ზურა მაისურაძე კომუნიკაციის ექსპერტია, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2019 წელი იწურებოდა, როცა ზურამ სოციალურ მედიაში საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ გეია. მაშინ ის 39 წლის იყო.
ზურამ გრძელი გზა გაიარა, სანამ თავისი იდენტობის ამ ნაწილის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებდა. ქამინგ აუთს წინ უძღოდა მალვით გამოწვეული შფოთი და ღელვა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ ახლაც ახსენებს თავს.
44 წლის ზურა მაისურაძემ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა იმის შესახებ, თუ რის ფასად უჯდებათ ლგბტ ადამიანებს საკუთარი თავის მალვა, რას ცვლის ხმამაღლა საუბარი და რა სათქმელი აქვს ოჯახებისადმი, რომლებიც მზად არიან, თავიანთი შვილები ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო გარიყონ.
ბავშვობა
მე ვარ ზურა მაისურაძე, 44 წლის. ჩემთვის ყველაზე რთული კითხვაა, რას ვსაქმიანობ და ვინ ვარ. ბევრი სხვადასხვა თავი იყო ჩემს ცხოვრებაში: ვიყავი ბანკირი, მენეჯერი, კონსულტანტი… ახალ თემებს ვიგონებ და ვცდილობ, ადამიანებს ინტერესი გავუღვივო. ბოლო პერიოდში კომუნიკაციას ვასწავლი. ამასთან, თითქმის 5 წელია, ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა იოგა და ძალიან ბევრი რამ შეცვალა: არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, მსოფლმხედველობის კუთხით.
როცა ბავშვობაზე და ამ კონტექსტში ჰომოფობიის თემაზე მეკითხებიან, ცოტათი მეცინება ხოლმე, რადგან ჩემს ბავშვობაში, 16-17 წლამდე მაინც, ინტერნეტიც არ არსებობდა. სიტყვა “გეის” მნიშვნელობაც არ ვიცოდი. შეიძლებოდა, რომელიღაც ფილმში რომელიღაც ბიჭი მომწონებოდა, თუმცა სახელს ვერ ვარქმევდი ამ ფაქტს და ვერ ვაკავშირებდი იმასთან, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც სხვა. არც არავინ საუბრობდა ამაზე, არც არავის ვიცნობდი [ლგბტ თემიდან]. ეს იყო თემა, რომელზეც, ალბათ, არავინ არსად ლაპარაკობდა.
ჩემს თავს რომ ვიხსენებ, როგორი დაბნეული ვიყავი და როგორ არ ვიცოდი, რისთვის რა დამერქმია, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესაა, რომ ახლა ამაზე ასე ბევრს ვსაუბრობ. ლაპარაკის გარეშე არაფერი გამოდის. როცა საზოგადოებაში არის ხოლმე პრობლემა იმისა, რომ ერთი მხარე მეორეს ვერ იტანს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მართლაც რაღაც აქვთ [გასაყოფი], ხშირად მიზეზი არის ის, რომ არ ესმით, არ ჰქონიათ შეხება, არ იციან… როცა რაღაც არ იცი და გაურკვეველია შენთვის, გეშინია მისი.
ზურა მაისურაძის ბავშვობის ფოტო მშობლებთან ერთად. პირადი არქივიდან
ჩემი ბავშვობა 80-იანები და 90-იანებია. ხშირად იუმორით შემომაქვს ხოლმე ის არგუმენტი, რომ დავიბადე კომუნისტი ბავშვი, არავის ვიცნობდი [ლგბტ თემიდან], არავისთან არანაირი შეხება არ მქონია და მაინც გეი ვარ. ეს კიდევ ერთი სასაცილო დასტურია იმისა, რომ გარშემო რა არის, ეს არ ხდის ადამიანს ჰომოსექსუალად. ხანდახან ამის ახსნით არის დასაწყები ჰომოფობებთან საუბარი.
მე არ ამირჩევია, რომ გეი ვყოფილიყავი. არავინ აირჩევდა ჰომოფობიურ საზოგადოებაში ლგბტ თემის წევრად ყოფნას. ხან ბისექსუალად ვნათლავდი თავს, ხან ჰეტეროსექსუალად… ასე ხდება იმ სოციალური წნეხის პირობებში, რომელიც ჩვენკენ მოდის. და რა არის ეს სოციალური წნეხი? ეს არის სირცხვილის განცდა, რომელსაც ჩვენ გვინერგავენ ყველაფერ იმის მიმართ, რაც რომელიღაც სტანდარტიდან გადახვეულია. ამიტომაც მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ყალბი ნიღბის აფარების ნაცვლად, საკუთარი თავი ისეთებად შეიყვარონ, როგორსაც სარკეში ხედავენ და თავის მეგობრებსაც ეს თავი დაანახონ.
განსხვავება
ძალიან საინტერესოა, როგორ ხვდებიან ადამიანები, რომ ისინი განსხვავებული ორიენტაციის არიან. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიღაც დღეს ზეცა გაიხსნა და [მივხვდი, რომ გეი ვარ]. ასეთი დღე ნამდვილად არ ყოფილა.
დღეს უკვე არის ტექნოლოგიები, ალგორითმები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს [სწავლობს] და, შესაბამისად, გვთავაზობს სანახავ მასალებს — მაგალითად, ტიკტოკი. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გაცილებით გვიან მიხვდეს, ვინ არის და რა არის, თუმცა მისი ინტერესი და მისი თვალი ამას [უფრო ადრე ხვდება].
ნამდვილად მახსენდება, ბავშვობაში, თუნდაც ფილმების ყურებისას, რაზე და ვისზე ვამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ იმწუთას ამ ყურადღებას ჩვენ არ ვაკავშირებთ რაღაც კონკრეტულთან. ეს პროცესი მერე იწყება.
მართლა ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი და აქ საინტერესოა ერთი რამ: როცა თავისუფლება არ გინახავს, ის სივრცე, რომელშიც ხარ, ის გგონია ყველაფერი. მერე, როცა თვალსაწიერი ფართოვდება, კითხვებიც გიჩნდება. ჩემს შემთხვევაში თვალსაწიერის გაფართოება იყო ინტერნეტის შემოსვლა. რაღაცებს ვნახულობდი, ვსვამდი კითხვებს, რომელთაც სხვა შემთხვევაში ვერავის დავუსვამდი.
დღეს ლგბტ თემის არაერთი წევრი გრძნობს თავს მარტოსულად და მათ ადგილას უფრო მეტად შევეცდებოდი, სოციალური ქსელებით თუ სხვა ხერხებით, ჩემნაირი ადამიანები მომეძებნა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივია: სასწაულ ბულინგს შეიძლება შეეჩეხოს ადამიანი, თუ საჯარო სივრცეში გაიჟღერა ან ეჭვი გაჩნდა, რომ ის შეიძლება განსხვავებული ორიენტაციისა იყოს.
ქამინგ აუთი
მე 44 წლის ვარ. 39 წლის ვიყავი, როცა ქამინგ აუთი გავაკეთე, ანუ საჯაროდ განვაცხადე ჩემს ორიენტაციაზე. კონკრეტული რეცეპტი, თუ როდის რაზე უნდა ილაპარაკო, არ არსებობს. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი თვითონ უნდა წყვეტდეს, იმ წამს მისთვის, მისი ბედნიერებისთვის რა არის მნიშვნელოვანი.
მე რომ ვყვები ხოლმე ჩემს ქამინგ აუთზე, სულ ის ისტორია მახსენდება, მანამდე როგორ ვიხევდი უკან, როცა ჩემი შეყვარებული საჯარო ადგილზე ყოფნისას ხელს მკიდებდა. ეს სასაცილოა. რატომ უნდა გავაშვებინო ხელი ჩემს შეყვარებულს? ერთ-ერთი ფაქტორი, [რამაც ქამინგ აუთისკენ] მიბიძგა, ესეც იყო, ბევრ სხვა რამესთან ერთად.
ჩემი ქამინგ აუთი ახალი წლის წინა დღეებს დაემთხვა. 2019 წელი იწურებოდა, 30 დეკემბერი იყო. შეიძლება, წინასაახალწლო ეიფორიაც მქონდა, რომ რაღაც უნდა დატოვო ამ წელს და რაღაც ახლით უნდა გადახვიდე მომდევნო წელიწადში. სანამ საჯარო პოსტს დავდებდი, ჩემს მშობლებსა და ჩემს დას მივწერე და ძალიან ჩვეულებრივად მიიღეს ეს ყველაფერი. ამან შემდგომი მოქმედება გამიმარტივა.
გამიხარდა ის, რომ უამრავმა ადამიანმა, ჩემმა ნაცნობებმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს ამბავი მიიღო ფანტასტიკურად, გადასარევად. რა თქმა უნდა, იქ იყო 1-2 ადამიანი, რომელმაც ეს ვერ მიიღო, თუმცა გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან კარგი, დადებითი შედეგი დადგა [უმრავლესობის] შემთხვევაში.
მაგრამ, აქ საკითხავია, რის ფასად? როცა მე და ჩემი შეყვარებული გავაქტიურდით სოციალურ მედიაში, წამოვიდა ძალიან დიდი ნეგატივის პერიოდი. ფაქტობრივად, სამიზნედ ვგრძნობდი თავს. ყოველდღე მოდიოდა მუქარა, ლანძღვა, გინება… ამ დროს იბრძვი, რომ ამ ნეგატივმა შენზე არ იმოქმედოს.
ზურა მაისურაძე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე. 2021 წ. ფოტო პირადი ფეისბუკიდან
ინტერნეტში სხვა რამეც ხდება: როცა ადამიანი საკუთარ თავში ჩაკეტილი ხარ, რაღაცებს ვერ აღიარებ და ნაკლებად ბედნიერად გრძნობ თავს, რომელიღაც user 339-ის სახელით ხარ შესული “ტიკტოკზე” და უცებ ხედავ ბედნიერი წყვილის ვიდეოს, ხელი გექავება, რომ იქ რამე საზიზღრობა დაუწერო, რადგან ბოღმას გრძნობ, რომ თავად ვერ ხარ ბედნიერი. ამას ადამიანები ხშირად გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ და ლოგიკურად ვერ ხსნიან, რატომ აფრქვევენ ამ ზიზღს. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის საკუთარ თავში დამალული თვითცენზურის შედეგი, როცა ბედნიერი ადამიანების მიმართ პროტესტი ჩნდება.
ასეთ ცუდ რაღაცებამდე მივდივართ, როცა საზოგადოებაში ზიზღია. თუ ერთიანი საზოგადოება გვინდა, ზიზღი კი არ უნდა გავაღვივოთ, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა გვაერთიანებს. ჩვენ არ გვაქვს შეხება იმ განსხვავებულ ადამიანებთან, ვისიც გვეშინია ან ვის მიმართაც ზიზღი გვაქვს. ჩემმა ერთმა სტუდენტმა მითხრა, პირველი ადამიანი ხარ, რომელსაც ვესაუბრები და ვიცი, რომ ღიად გეიაო. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს. გასაგებია, რომ თავდაპირველი რეაქციები, შეიძლება, გაურკვეველი და ნეგატიური იყოს, მაგრამ მოვუწოდებ ადამიანებს, რომ გაიგონ უფრო მეტი. გაიგონ მეტი იმ ადამიანებზე, ვინც გეზიზღებათ და ვისზეც ნაკლები ინფორმაცია გაქვთ. ამის შემდეგ ჩამოიყალიბეთ მათზე აზრი.
ბოლო რამდენიმე წელია, მე და ჩემი შეყვარებული ტიკტოკზე გავაქტიურდით. დღესაც, სახლისკენ რომ მოვდიოდი, ქუჩაში ვიღაცამ დაიჩურჩულა, ეს ის არისო. ადრე ცოტათი [ვბრაზდებოდი] ასეთ რამეებზე, მაგრამ ახლა მიხარია, რადგან როდესაც ადამიანებს აქამდე რაღაც არ ჰქონდათ ნანახი და ახლა ხედავენ, ამ ყველაფერს ეჩვევიან. უამრავ ადამიანს უთქვამს ჩემთვისაც და ჩემი შეყვარებულისთვისაც, ბოდიში, როგორ ვცდებოდიო.
რა შეცვალა ხმამაღლა საუბარმა
როდესაც რაღაცას მალავთ, რადგან გრცხვენიათ, კარგად გააანალიზეთ, რისი და რატომ გრცხვენიათ. დაფიქრდით, ვინ დაგიწესათ ეს [შეზღუდვა] და თუკი ვერ ხედავთ ლოგიკას ამ სირცხვილში, გაილაშქრეთ მის წინააღმდეგ. თქვენივე თავი უნდა მიიყვანოთ იქამდე, რომ არ შეგრცხვეთ.
როდესაც რაღაც ჩარჩოში ხარ და მერე მას იხსნი, სტრესისგანაც თავისუფლდები. როცა იმალები, სულ ცდილობ, შენი თავი გააკონტროლო და ისეთი რაღაც არ გააკეთო, რაც “დაგწვავს”. ამან შეიძლება ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა გამოიწვიოს, მათ შორის, ღელვა და შფოთვა.
რაში შეიძლება გამოიხატოს თვითცენზურა: ეს შეიძლება იყოს ისეთი ფერის თუ ფაქტურის ტანისამოსზე უარის თქმა, რომელიც გარკვეულ გენდერულ სტერეოტიპებში არ ჯდება; ეს შეიძლება იყოს თმის შეღებვაზე [უარის თქმა]; უარის თქმა, ისაუბრო იმ ხმით, რომელიც მართლა შენია და არა შეგნებულად დაბოხებული თუ დაწვრილებული ხმით… თითქოს რა, არაფერი, მაგრამ აი, ამ პატარ-პატარა რაღაცებით ჩვენს თავებს ვაჩვევთ იმას, რომ რაღაცები, რაც შიგნით გვაქვს, არ გამოვთქვათ. ზუსტად ესაა სასაცილო, რატომ ვუშლით ერთმანეთს რაღაცების გამოხატვას? მარტო იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვწონს? გვინდა თუ არა, სამაყროში არსებობს ისეთი რაღაცები, რაც არ მოგვწონს. შევეგუოთ ამას.
ზურა მაისურაძე შეყვარებულთან, ლადო მხეიძესთან ერთად
ყველას თავისი გზა აქვს. თუ მსგავსი თვითცენზურის პირობებში თავს კარგად გრძნობთ და არაფერი გაწუხებთ, ძალიან კარგი, მაგრამ ჩემს რეალობაში [პირიქით] იყო: მას შემდეგ, რაც თავს ეს თვითცენზურა მოვხსენი, გავხდი გაცილებით უფრო თავისუფალი, გაცილებით უფრო მშვიდი, ბედნიერი და გაცილებით მეტად შემიყვარდა ადამიანებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ემპათიის ნაკლებობის ფონზე, რომელსაც საზოგადოებაში ვხედავთ.
მეორე მხრივ, დღემდე ვცდილობ, გავთავისუფლდე იმ ღელვისგან და შფოთვისგან, რაც იმ პერიოდში ჩვევად იქცა. ეს რთული რამ არის და ასე არ ხდება, რომ შენ რაღაცას გააკეთებ და უცებ ყველაფერი ლაგდება. დღემდე ძალიან ხშირად შეიძლება მქონდეს გარკვეული ღელვა, შფოთვა, რაღაცაზე ვნერვიულობდე და ნელ-ნელა მივედი იმის გაცნობიერებამდე, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარსულის გადმონაშთია — ის რაღაცებია, რისიც მეშინოდა და რაზეც ვღელავდი. შეიძლება, ეს ფაქტორები ახლა მოხსნილია, მაგრამ ეს მომენტები, შეიძლება, მთელი ცხოვრება გაყვეს ადამიანს.
სულ რომ ქამინგ აუთი არ გააკეთოთ, თუ ვინმეს თქვენზე ლაპარაკი უნდა, ხალხი მაინც ილაპარაკებს და იჭორავებს. ჩვენზე ბევრი რაღაც არ არის დამოკიდებული. შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, სამყაროს 80%-ს ვაკონტროლებდი, მაგრამ ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრ რამეზე შემეცვალა წარმოდგენა. გვგონია, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით და რას ვიტყვით, მაგრამ სამყაროში ხდება რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. რაღაცები გამოგვდის, რაღაცები — არა. ნუ დავისტრესავთ თავს. თვითმიზანი არც ქამინგ აუთია და არც არაფერი. ერთადერთი თვითმიზანი შეიძლება იყოს ბედნიერება. რომელ გზას მოძებნით, [თქვენზეა დამოკიდებული].
დეზინფორმაცია
მართლა სასაცილოა, როდესაც საუბრობენ, რომ რაღაც “პროპაგანდას” შეუძლია, ადამიანის სექსუალური ორიენტაცია შეცვალოს. ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია პროპაგანდას, თუმცა ორიენტაციის ცვლილებაც თუ შეუძლია, გვაჩვენონ მაგალითები, როცა ვიღაცამ რაღაცას შეხედა და ორიენტაცია შეეცვალა. ასეთი მაგალითები არ არსებობს. ისე არ ყოფილა, რომ ჩამონათვალი მქონდა და ამ ჩამონათვალში “გეი” ავირჩიე. არ ამირჩევია, ბატონო. ამას არ ვირჩევთ, ასეთები ვართ. პროპაგანდა ზუსტად იმის მტკიცებაა, რომ რაიმე სახის “ლგბტ პროპაგანდა” არსებობს. თუკი ადრე გამოგდიოდათ ამით მტრის ხატის დახატვა, მჯერა, რომ ის ამომრჩევლები, რომლებზეც გათვლას აკეთებთ, უფრო განვითარდებიან და ამას აღარ “შეჭამენ”.
მე კომუნიკაციის ექსპერტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა არის პროპაგანდა. პროპაგანდა არის ნებისმიერი რამ, რასაც მე შენ დაჟინებით გაგიმეორებ და შევეცდები, რომ დაგაჯერო რაღაცები. ახლა მითხარით ნებისმიერი ლგბტ თემის წევრის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თუ ვინმეს გამოსვლა, რომელიც დაჟინებით ცდილობს, დააჯეროს დანარჩენი საზოგადოება რაღაცაში. არავინ ამას არ ცდილობს. უბრალოდ, ადამიანები საუბრობენ თავიანთ უფლებებზე და ამბობენ, რომ “მეც მინდა ეს. მეც ასე მინდა”.
ამ მეთოდით გვმართავენ: “ის ისეთია, ის ასეთია”… როდესაც საზოგადოებას ვეღარ მართავ, ყოველთვის ცდილობ, მტრის ხატი დახატო და კარგად დახატული მტრის ხატივით არის ზოგჯერ ლგბტ თემი საქართველოში. კონკრეტულ თარიღებთან ერთად აქტიურდება ხოლმე ეს თემები და ვიღაც-ვიღაცები პოლიტიკურ ქულებს იწერენ. უფრო სწორად, ჰგონიათ, რომ იწერენ.
მგონია, მალე დადგება ის დრო, როცა სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი იქნება ზოდიაქოს ნიშნის დასახელებასავით. ამაზე უფრო სულელური დასაყოფი არ არსებობს.
რას ვეტყოდი ოჯახებს
როცა ქამინგ აუთი გავაკეთე, ოჯახზე დამოკიდებული აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი ქვიარ ადამიანისთვის, განსაკუთრებით, ასაკით ახალგაზრდებისთვის, რომელთაც შესაბამისი ფინანსური რესურსიც არ აქვთ, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან გამიმართლა, რომ ძალიან კარგად მიიღო ჩემმა ოჯახმა ეს ფაქტი. დედა გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე გავდივართ ხოლმე მე და ჩემი შეყვარებული მამაჩემთან, ჩემს დასთან, დისშვილებთან ერთად, ბავშვებს ვართობთ…
იმ დედას და მამას, რომლებიც თავის შვილზე უარს ამბობენ იმის გამო, რომ მას განსხვავებული ორიენტაცია აქვს ან კომფორტულად არ გრძნობს თავს თავის სხეულში, ალბათ, გავახსენებდი იმ პერიოდს, როცა ბავშვი ჯერაც მუცელში იყო, ან იმ პერიოდს, როცა ეს საყვარელი ბავშვი დაიბადა. მერე შევეკითხებოდი: მართლა გიყვართ თქვენ ეს ბავშვი? მგონია, რომ საკუთარი თავი უფრო გიყვართ და ის სირცხვილი, რომელიც ვახსენე, ისეთი დიდია თქვენთვის, რომ გირჩევნიათ, საკუთარ შვილზე უარი თქვათ.
შვილზე უარის თქმა იმის გამო, მეზობელი რას იტყვის? ეს არის ქრისტიანობა და სიკეთე? ასე არ შეიძლება. გაუგეთ თქვენს შვილს, ელაპარაკეთ. თქვენსა და თქვენს შვილს შორის ხდება ეს ყველაფერი.