კომენტარი

აშშ-ს კონსული ”მწვანე ბარათის” შესახებ

24 სექტემბერი, 2010 • 4270
აშშ-ს კონსული ”მწვანე ბარათის” შესახებ

აშშ-ს კონსული საქართველოში ბათუმში შეხვედრაზე
აშშ-ს კონსული საქართველოში ბათუმში შეხვედრაზე

პატრიკ უინგეიტი – საქართველოში ამერიკის კონსული ბათუმში იმყოფებოდა. კონსულმა შეხვედრა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამართა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ”მწვანე ბარათის” განაცხადის შევსებისთვის არ მიმართონ სხვა ორგანიზაციებს და არც ფული გადაიხადონ. ”ბათუმელებმა” პატრიკ უინგეიტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო პატრიკ, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას კონსულისთვის კითხვები არ დაუსვამს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

– გულწრფელად გეტყვით, მართლა გამიკვირდა. წინა ჯერზე როცა ჩამოვედით და ონლაინაპლიკაციის ფორმის პრეზენტაცია გავმართეთ, 45 წუთი მარტო კითხვა-პასუხს მოვანდომეთ. ახლა აქ კამერები იდგა, ერთად იყვნენ  პედაგოგები და სტუდენტები, შესაძლოა ამიტომაც მოერიდათ ერთმანეთის. მათ შეუძლიათ მეილით გამოგვიგზავნონ კითხვები. აქვე ვიტყვი, რომ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე ქართულ ენაზე განთავსებულია ინფორმაცია კითხვარის შევსების წესის შსახებ. ხოლო თავად ანკეტა სპეციალურად გათამაშებისთვის  შექმნილ გვერდზეა გათავსებული.  ”მწვანე ბარათის” კითხვარის შევსება უფასოა.

-”მწვანე ბარათისგათამაშებასთან დაკავშირებით არსებობს აზრი, თითქოს მისი შევსების შემდეგ ადამიანებს საერთოდ ეკარგებათ ამერიკაში წასვლის შანსი. მართლაც არის თუ არა ეს ერთგვარი ბარიერი შემდგომში არასაემიგრაციო ვიზის მიღების დროს?

– ეს მცდარი აზრია –  საემიგრაციო ვიზის შევსების შემდეგ, ადამიანს არასაემიგრაციო ვიზის მიღების დროს პრობლემები არ ექმნება. პირადად ვმუშაობ ვიზების გაცემაზე და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ადამიანი, რომელიც `მწვანე ბარათის~ გათამაშებაში მონაწილეობს, ცდილობს ამერიკაში მოხდეს ლეგალურად. ამაში კრიმინალური არაფერია. შესაბამისად,  არანაირი კავშირი არ აქვს მწვანე ბარათის გათამაშებას არასაემიგრაციო ვიზის მიღებასთან.

თუ არ ვცდები, არასაემიგრაციო ვიზის ფორმაში არსებობს კითხვა მიგიმართავს თუ არა ოდესმე ამერიკის საკონსულოსთვის საემიგრაციო ვიზის მისაღებად. ამ კითხვას რა დატვირთვა აქვს?

– არასაემიგრაციო ვიზის კითხვარში კითხვა სხვაგვარად არის ჩამოყალიბებული _ მიგიმართავთ თუ არა საკონსულო განყოფილებისთვის წარსულში არასაემიგრაციო ვიზისთვის. ამ შეკითხვას ”მწვანე ბარათთან” არავითარი კავშირი არ აქვს. ისიც კი არ ვიცით, თუ რამდენი ადამიანი გამოთქვამს ლატარიაში მონაწილეობის სურვილს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც მოიგეს ლატარია. ადამიანს, რომელსაც ერთხელ უკვე მიუღია ამერიკის ვიზა, უფრო მეტი შანსი აქვს მეორედ გამგზავრების. ჩვენ გვაქვს მაგალითიც, როცა ადამიანს შეეძლო ამერიკაში დარჩენა, მაგრამ ის დაბრუნდა. გვითქვამს უარიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა სცადო ვიზის მიღება. არიან ადამიანები, რომლებიც მალავენ ამას, ზოგიერთი გულწრფელად ამბობს, რომ 5-6 წლის წინ სცადა და უარი მიიღო. ადვილი შესაძლებელია, მათ ვიზა მიიღონ.

წელიწადში მწვანე ბარათით”  55 ათასი გამარჯვებული ვლინდება. ამ ადამიანებს ამერიკაში გამგზავრება ოჯახთან ერთად შეუძლიათ?

-აქ იგულისხმება 55 ათასი ადამიანი. ადგილები საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომაც ჩვენი რეკომენდაციაა, ლატარიაში გამარჯვებულმა დაუყოვნებლივ მიმართოს საკონსულოს, თორემ თუ ადგილი შეივსო, შეიძლება მოგებულსაც ვუთხრათ უარი.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ამერიკას `მწვანე ბარათის~ საშუალებით სურს ნიჭიერი ადამიანები წაიყვანოს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ამერიკაში მიგრაცია ნაკლებია.

– ამერიკა ცდილობს, შეინარჩუნოს მულტინაციონალური მრავალფეროვნება.

როცა შერჩევის პირობა მოქმედებს ამას, ალბათ, ნაკლებად ჰქვია ლატარია. ამიტომ ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასე ამერიკის ხელისუფლება პროგრესული  მოქალაქეების თავისკენ გადაბირებას ცდილობს?

– ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას. `ტვინების გადინება~ რომ გვინდოდეს, მინიმალური მოთხოვნა საშუალო განათლება და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება არ იქნებოდა. მოთხოვნაში ჩაიწერებოდა სამეცნიერო ხარისხი. შევეცდებოდით, მოგვეზიდა განთქმული ფიზიკოსები, მეცნიერები, სახელმწიფო პირები და ასე შემდეგ. ეს არის ლატარია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. გვინდა, მათ მივცეთ საშუალება, უკეთესი ცხოვრება აიწყონ ამერიკაში.

ანუ გათამაშების მინიმალური მოთხოვნა საშუალო განათლება და მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილებაა?

– ადამიანს ახალ გარემოსთან ადაპტაცია რომ არ გაუჭირდეს, ამიტომაც უნდა ჰქონდეს მას მინიმალური განათლება და მუშაობის მცირე გამოცდილება.

ამერიკაში ცხოვრების მსურველი ალბათ ბევრი იქნება, ადგილი კი მხოლოდ 55 ათასია. გამოდის, გამარჯვების შანსი ძალიან მცირეა.

– ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობს ამ ლატარიაში და, შესაბამისად, არ ვიცი, შანსის შესახებაც, მაგრამ ვიცი, რომელი ქვეყნიდან რამდენმა ადამიანმა მოიგო. ამის შესახებ მონაცემები ჩვენს ვებგვერდზეცაა განთავსებული.

სტატისტიკით ევროპაში მოგებულების დიდი ოდენობა სომხეთზე მოდის.

– ამ სტატისტიკისთვის არ გადამიხედავს, მაგრამ გვინდა წავახალისოთ ქართველები, რათა მათ შეავსონ ეს ფორმა და თავისი წვლილი შეიტანონ ამერიკის მრავალფეროვნების საქმეში.

ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ასი პროცენტიდან როგორია გამარჯვების შანსი. ასიდან ერთი პროცენტი თუ -0,001?

– არ ვარ აზარტული ადამიანი, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩემს აზრს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობს გათამაშებაში. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანისთვის იქნება ამერიკა მიმზიდველი ქვეყანა, ბევრს მოუნდება იქ ცხოვრება და თავისი წვლილის შეტანა ამერიკის განვითარებაში.

რა პრივილეგიები აქვს მწვანე ბარათს”?

-ერთადერთი ”პრივილეგია”  შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანს ეძლევა ლეგალური მუშაობის საშუალება. ამასთან, თუ შენ გყავს ბავშვები, შეიძლება გსურდეს შენმა შვილმა აქ ისწავლოს, მაგრამ ეს არ არის პრივილეგია, ეს უფლებაა.

რამდენადაც ვიცი, საკონსულოსთან არ არსებობს მოსაცდელი, არ არის გარდერობი. ან პირადი ნივთების შესანახი ადგილი. ამის მიუხედავად, ადამიანებს სთხოვენ ყველა ნივთი საკონსულოში შესვლამდე დატოვონ. ეს პრობლემა თუ მოგვარდება?

– ვცდილობთ, ვიყოთ თავაზიანი და კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ისინი, ვინც ვერ იღებენ ვიზას, საბოლოოდ მაინც იმედგაცრუებულები მიდიან. ვისაც ყველაფერი წესრიგში აქვს, მას ვიზის მიღებისთვის სულ რაღაც 45-50 წუთი სჭირდება. თუ ვინმეს ჩვენთან აქვს შენიშვნა, სიამოვნებით მოვისმენდით მათ პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაუმჯობესოთ მომსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი