კომენტარი

„ისრაელმა დაიბრუნა ინიციატივა“ – რას უნდა ველოდოთ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში

9 ოქტომბერი, 2023 • 1692
„ისრაელმა დაიბრუნა ინიციატივა“ – რას უნდა ველოდოთ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში

„ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ინიციატივა დაიბრუნა და ახლა ყველაფერი მის ხელშია”, – მიიჩნევს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

თუმცა, მიუხედავად ისრაელის ინიციატივისა და სამხედრო შესაძლებლობების მხრივ უპირატესობისა, იერუსალიმი ღაზის სექტორში რთული ამოცანის წინაშე დგას, უთხრა კაპანაძემ „ნეტგაზეთს“. ამასთან ერთად, იგი მიიჩნევს, რომ „ჰამასმა“ მოახერხა ძირითადი მიზნების მიღწევა.

„ნგრევა და მსხვერპლი“

„ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა უკვე გამოაცხადა დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. ამგვარი ოპერაცია კი, კაპანაძის თქმით, გამოიწვევს მსხვერპლს, მათ შორის სამოქალაქო პირებში, და სწორედ ეს იყო „ჰამასის“ მიზანი:

„რასაც ეს ტერორისტული აქტი [თავდასხმა ისრაელზე] ეფუძნებოდა, იყო ისრაელის იძულება, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი მიაყენოს სამოქალაქო მოსახლეობას [ღაზის სექტორში ოპერაციით]“, – ხსნის კაპანაძე

მსხვერპლი და ნგრევა კი, ხსნის კაპანაძე, ღაზის სექტორის ფართობითა და მოსახლეობის სიმჭიდროვითაა განპირობებული:

„წარმოიდგინეთ, ღაზის სექტორი – ნახევარი თბილისის ფართობის ტერიტორია, რომელშიც ორი თბილისის მოსახლეობა ცხოვრობს, 2,5 მილიონი ადამიანი.

ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოდის 7000 ადამიანი. ეს სიმჭიდროვე გამოიწვევს თანხვედრ მსხვერპლს და ამ მიმართულებით ძალიან ქირურგიული ოპერაცია აქვს ისრაელს ჩასატარებელი. ნებისმიერი დაბომბვა, ქალაქში ტანკებით ბრძოლა, გამოიწვევს ნგრევას და მსხვერპლს“.

მისივე განცხადებით, სამხედრო თვალსაზრისით ღაზის ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მიუხედავად, ისრაელისთვის კიდევ ერთი პრობლემაა „ჰამასის“ მძევლების უსაფრთხოებაა:

„ეს ტერიტორია ძალიან ხელსაყრელია სამხედრო ოპერაციისთვის, ვინაიდან ცალი მხრით შემოსაზღვრულია ზღვით, ხმელეთიდან კი ალყაშია მოქცეული, გარე მხარდაჭერის გარეშე. პრობლემაა მძევლებიც, რომლებიც „ჰამასმა“ აიყვანა და სხვადასხვა ობიექტზე ჰყავთ გადანაწილებული. ნებისმიერმა დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი მძევლებს შორის“, – ამბობს იგი.

გაფართოვდება თუ არა ომის გეოგრაფია?

კონფლიქტის ესკალაციასთან ერთად, საუბარი მიდის მასში სხვა აქტორების ჩართვაზე. მაგალითად, ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანში მოქმედი ირანის მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ უფრო აქტიურ მონაწილეობაზე.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, „ჰეზბოლას“, რომელიც „ჰამასის კონკურენტად ითვლება“, კონფლიქტში ჩარევა ნაკლებ სავარაუდოა, ხოლო მცირე შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთით, რომელთა შესახებაც განაცხადა ისრაელმა, „უბრალოდ, მხარდაჭერის ჩვენებაა“.

„ჰესბოლა, რა პოზიციაც და მდგომარეობაც აქვს, ამ ეტაპზე არ გაირთულებს საქმეს ისრაელზე შეტევით. ტერორისტული თავდასხმები სავარაუდოა, მაგრამ ეჭვი მეპარება, აქტიურად ჩაერთონ“, – ამბობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი.

იგი აგრეთვე არ ფიქრობს, რომ კონფლიქტში აქტიურად ჩაერევა აშშ: „ისრაელის ძალების შესაძლებლობები სრულიად საკმარისია. მხარდაჭერა ბლოკირების, დაზვერვის, ტექნიკის მხრივ იქნება, მაგრამ უშუალო ჩართვაში ეჭვი მეპარება“.

„ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება“

ვახტანგ კაპანაძეს კონფლიქტის შესაძლო შედეგებზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, ყველაფერი ისრაელის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. თუმცა, აღნიშნავს კაპანაძე, საბოლოო ჯამში, ღაზის სექტორი ისრაელისთვის „კონსერვირებულ ჭრილობად დარჩება“:

„ეს არის უკვე მეოთხე ომი ღაზაში, 2000-09, 2014, 2021 წლების შემდეგ. ისრაელი ღაზაზე კონტროლს დაიბრუნებს, გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს სექტორის გარშემო, მაგრამ 2,5 მილიონი [სექტორიდან] ადამიანის გაყრა ან განადგურება იქნება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და ისრაელი ამაზე არ წავა.

ეს ისეთი ჭრილობაა, რომელიც არ ხორცდება და ალბათ კვლავაც დროებით კონსერვირებულ ჭრილობად დარჩება“, – მიიჩნევს გენერალ-მაიორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი