კომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

სად და რატომ მიდის ლიზა? 

30 სექტემბერი, 2023 • 12667
სად და რატომ მიდის ლიზა? 

ავტორი: თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე


ომს არათუ ქალის სახე არ აქვს, არამედ მისი „კაცური სახეც“ არ არის ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო, იმიტომ რომ თავად ომს აქვს მრავალი წახნაგი, სხვადასხვა პერსპექტივიდან გამოჩენილი ან პირიქით, ვერდანახული შემზარავი თუ მითოლოგიზირებული სახე. მით უმეტეს, თუ ის მხოლოდ ზევიდან პირმოკრული, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ჭრილობაა, როგორიც არის აფხაზეთის ომი. ომი, რომლის რაციონალური გააზრება და შესწავლა ქვეყანამ ამდენი წლის გასვლის მიუხედავად ვერ მოახერხა; რამდენიმე, ახალი თაობის ისტორიკოსის კვლევები და მოსაზრებები, რომლებიც ცდილობენ კომპლექსურად განიხილონ ომის დაწყების მიზეზები, მოვლენების განვითარება თუ ორმხრივი ტრაგიკული შედეგები, მარგინალურად და არაპოპულარულ აზრად რჩება, რასაც ხელს უწყობს პოლიტიკური კლიმატი: აფხაზეთის ომი ნაციონალური მოძრაობის პათეტიკურ-მილიტარისტული რიტორიკიდან ოცნების სრულიად საპირისპირო – მივიწყების, დავიწყების, რუსეთის არგანაწყენებისა და კოლაბორაციის პოლიტიკამდე არა პრობლემის რეალური გადაჭრის, არამედ სხვადასხვაგვარი სპეკულაციისა თუ „მაღალ გრადუსიანი“ დისკუსიის მომგებიან თემად რჩება.

ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ნანა ჯანელიძის ახალ ფილმ „იარე, ლიზას“, რომელშიც ორი პარალელური დრამატურგიული ხაზით – ომის კორესპონდენტი, ამჯერად უკვე წარმატებული ჟურნალისტი ქალის მოგონებებითა და ჯარისკაცის დღიურებით ვბრუნდებით წარსულში, მწვავე დისკუსიები მოჰყვებოდა, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს, მაგრამ თუნდაც მისი სცენარისტის, „გარეჯისაქართველოას“ ოდიოზური კამპანიის მონაწილე ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილის ფაქტორი გარკვეულ წარმოდგენებს უქმნის. თუმცა ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ვნებების ამგვარი ესკალაცია, მართალი გითხრათ, მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის. მით უმეტეს, მოულოდნელი იყო იმ ხელისუფლების კულტურის მინისტრის „ცხარე“ გამოხმაურება მისთვის დამახასიათებელი პირადი წყენის შურისძიების პათოსით, რომელსაც აფხაზეთი მხოლოდ სოხუმის დაცემის დღეს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან გვირგვინით შემკობისას ახსენდება, რომელიც წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ოსეთთან ომი საქართველომ დაიწყო და რომელიც რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის ხსენებას უკრაინის ომთან დაკავშირებითაც კი ვერ ბედავს: „ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან “იცავს” ქართულ კინოს… ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე – რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით… და ახლა [ნანა ჯანელიძე] ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება.“

ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი რაკი ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ დღეს, ფაქტობრივად, აღარ ვხმარობთ ამ სიტყვებს: „ჯარისკაცი“, „მეომარი“. ყველა, ვინც ომში დაიღუპა, გმირია. სულაც არ მენანება ეს სიტყვა დაღუპული ადამიანების მოსახსენიებლად, თუნდაც იმიტომ, რომ პირადად სიცოცხლეს, ალბათ, საკუთარი თავის გადასარჩენადაც ვერ გავწირავდი, მაგრამ თავისთავად ეს ლინგვისტური მოდიფიკაციები (ისევე როგორც, ფაქტობრივად, აღარ ვიყენებთ „ეკლესიას“, არამედ ყველაფერი ტაძარია, თითქმის სრულად ჩაანაცვლა „ქალი“ „მანდილოსანმა“ და ა.შ.) საგულისხმოა, რადგან მიგვანიშნებს რაღაც ზეაღმატებული მნიშვნელობებისა და შესაბამისად, მითოლოგიზირებისკენ საზოგადოების მიდრეკილებაზე. ამიტომ გაბრაზდა ამ საზოგადოების ნაწილი ომის ეკრანულ ვერსიაზე, სადაც ქართველი ჯარისკაცი არ არის გმირი, არამედ მან შეიძლება შიშისგან ჩაისვაროს, ამ შიშს ნარკოტიკული საშუალებებით გაუმკლავდეს, მოიპაროს, დააყაჩაღოს და არაადამიანურად მოეპყროს მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა ამ საზოგადოებას ერთხელ მაინც ექნება მოსმენილი ამგვარი ისტორია, რომლით გამოწვეულ ტკივილსა თუ ბრაზს რაკი ვერ ვუმკლავდებით, სჯობს დავივიწყოთ, გმირული ისტორიებით გადავწეროთ, რომელიც ასევე მრავლად იყო ამ ომში.

ფილმს ბევრად მეტი სუსტი მხარე აქვს, ვიდრე ის, რომ ადანაშაულებს ქართველებს ან/და რუსეთის ფაქტორია გამორიცხული. „იარე, ლიზაში“ რუსეთის ფაქტორიც ჩანს, იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაც სრულიად ქაოტურად წარმოებული ომის გამო, ქართველებისა და აფხაზების წილი დანაშაულიც, თუმცა ისინი სხვადასხვა დოზით იკავებენ ფილმში ადგილს და ნარკომანი ქართველი მეომრის მოპირდაპირედ აფხაზის რომანტიზირებული სახე ისახება. რა თქმა უნდა, მხატვრული ტექსტისგან როგორც დოკუმენტურ სიზუსტეს (თუმცა, როგორც დასაწყისში ვახსენე, ამ „დოკუმენტზეც“, ამ „ისტორიულ სიმართლეზეც“ არ გვაქვს შეთანხმება, ამიტომ მოლოდინები მტკივნეული წარსულის რეკონსტრუირებისას სხვადასხვაგვარია), ისე მათემატიკურ პროპორციებს ვერ მოითხოვ, მაგრამ გარკვეულწილად ეს დისბალანსი, უფრო მეტად კი დრამატურგიული დინამიკის არქონა და „წრეზე სვლა“, ალბათ, ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია. საწყისი ეპიზოდის შემდეგ უკვე ხვდები, რაზე იქნება და რა რიტორიკით გაგრძელდება ფილმი; უბრალოდ ყოველ ახალ ეპიზოდში  ომის ახალ ისტორიას იგებ. ამ ისტორიებს ფლეშბექებთან ერთად ჩანართი ანიმაციებით გვაჩვენებს რეჟისორი და ანიმაციის ავტორი მარიამ კანდელაკი, რაც, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და მხატვრულად საინტერესო ეპიზოდებია. ის მოქმედებაში ჩართულ მაყურებელს დისტანცირების საშუალებას აძლევს და იცავს სისასტიკის გამოსახულებით ემოციური მანიპულაციისგან, ამავე დროს გარკვეულწილად ანეიტრალებს პათეტიკურობასაც.

პათეტიკურ, ესთეტიკურად თუ შინაარსობრივად უხერხულ (მათ შორის, შეფარული ჰომოფობიის), არადამაჯერებელ თუ უბრალოდ, დამატებით არაფრის მომტან ეპიზოდებს კი ხშირად შეხვდები ფილმში. მით უმეტეს, რომ გზა, რომელსაც აფხაზეთამდე დასაბრუნებლად დაადგება ცნობილი ტელეწამყვანი მის ერთ-ერთი გადაცემაში შემოსული ზარის შემდეგ, გრძელია. აშკარაა, ხეტიალის, შინ ხანგრძლივი დაბრუნების მარადიული მხატვრული ტროპის გაცოცხლების სურვილი, რაც ქართული ბუნების სილამაზისა და მრავალფეროვნების ჩვენების ცდუნებითაც არის განპირობებული, მაგრამ ქართველი მაყურებლისთვის (უცხოელისთვის ეს არ იქნება ყურადსაღები დეტალი) მაინც გაუგებარია, რატომ დადის ამდენს ლიზა? თითქმის რამდენიმე დღეს ატარებს გზაში და ამ ხეტიალში ანანურის მონასტერშიც კი აღმოჩნდება. ნანა ჯანელიძისთვის, როგორც „მონანიების“ ერთ-ერთი ავტორისთვის, ცხადია, რომ მეტად ძვირფასია გზა, რომელსაც „ტაძრამდე მივყავართ“, მაგრამ ზოგჯერ (ქართულ რეალობაში თუ უმეტესად არა) ის მხოლოდ ცრუ მოძრაობის მაჩვენებელი შეიძლება აღმოჩნდეს. თან თუ ამ ტაძრის მონაზონი ერთ-ერთი ყველაზე კიჩური პერსონაჟის, ჩიკას შემსრულებელი მსახიობი ანი ჩირაძეა ცნობილი ტელესერიალიდან, ყველაზე ტრაგიკულ სიტუაციაშიც კი შესაძლოა იუმორისტული ინტონაცია შეიპაროს.

კინო დეტალების ხელოვნებაა. სწორედ დეტალები და ნიუანსები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, იყოს რეალისტური, მაგრამ უნდა იყოს დამაჯერებელი, რომელსაც მაყურებელი ბოლომდე, ყველაზე ექსცენტრიკულ მოქმედებასა თუ გადაწყვეტამდეც ენდობა და მიჰყვება. მსახიობის არჩევანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, მით უმეტეს ასეთი ტიპის ნარატიულ კინოში, როდესაც მთავარი გმირის გარშემო ეწყობა ფილმი, როდესაც მსახიობია გამტარი ეკრანსა და მაყურებელს შორის. მწერალი ეკა ტოგონიძე მისი გამოკვეთილად ფემინური ან უფრო ზუსტად – თანამედროვე ქართველი ბიზნესვუმენის იმიჯით ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება მძიმე გამოცდილების მქონე მებრძოლი ჟურნალისტის  როლში. მისი, ცოტა არ იყოს, ალმოდოვარისეული შემოსვლა ფილმის დასაწყისში მაღალი ქუსლებითა და მტკიცე ნაბიჯით, ფინალთან გარითმული – ამჯერად უკვე ენგურის ხიდზე ლაჟვარდოვანი მოფრიალე კაბითა და მაღალ ქუსლებზე ამაყად მიმავალი – შეუსაბამობის უხერხულობას აჩენს. მით უმეტეს, როცა ამ ხიდზე გავლა სულ სხვა ტიპის, მტანჯველ და ტკივილიან იმიჯებთან არის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი.

თუმცა მკაფიოა (ალბათ, ზედმეტადაც) რეჟისორის განაცხადი – ლიზა აფხაზეთში მიდის თავისი „ქალური“=მშვიდობიანი სახით. თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებითა და აღიარებით და ამიტომ – უშიშრად.

P.S. მე არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ რიცხვს, რომლებიც წლების წინ დაწყებულ კამპანიას „ბოდიში“ პოზიტიურად უყურებდნენ და მით უმეტეს, შედეგის მომტანად თვლიდნენ, რადგან გარდა იმისა, რომ მისი ცალმხრივობა არასწორად მიმაჩნდა, ცოტა არ იყოს ისტორიის განულებას, ტრაგიკული მოვლენების დავიწყებასა და ყველაფრის ახლიდან დაწყების შეთავაზებას წააგავდა. მაშინ როდესაც ორივე მხარეს ერთმანეთთან ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი