კომენტარი

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – რა იქნება შემდეგ? | ბარაკ ბარფი

10 ოქტომბერი, 2023 • 2327
„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – რა იქნება შემდეგ? | ბარაკ ბარფი

ავტორი: ბარაკ ბარფი, „ნიუ ამერიკის“ მკვლევარი ისლამისა და არაბული სამყაროს საკითხებში


1973 წლის იომ-ქიფურის ომის 50 წლისთავიდან ერთი დღის შემდეგ „ჰამასის“ მრავალმხრივი თავდასხმა ისრაელზე საშინლად ჰგავს მაშინდელ კონფლიქტს. გაბედულმა და მოულოდნელმა შეტევებმა ისრაელი გამოიჭირეს და დიდი დარტყმა მიაყენეს მის ხელშეუხებლობის განცდას. სანახავია, შეიცვლება თუ არა ახლა ისრაელის პოლიტიკა და ურთიერთობა პალესტინასთან, ისე, როგორც ეს 1973 წელს მოხდა.

1973-ში ეგვიპტემ და სირიამ ისრაელი გააკვირვეს და მის ტერიტორიაზე ღრმად შევიდნენ. კონფლიქტის პირველ დღეებში ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ თავდაცვის მინისტრი მოშე დაიანი რეკომენდაციას უწევდა ბირთვული იარაღის გამოყენებას. მოგვიანებით შეიქმნა აგრანატის კომისია, რომელმაც ომი გამოიძია და დაასკვნა – ისრაელის სამხედრო დაზვერვას ჰქონდა კონცეფცია, რომ ქვეყნის სამხედრო სიძლიერე შეაკავებდა არაბებს შეტევისგან. უფრო კონკრეტულად კი, რწმენა იყო, რომ ეგვიპტე თავს შეიკავებდა თავდასხმისგან მანამ, სანამ არ ექნებოდა საკმარისი საჰაერო ძალა ისრაელის შიგნით სამიზნეების დასაბომბად და ავიაციის ნეიტრალიზაციისთვის.

დღეს იგივე უწყებები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალის შიში შეაკავებდა „ჰამასს“ ახალი ომის დაწყებისგან. პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინამძღოლობით, პალესტინელთა მხრიდან პერიოდულ ძალადობას მართვად უსიამოვნებად მიიჩნევდნენ და წარმოედგინათ, რომ ოკუპირებული ხალხი უსასრულო ოკუპაციას მიიღებდა.

„ჰამასის“ ოპერაცია აჩვენებს ასეთი მიდგომის მცდარობას. ახლა ყოველგვარი ეჭვი გაიფანტა – ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად საუბრობს ისრაელის განადგურებაზე და მის მშვიდობიან მოქალაქეებს იტაცებს, ისრაელის საზღვარზე ვერ იარსებებს.

აგრანატის კომისიამ პირველადი მიკვლევები 1974 წელს გაასაჯაროვა. პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი გადადგა. მართალია, არ უნდოდა, – კომისიის რეკომენდაციებში ჩემს გადადგომაზე ნათქვამი არააო, – მაგრამ მას მიჰყვა თავდაცვის მინისტრი მოშე დაიანიც.

დარწმუნებული ვარ, ნეთანიაჰუ დაიანივით მოიქცევა, მაგრამ ფაქტია, რომ მის 40-წლიან კარიერას სასირცხვილო დასასრული ელის. მისმა მკაცრმა რიტორიკამ კი მოიპოვა მხარდამჭერები როგორც შინ, ასევე გარეთ, მაგრამ რეალობას არასდროს შეესაბამებოდა. „ჰამასის“ თავდასხმა მისი პრემიერობისას მოხდა და ეს ნეთანიაჰუს „ქაღალდის ვეფხვად“ აქცევს. იგი ამბობდა, რომ მისი პოლიტიკა დაიმორჩილებდა პალესტინელებს, მათ კი ისრაელის ისტორიაში ყველაზე საშინელი თავდასხმა განახორციელეს. იგი ამბობდა, რომ ეკონომიკური შეთავაზებებით დაიყოლიებდა პალესტინელებს, მაგრამ საფულეზე მეტად მშობლიური მიწა ჰყვარებიათ. ნეთანიაჰუს სტრატეგია ყოველთვის მდგომარეობდა პალესტინელთა ტერიტორიაზე სამხედროებისთვის სრული თავისუფლების მიცემაში.

ნეთანიაჰუმ ეს საკმაო ხნის წინ დაამტკიცა. ხელისუფლებაში გატარებული პირველი 11 წლის განმავლობაში, იგი აღშფოთებული იყო აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტების ზეწოლით და ამბობდა, კონფლიქტი მხოლოდ რესპუბლიკელი პრეზიდენტის პირობებში მოგვარდებაო. მართალია, ტრამპის პრეზიდენტობისას ნეთანიაჰუმ მისგან ბევრი რამ მიიღო, მაგალითად, აშშ-ის საელჩოს გადატანა იერუსალიმში, მაგრამ პალესტინელებისთვის რაიმე ხელშესახები არ შეუთავაზებია.

ნეთანიაჰუს დაღმასვლა გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ მისი დაქვემდებარებულების ვარდნას უფრო მალე უნდა ველოდოთ – რამდენიმე კვირაში, ძალადობის კლებასთან ერთად. თუ აგრანატის კომისიამ რამდენიმე ოფიცრის გადადგომის რეკომენდაცია გასცა, ამ ომში უფრო მეტ დამნაშავეს იპოვიან – არა მარტო ჯარში, არამედ უსაფრთხოების სამსახურების მაღალ ეშელონებშიც.

საზღაური შეიძლება „ჰამასმაც“ მიიღოს. ისრაელში ხშირად საუბრობენ „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ განადგურებაზე. „ჰამასის“ თავდასხმა ამის გაკეთების საშუალებას იძლევა.

ისრაელის ფართომასშტაბიანი შეჭრა გარანტირებულია, ხანგრძლივი ოკუპაცია – საკმაოდ სავარაუდო. „ჰამასის“ ლიდერები კი გადაიხვეწებიან მიწისქვეშა ბუნკერებში, მაგრამ საეჭვოა, იქ მათ უსაფრთხო თავშესაფარი იპოვონ.

„ჰამასი“ და სხვა ისლამისტური ორგანიზაციები საკუთარ თავს მუსლიმური ისტორიის ფარგლებში განიხილავენ ხოლმე, მაგრამ უფრო ახალი მსოფლიოსკენ [ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა] იხედებიან. 1996 წელს პერუში, ტუპაც ამარუს რევოლუციურმა მოძრაობამ ლიმაში, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ასობით მძევალი აიყვანა და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. შემდგომმა სამხედრო რეიდმა გაათავისუფლა მძევლები, ხოლო ორგანიზაციამ ისეთი დარტყმა მიიღო, რომ ვეღარ „დაბრუნდა“.

საერთაშორისო საზოგადოება ისრაელს საშუალებას მისცემს, „ჰამასსაც“ იგივე გაუკეთოს. ჩვეული აღშფოთება სამოქალაქო პირებში მსხვერპლით ჩაჩუმებული იქნება, ისევე როგორც 2006 წელს, „ჰეზბოლასთან“ ომის დროს. ისე კი, დასავლეთი ყველაზე ეფექტური იქნება, თუ ზეწოლას მოახდენს თურქეთსა და კატარზე, რომ მათ „ჰამასის“ წარმომადგენლები გააძევონ, დახურონ მათი ოფისები და აუკრძალონ თანხის შეგროვება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, დახურავს თუ არა ეს თავდასხმა თავს ისრაელის ისტორიაში. მაგალითად, 1973 წლის ომმა და 1977 წელს იმის გამოვლენამ, რომ პრემიერის მეუღლეს საზღვარგარეთ უკანონოდ ჰქონდა საბანკო ანგარიშები, ისრაელში ლეიბორისტებს 29-წლიანი ძალაუფლება დააკარგვინა.

დღეს ისრაელი შურისძიებაზე ფიქრობს. როცა ყველაფერი მიჩუმდება, გამოძიება დაიწყება. ისრაელში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ კონცეფციას, რომ შეუძლიათ თან დასავლური, ეროვნული სახელმწიფო ჰქონდეთ და თან მეზობლების მიერ მოტანილი სირთულეები აიტანონ.

ნაკლებ სავარაუდოა ისრაელში მემარცხენეების დაბრუნება და მშვიდობის პროცესის გააქტიურება. 2000 წელს პალესტინამ უარყო სამშვიდობო გეგმა და ისრაელელი მემარცხენეები ხელცარიელნი დარჩნენ. ერთ დროს ხელისუფლებაში მყოფი ლეიბორისტები ახლა ქნესეთში [პარლამენტში] ერთ-ერთი ყველაზე პატარა ფრაქციას წარმოადგენენ.

1973 წელს ისრაელში გააცნობიერეს, რომ არ იყვნენ თავდასხმისგან 100%-ით დაცულნი და ეგვიპტესთან მშვიდობის გზაზე დადგნენ. ახლანდელი ომის უმთავრესი ტრაგედია ისაა, რომ პალესტინის შემთხვევაში იგივე არ გამოვა.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი