საზოგადოება

მალხაზ სონღულაშვილის ოჯახის მანქანა დააზიანეს

28 დეკემბერი, 2022 • 1009
მალხაზ სონღულაშვილის ოჯახის მანქანა დააზიანეს

სოფელ დიღომში საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის, მალხაზ სონღულაშვილის მანქანა დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასულიერო პირის ცოლი ალა ქავთარაძე ავრცელებს.

„საშობაო მოლოცვა სამეზობლოსგან“ – წერს ალა ქავთარაძე ფეისბუკზე და ავტომობილის ფოტოებს აზიარებს, რომელსაც საქარე მინა აქვს დაზიანებული.

როგორც მალხაზ სონღულაშვილი „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, მანქანა დაზიანებული დილას დახვდათ. სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევითობა ვერ იქნება, თუმცა მოტივი მისთვის უცნობია:

„მანქანა დღეს დილით დაზიანებული დაგვხვდა. ეს შემთხვევითობა არ არის, აგურიც ადგილზე დაგვიხვდა. პოლიციას მივმართეთ და ველოდებით რეაგირებას. ვერ გეტყვით რითაა მოტივირებული, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს,“ – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხს ველოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი