კომენტარი

ტრადიციული და ახალი მედიის ჭიდილი

28 ოქტომბერი, 2010 • 1183
ტრადიციული და ახალი მედიის ჭიდილი

მე და შორენა შავერდაშვილმა – ჟურნალ «ლიბერალის» რედაქტორმა, ჰამბურგში რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილთან სტუმრად შევიარეთ. სწორედ იქ მოვისმინე, რომ «ლიბერალის» ბეჭდური ვერსია მალე დაიხურება. ეს ინფორმაცია ძალიან არ მოეწონათ ნუცას და კოკას – მის მეუღლეს; მეც შევშფოთდი. შორენამ თქვა, რომ მთელი რესურსები – ადამიანური, ფინანსური– უნდა მიმართოს ახალი მედიისკენ, ანუ «ლიბერალის» ინტერნეტვერსიის გამრავალფეროვნებას აპირებს.

შორენამ აგვიხსნა, რატომაც ხურავს ჟურნალს – ის, რომ ძალიან ძვირი ღირს დაბეჭდვა; ის, რომ ხალხი ჟურნალს არ ყიდულობს და კიდევ ბევრი რამე. შეიძლება შორენა მართალია, მე ზუსტი პასუხი ამაზე ჯერ კიდევ არ მაქვს, მაგრამ მე, როგორც «გაზეთჩიკს», მიჭირს ჟურნალის დახურვას შევეგუო.

ეს ამბავი ჰამბურგში გავიგე-მეთქი, უკვე ვთქვი. მსოფლიო რედაქტორების ფორუმზე გავლენიანი გაზეთების რედაქტორები სამი დღის განმავლობაში დილის რვა საათიდან ლამის შუაღამემდე იმაზე ლაპარაკობდნენ, როგორ გაზარდეს გაზეთების ტირაჟი ინტერნეტის საშუალებით და სარეკლამო შემოსავლებიც. ნამდვილი ჯადოქრები არიან, მართლა ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ – ხვდებიან მკითხველს, მათ ნაწერებს გაზეთების მე-2 გვერდებზე ბეჭდავენ, ავრცელებენ ან ანალიზს აკეთებენ «მოქალაქე ჟურნალისტების» მიერ შეგროვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით.

ჩვენი გაზეთი კიდევ დიდხანს დაიბეჭდება – ასე დაამთავრა თავისი გამოსვლა ჩემი საყვარელი გაზეთის Die Zeitisის მთავარმა რედაქტორმა. მომეჩვენა, რომ მისი ოპტიმიზმი ყველას გადაედო, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვებისთვის ჯოვანი დი ლორენცო აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

ფორმუზე ისეთი ხალხი ვნახე, ვისი რეალურად აღქმა ცოტა მიჭირდა, მაგალითად, google-ის ერთ-ერთი შეფი. გაზეთების რედაქტორები, ზოგი ღიად და ზოგიც შეფარულად, ფიქრობენ, რომ ეს და მისი მსგავსი კომპანიები მათი ბიზნესისთვის საშიში კონკურენტები არიან. ისიც თქვეს, რომ არა google, ვერ იარსებებდნენ. ერთ-ერთი იტალიური გაზეთის რედაქტორმა google-ი გააკრიტიკა კიდეც იმის გამო, რომ ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება მისი მეშვეობით.

ამ შემოტევას google-ის შეფმა დიპლომატიურად აუარა გვერდი და მისი კომპანიის საოცარ პროექტზე დაიწყო საუბარი. ეს კი მართლა საოცრებაა, ჩემი გადასახედიდან მაინც: მალე googleის წყალობით საერთოდ მოიშლება ენის ბარიერი, მაგალითად, მე ტელეფონის გამოყენებით ქართულად დაველაპარაკები, ვთქვათ, არაბს ან ინგლისელს, ის კი ამას პირდაპირ გადათარგმნილს მიიღებს და პირიქით – მე არაბულად დამელაპარაკება და მაინც გავიგებ.

კიდევ რა გავიგე ამ ფორუმზე – ევროპაში, ამერიკაში, ირანში და კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც «შეიარაღებულები» არიან აიპოდებით, იღებენ და იწერენ ყველაფერს, რაც მათი აზრით, სხვა ადამიანებისთვის საინტერესოა. მერე ზოგი რედაქციებს აწვდის ამ მასალებს, ზოგი – თავის ბლოგზე ათავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს ნებისმიერი სოფლიდან საინტერესო ინფორმაცია ჩემამდეც კი, უსწრაფესად მოაღწევს. აი, კიდევ ამ პერსპექტივით მოვიხიბლე.

კიდევ რა იყო ფორუმზე? ხო, მოდერატორმა არაერთხელ ითხოვა, დაგვემახსოვრებინა სახელი და გვარი – აჰმად ზაიდ აბადი. ის ირანელი რედაქტორია. რეჟიმმა დააპატიმრა 6 წლით. მას ოქროს კალამი გადასცეს. პრიზის წასაღებად ჰამბურგში აკბარ განჯი ჩამოვიდა. ისიც ოქროს კალმის მფლობელია. განჯიმ ბევრი თუ ცოტა ილაპარაკა იმაზე, თუ რა სასტიკად ექცევა აჰმად ზაიდ აბადის რეჟიმი. აბადი თვითმკვლელობის ზღვარზეა. ტრიბუნასთან მდგომი აკბარ განჯი ტიროდა, ცრემლებს იწმენდდა და ლაპარაკობდა, მერე ისევ ტიროდა და ისევ ცრემლებს იმშრალებდა. დარბაზი ამას სულგანაბული უყურებდა, ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა.

ეს ფორუმი კიდევ ერთი რამით იყო მნიშვნელოვანი – ჩვენთან შესახვედრად მოვიდა ცოცხალი ლეგენდა – გერმანელი კლასიკოსი, 83 წლის გიუნტერ გრასსი. მისი ნათქვამიდან ყველაზე უფრო ორი რამ დამამახსოვრდა. გიუნტერ გრასსმა თქვა, რომ მაშინ, როცა სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერია, ევროპა არ არის დემოკრატიული; და ერთი ახალგაზრდა გერმანელი ჟურნალისტის კითხვას – როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი, რომ თქვენ მასთან ინტერვიუს დასთანხმდეთ?– გრასსმა უპასუხა: «მინიმუმ ჩემი ერთი წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული».

კიდევ ერთი ამბავი და ვამთავრებ – არც ერთ დასავლელ რედაქტორს არ უხსენებია სიტყვა «დემოკრატია», ყველა ლაპარაკობდა ციფრებზე – მკითხველების რაოდენობასა და შემოსავლებზე. ერთმა აფრიკელმა რედაქტორმა ამის შესახებ ხმამაღლა თქვა კიდეც, თან დაამატა – მე მედიის განვითარება იმიტომ მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ხელი შევუწყოთო. აი, აღმოჩენა, მე და აფრიკელი რედაქტორი უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მე და ევროპელი რედაქტორები.

კიდევ ერთიც და ნამდვილად ვამთავრებ: შორენა შავერდაშვილმა უკვე საქართველოში მითხრა, რომ «ლიბერალი» არ დაიხურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი