ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ამბობს, რომ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრობა საქართველოს ინვესტიციებს მოუტანს, ხოლო ევროკავშირს ნაბუკოს, აგირის და სხვა პროექტის განვითარებაში დაეხმარება.
ჯოზე მანუელ ბაროზომ დღეს განაცხადა, რომ საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს, რა არის ენერგეტიკული თანამეგობრობა და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება?
ეს არის ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ორგანიზაცია, თუმცა მასში შედიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც. თანამეგობრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. ეს არის ენერგომატარებლების თავისუფალი ტრანზიტი და თავისუფალი ხელმისაწვდომობა ენერგორესურსებზე.
ბაროზომ აღნიშნა ,რომ საქართველოსთვის ენერგეტიკის თანამეგობრობაში გაწევრიანება ინვესტიეციების მოზიდვისთვის იქნება სასარგებლო ,თქვენ რას ფიქრობთ?
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველო ენერგომატერებლების ტრანზიტში მნიშნელოვან როლს თამაშობს. ნებისმიერი ახალი პროექტისთვის, რომელიც ემსახურება ალტერნატიული მარშრუტის შექმნის იდეას–ინვესტიციები იქნება. ევროკავშირი დაინტერესებულია ამ თანამშრომლობით.
რა მიზანი აქვს ევროკავშირის დაინტერესებას?
მიზანი ის არის, რომ განვითარდეს ნაბუკოს, იგივე აგირის პროექტები და ალტერნატიული მარშრუტები ენერგომატერებლების ტრანზიტში.
რამდენად რთულია ან პირიქით – მარტივი, ენერგეტიკის თანამეგობრობაში გაწევრიანება?
ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება არ არის რთული. რთულია გაწევრიანება თვითონ ევროკავშირში. ვფიქრობ, საქართველოს სწრაფად მიიღებენ ამ თანამეგობრობაში.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელი ქვეყნებია გაწევრიანებული ენერგეტიკის თანამეგობრობაში?
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შესულები არიან: მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. რაც შეეხება უკრაინას, თურქეთს, და ნორვეგიას, ესენი გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები არიან.