგიევსკი 2”-თან დაკავშირები მოსკოვიდან განცხადება გაკეთდება.
„როგორც [პარტია] „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, მინდა ღიად განვაცხადო: ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება გეორგიევსკთან დაკავშირებით. დღეს დადგა დრო, ვიზრუნოთ ქვეყნის რეალურ გადარჩენაზე და ახალ გეორგიევსკი ორზე, ამჯერად თანასწორუფლებიან პირობებში. ვეთანხმები პრემიერ კობახიძეს, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა, მაგრამ არ ვეთანხმები მას, თითქოს ეს ნაბიჯი ევროპისკენ სავალ გზად გადაიდგა“, – ნათქვამია ფიფიას მიმართვაში.
მამუკა ფიფია არის ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის — „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ — ერთ-ერთი ლიდერია. იგი საჯარო სივრცეში ძირითადად ცნობილია კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებით. მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში. ფიფიას სახელი ასევე ფიგურირებდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეში, სადაც ფიფია დაცვის მხარის მოწმედ მოიაზრებოდა და ღიად დასტურდებოდა ფარცხალაძესთან მისი კავშირები. ცოტა ხნის წინ ფიფიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსეთის სამხედრო ფორმით ვარჯიშობს რუსულ ტანკზე და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში წავა.
ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ერეკლე მეორის სიცოცხლეში გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები სრულდებოდა და ამ ხელშეკრულებამ ქვეყანა გადაარჩინა 20 წლის განმავლობაში. ამ განცხადებამ რიგი ისტორიკოსების კრიტიკა და პრორუსი აქტორების მოწონება დაიმსახურა.
ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია დღეს, 18 აგვისტოსაც მოიწვია, რომელზეც გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით კრიტიკულ გამოხმაურებებს უპასუხა.
კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა
