კომენტარი

„არათანაზომადი ტექსტია“ — გოგოლაშვილი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

31 ივლისი, 2023 • 1969
„არათანაზომადი ტექსტია“ — გოგოლაშვილი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

„არათანაზომადი ტექსტია“ — ამბობს რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ჩინეთ-საქართველოს ერთობლივი განცხადების შესახებ.

გოგოლაშვილის აზრით, დოკუმენტში უფრო მეტად წარმოდგენილია ჩინეთის ინტერესი, ვიდრე — საქართველოსი. მაგალითად, პოლიტიკური განზომილების ნაწილში  „მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“.

„ჩვენი მხრიდან ცალსახა და მკაცრ მხარდაჭერას ერთიანი ჩინეთისადმი არ მოჰყვება კონკრეტული ჩანაწერი ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის შესახებ“, — შენიშნავს კახა გოგოლაშვილი.

„ეს ნამდვილად არის ჩინური შაბლონი, როდესაც ჩინეთს გააქვს თავისი პოლიტიკური ინტერესი მეტად, ვიდრე ქვეყნებს, რომლებთანაც პარტნიორობაში შედის“, — მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილის აზრით, სტრატეგიული პარტნიორობა უნდა არსებობდეს ქვეყნებს შორის, რომელთაც არა უბრალოდ საერთო ინტერესები, არამედ საერთო ღირებულებებიც გააჩნიათ, ვინაიდან სწორედ ღირებულებითი თანხვედრა იწვევს გრძელვადიან საერთო ინტერესს.

„ჩინეთთან შეიძლება გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები, ინტენსიური ვაჭრობა, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გქონდეს დემოკრატიულ სამყაროსთან“, — ფიქრობს გოგოლაშვილი.

მართალია, ჩინეთ-საქართველოს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას“, თუმცა გოგოლაშვილის თქმით, ამაში საერთაშორისო თანამეგობრობის დემოკრატიის განვითარება — ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანობა იგულისხმება და არა ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაზეც აქცენტი გაკეთებულია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში.

„საქართველოს ევროკავშირთან უკვე აქვს აღებული ვალდებულება, რომ საერთაშორისო ხედვის საკითხებზე ევროკავშირთან მიახლოებული პოზიცია ექნება. ამ შემთხვევაში იგივე ვალდებულებას იღებს ჩინეთთანაც, მაგრამ ამ მიზნის რეალიზაცია ორივე მიმართულებით შეუძლებელია, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა“, — ამბობს გოგოლაშვილი.

ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას თავადაც აქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადებული, მათ შორის- გერმანიას, დიდი ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პოლონეთს, ესპანეთს და თავად ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას. თუმც,ა გოგოლაშვილის აზრით, გასათვალისწინებელია მათი პოლიტიკური წონა და სიძლიერე, ასევე ის, თუ როდის იქცა ჩინეთის ექსპანსია ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პრობლემად.

გოგოლაშვილის შეფასებით, მისასალმებელია და ევროკავშირიც ემხრობა შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების მზაობას, რაც დოკუმენტში ჩაიწერა. ამავდროულად, ის საუბრობს რისკებზე, რომლებიც თან ახლავს ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებსაც:

„ჩინეთის პოლიტიკა იქნება მეტად აგრესიული საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების დარგში, როცა საქმე შეეხება სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას, როგორიცაა პორტები, აეროპორტები და სხვა. ჩინეთი აქტიურად დებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს აფრიკაში, შუა აზიაში, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ცდილობს, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თავის ინტერესებზე მოირგოს. აქაც მნიშვნელოვანი დაკვირვებაა საჭირო. ასევე სარისკოა ჩინეთისგან გრძელვადიანი კრედიტების აღება. აფრიკის მაგალითზე ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ემსახურება მხოლოდ ელიტების გამდიდრებას, კორუფციული ხასიათი აქვს და მიმართულია იქითკენ, რომ მოვალე ქვეყანაზე ზემოქმედების მეტი პოლიტიკური ბერკეტი გააჩნდეს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც, მაგალითად, უნგრეთის, ევროკავშირის ძალის დაბალანსების შესაძლებლობას ეძებს.

„თუ ალტერნატიულ ბაზარს ეძებ, ამაში ცუდი არაფერი არაა, მაგრამ როცა პოლიტიკურ ბალანსს ეძებ იმ ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანება გინდა, და მის მოწინააღმდეგეს შორის, ეს არ მგონია, სწორი პოლიტიკა იყოს. მე-19 საუკუნე აღარაა, პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ლავირების საშუალება არ გვაქვს — თუ ავირჩიეთ ევროკავშირი და დასავლეთი, მათთან ლოიალური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და არა ბალანსი ვეძებოთ“, –მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს.

ამ თემაზე:

ცნობილია, რას მოიცავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

ჩინეთის ელჩმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, თბილისი დუმს

მასალების გადაბეჭდვის წესი