კომენტარი

რუსეთის გაზზე დამოკიდებულების გაზრდის სამი რისკი

20 ოქტომბერი, 2015 •
რუსეთის გაზზე დამოკიდებულების გაზრდის სამი რისკი

კორნელი კაკაჩია: ევროპული პოლიტიკის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა ის, თუ როგორ დააღწიონ თავი რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, პოლონეთი, აღმოსვალეთ ევროპის სხვა ქვეყნები ცდილობენ, რომ ეს თავსატეხი როგორღაც ამოხსნან. მაგალითად, პოლონეთი ფიქალის ტექნოლოგიაზე გადავიდა. ისეთ დროს, როცა გაზრპომმა უკრაინის კრიზისის ფონზე იმიჯი დაკარგა და რუსეთის ხელისუფლებას ცუდი პრესა აქვს დასავლეთში, ცოტა არ იყოს გაუგებარია გაზპრომის საქართველოში მოწვევა. გაზპრომი რუსეთის ხელში საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მინიმუმ ძალიან ცუდი დროა შერჩეული ამისათვის.

 

მით უმეტეს, გაუგებარია იმ სიტუაციაში, როცა ჩვენთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი გაზის გაძვირებას აპირებს საქართველოსთვის, ან აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზი არ გვყოფნის. მართალია, იქ რაღაც პრობლემები არსებობს, სანამ შაჰდენიზის მეორე ფაზა ამუშავდება, მაგრამ ეს მაინც არ არის იმის საფუძველი, რომ გაზპრომთან მივჩოჩდეთ. ზოგადად, დივერსიფიკაცია საჭიროა, მათ შორის ირანის მიმართულებით იქნება თუ სხვა, მაგრამ მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მძიმე მდგომარეობა არსებობს, ხელი გაუწოდო გაზპრომს, პუტინის შვილობილს, ცოტა არ იყოს გაუგებარია.

 

რა რისკებს ხედავთ იმაში, თუ გაზპრომისგან მისაღები გაზის წილი გაიზრდება საქართველოსთვის?


კორნელი კაკაჩია © რადიო თავისუფლება
კორნელი კაკაჩია © რადიო თავისუფლება


რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ცუდი არ არის, მაგრამ არა ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხარჯზე. ზუსტად იგივე ეხება გაზპრომთან ურთიერთობას. ჩვენ მოვისმინეთ კომენტარი გაზპრომის ჩინოვნიკის მხრიდან, რომელმაც პრინციპში თქვა, რომ საქართველოს ბაზარი, რომელიც ძალიან პატარაა, მათ არ აინტერესებთ. თუმცა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის იზოლაციის ფონზე, გაზპრომის საქართველოში დაბრუნება მისი სახის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. გაზპრომი შეიძლება დათანხმდეს და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე  შესაძლოა ახალი პოლიტიკური ფასიც შესთავაზოს საქართველოს, მაგრამ ჩვენ ვიცით ამ ორგანიზაციის ისტორია. ეს აუცილებლად იქნება მიბმული პოლიტიკურ თემებთან. თუ ჩვენ გაზპრომთან თანამშრომლობას გავზრდით, რამდენიმე შესაძლო რისკის წინაშე აღმოვჩნდებით:

 

1. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა, შეიძლება ის გაუარესდეს და გამორიცხული არ არის, რომ აქ მოხდეს იგივე, რაც წინა წლებში მომხდარა, ანუ ერთ მშვენიერ დღეს გაზი გაითიშოს. შესაბამისად გამოვა, რომ ჩვენ თვითონვე ვაძლევთ იარაღს მოსკოვს, რომელიც მას ხელიდან ჰქონდა გამოცლილი. ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებია რუსეთის ხელისუფლებას და არამხოლოდ საქართველოს მიმართ. 

 

2. ჩვენ ამით რეალურად ხელს ვუწყობთ რუსეთის გაზპრომის ინტერესების წინსვლას სომხეთსა და, ზოგადად, რეგიონში, თურქეთში. ნათელი არ არის რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს. კალაძე ამბობდა დივერსიფიცირებაო, მაგრამ დივერსიფიცირება ნიშნავს იმას, როცა მინიმუმ იმაზე უკეთეს ფასს შემოგვთავაზებს გაზპრომი, ვიდრე აზერბაიჯანი, რაც არა მგონია. ჩვენ ვიცით, რამდენს იხდის სომხეთი გაზპრომის გაზში, იგი რუსეთის მოკავშირეა და მასაც მცირედით შეუმცირეს გადასახადი. დაბალი ფასის თვალსაზრისით ერთადერთი გამონაკლისი არსებობს ბელორუსისთვის, თუ ბელორუსივით გახდები… სხვანაირად არ მესმის როგორ შეიძლება იყოს კონკურენტული გაზპრომის მიერ მოწოდებული გაზი თუნდა კერძო სექტორისთვის საქართველოში, რაზეც ახლა ხელისუფლება აპელირებს.

 

3. გაზპრომის შემოსვლამ საქართველოში შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. ენერგომაფიის ჩამოყალიბება, როგორც ეს შევარდნაძის პერიოდში ხდებოდა, როცა არსებობდა სინდიკატები, შემდეგ იქმნებოდა მათი შვილობილი კომპანიები, რომლებიც საეჭვო ვალდებულებებში შედიოდნენ გაზპრომთან, ასრულებდნენ მედიატორების როლს, მათ ანგარიშზე იდებოდა დიდი ოდენობით თანხა. რეალურად ეს იყო კორუფციის დიდი წყარო. საბედნიეროდ საქართველომ ამას თავი დააღწია. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ გაზპრომთან ერთად ეს კორუფციული სქემებიც შემოვიდეს საქართველოში.

 

გაზპრომთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების ქრონოლოგია ასეთი იყო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კალაძესა და გაზპრომის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებაზე, შემდეგ კალაძემ, მისმა მოადგილემ და ეკონომიკის მინისტრმა, ასევე პარლამენტის წევრებმა გააკეთეს განმარტება, რომ საუბარი იყო რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობის გაზრდაზე, საიდანაც გაზრდილი წილი თბილისსაც უნდა მიეღო, მათ ახსენეს დივერსიფიცირება და კომერციული გაზიც. ამ განცხადებების შემდეგ პრემიერი გაემგზავრა ბაქოში, იქიდან ჩამოსულმა კი თქვა, რომ არანაირ დივერსიფიცირებაზე ლაპარაკი არ არის. კალაძემაც შეცვალა თავის განცხადება და თქვა, რომ საუბარია მხოლოდ კომერციულ გაზზე. ამ ყველაფრის შემდეგ რამდენად დამაჯერებელია, რომ გაზპრომთან ენერგოდამოკიდებულების გაზრდაზე არ მიმდინარეობს ლაპარაკი?


ეს ძალიან არადამაჯერებელია. ერთი გუნდის წევრებმა ასეთი არაკოორდინირებული ქმედებები რომ ჩაიდინონ, ეს წარმოუდგენელია. მე მგონია, რომ რაღაც ხდება. ჩემი ვარაუდით ლაპარაკია იმაზე, რომ არ იციან, როგორ შემოიყვანონ გაზპრომი ისე, რომ სახე არ დაკარგონ. სწორედ ამ გამოსავლის ძიებაში დგამენ ასეთ არალოგიკურ ნაბიჯებს.

 

შესაძლოა, ვიღაცამ თქვას გამორიცხული არ არის, გაზპრომის თემით აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა სურს საქართველოს ხელისუფლებასო, მაგრამ ასეც რომ იყოს, ცუდი დროა შერჩეული და ეს არ იმოქმედებს… ჩვენ არ ვიცით გაზპრომის ფასი, ამიტომ ეს მაგალითად არ გამოდგება. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. აშკარაა, რომ არსებობს გეგმა გაზპრომს პირი მოწმინდონ და სხვა სახით შემოიყვანონ, თუმცა საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე ცოტა უჭირთ ამის გაკეთება. აშკარაა, რომ რაღაც ხდება და აშკარაა, რომ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი გაზპრომის შემოყვანით დაინტერესებულია.

 

თქვენ ახსენეთ, რომ თუ აზერბაიჯანის შანტაჟს აპირებენ ცუდი დროა შერჩეულიო, ამაში რას გულისხმობთ?


გაზის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანთან გაფორმებული კონტრაქტი საქართველოს მომდევნო წელს უმთავრდება. უნდა გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება. ან ძველი პირობებით უნდა გაგრძელდეს ხელშეკრულება, ან შეიცვალოს. სამწუხაროდ, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობამ ვერ შეინარჩუნა ის დინამიკა, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში არსებობდა. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი შესაძლოა დარწმუნებული არ არის, რომ აზერბაიჯანი ფასს არ შეცვლის, მითუმეტეს მაშინ, როცა „შაჰდენიზი 2“ არ ამოქმედებულა და ბაქო თვითონ ყიდულობს გაზს „გაზპრომისგან“ თუ სხვა ქვეყნებისგან, რადგან შიდა მოხმარებაში თვითონაც აქვს პრობლემები. ამან საქართველოს ხელისუფლება შეიძლება დააფიქრა.

 

თუ არა შესაძლო შანტაჟი, სხვა რა ჰიპოტეტური მიზანი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას გაზპრომთან მიმართებაში?


შესაძლოა გარკვეულ ოლიგარქიულ ჯგუფებს ჰქონდეთ ინტერესი, შეიძლება იყოს დიასპორის ჯგუფები, მათ შორის ბიზნესები და არ არის გამორიცხული თვითონ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიც. ასევე სომხეთის მთავრობაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს გავლით გაზის ნაკადი გაიზარდოს. წინა წლებში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თურქეთს მიეღო გაზი გაზპრომისგან საქართველოს გავლით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გეოპოლიტიკურად ეს წამგებიანი ნაბიჯი იქნებოდა, ვერ განხორციელდა. ეს თემა ახლაც არ უნდა უკავშირდებოდეს თურქეთს, რადგან სირიის საკითხის ირგვლივ მოსკოვს და ანკარას ურთიერთობები საკმაოდ დაეძაბათ. მიუხედავად ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ამ მიმართულებით გაზპრომმა ფეხის მოკიდება მაინც მოსინჯოს. ასევე არსებობს კიდევ ერთი შესაძლო ინტერესი. სომხეთის რკინიგზისა და ენერგოსექტორის მფლობელი ფაქტობრივად რუსეთია. გაზპრომს სააკაშვილის პერიოდშიც ჰქონდა მცდელობა, რომ საქართველოსგან ეყიდა მილი, რომელიც საქართველოზე გადის და სომხეთს აწვდის გაზს. მაშინ ჩაერივნენ დასავლელი პარტნიორები და ეს არ გაიყიდა. არ არის გამორიცხული, რომ გაზპრომს ეს ინტერესი კვლავაც ამოძრავებდეს. ცხადია, ესეც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებთანაა დაკავშირებული რეგიონში.

 

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ გააქარწყლოს ის შთაბეჭდილება, რაზეც ახლა საუბრობდით. ქართული ოცნების პრორუსული საგარეო ორიენტაციის შესახებ ისედაც არსებობს ეჭვებიგაზპრომის საკითხი ამ თემას ალბათ აცოცხლებს


პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა იყოს ღია. უნდა ითქვას მკაფიოდ რას გვაძლევს ეს, მართლა იძლევა დივერსიფიცირების საშუალებას, რა ფასებზეა ლაპარაკი… ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი ეკონომიკური საკითხი, კულუარულად ვიღაცები რომ ჩავიდნენ და მოლაპარაკებები აწარმოონ. გამომდინარე საქართველო-რუსეთის ურთიერთობიდან, ეს არის უსაფრთხოების საკითხი. ბუნებრივია, ის ცდება ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებს და აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე.  ამას ემატება ის, რომ ჩვენთვის ცნობილია ივანიშვილის (ძველი თუ ამჟმინდელი) გარკვეული კავშირების შესახებ გაზპრომთან. აქედან გამომდნარე, საზოგადოებას აქვს უფლება ამ სახით მოწოდებულ ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს.

 

პრეზიდენტს აქვს ინიციატივა, რომ მთავრობის სხომაზე განიხილონ ეს საკითხი მისი მონაწილეობით, თუმცა მინისტრთა კაბინეტის მხრიდან იგრძნობა წინააღმდეგობა მის მიმართ. ეს რაზე მიანიშნებს?


პრეზიდენტთან მთავრობის არც თუ ისე კარგი ურთიერთობის გამო ეს შეიძლება ხელისუფლებისთვის საუკეთესო ფორუმი არ ჩანდეს, მაგრამ მათი მცდელობა ღიად ნაკლები ილაპარაკონ ამ თემაზე, აშკარად მიუთითებს ქვედინებებზე… სწორედ ეს აჩენს უნდობლობას და ეჭვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი