კომენტარი

ნიშნავს თუ არა შვედეთისთვის ანთებული მწვანე შუქი თურქეთის შემობრუნებას დასავლეთისკენ? — მოსაზრება

23 ივლისი, 2023 • 1944
ნიშნავს თუ არა შვედეთისთვის ანთებული მწვანე შუქი თურქეთის შემობრუნებას დასავლეთისკენ? — მოსაზრება

“თურქეთი უბრალოდ აბალანსებს თავის პოლიტიკას და შესაძლოა, ახსენებს რუსეთს, რომ ჩვენ ისევ ნატოს წევრები ვართ, რათა ბალანსი დაიჭიროს”, — აღნიშნავს თურქი ჟურნალისტი იფექ იეზდანი შვედეთთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილების შეფასებისას.

ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, მხარი დაუჭიროს შვედეთის გაწევრიანებას ნატოში, არაერთი გააკვირვა.

მცირე ხნით ადრე, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო, ანკარას მწვანე შუქი აენთო შვედეთისთვის, თუ ევროპული სახელმწიფოები „კარს გაუღებენ თურქეთს“ ევროკავშირის წევრობის გზაზე. საბოლოოდ, ამ კუთხით მყარი გარანტიები ანკარისთვის საჯაროდ არავის მიუცია, თუმცა ერდოღანმა მოულოდნელად მხარი დაუჭირა შვედეთის შესვლას ნატოში.

რა იწვევდა თურქეთის წინააღმდეგობას და როგორ მოიხსნა ის

ერდოღანის ხელისუფლება შვედეთისგან დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა იმ ქურთული ორგანიზაციების უფრო მეტად შეზღუდვას, რომელთაც  თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს. მათ შორისაა “ქურთისტანის მუშათა პარტია”(PKK), რომელიც ათწლეულების მანძილზე აწარმოებდა შეიარაღებულ ბრძოლას თურქეთში ქურთების ავტონომიისთვის.

ამ ფონზე, ნატოში შესვლის მსურველმა შვედეთმა გააფართოვა ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა და თურქეთში იარაღის ექსპორტიც აღადგინა, თუმცა ნატოს წევრი თურქეთი ქურთების საკითხში სტოკჰოლმის პოლიტიკით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ იყო; შესაბამისად, სტოკჰოლმისთვის მწვანე შუქის ანთებასაც არ ჩქარობდა.

თუმცა, მიმდინარე თვეში ეს სურათი შეიცვალა და თურქეთმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ბევრი განსხვავებული აზრია ამასთან დაკავშირებით. ოპოზიციურ წრეებში კრიტიკაა: ხალხი კითხულობს, რა სახის დათმობებზე წავიდა თურქეთი იმისთვის, რომ დათანხმებოდა შვედეთის განაცხადს ნატოში ასე მოულოდნელად.

…რაც შეეხება პრო-სამთავრობო წრეებს: რა თქმა უნდა, [იქ] ხალხმა ტაში დაუკრა ამ გადაწყვეტილებას. ამბობენ, რომ ესაა დიპლომატიური გამარჯვება [თურქეთისთვის] და წარმოადგენს გადატვირთვას დასავლეთთან ახლო ურთიერთობების კუთხით”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” სტამბოლში მცხოვრები ჟურნალისტი იფექ იეზდანი, რომელიც 20 წელზე მეტია, დიპლომატიის საკითხებს აშუქებს.

იფექ იეზდანი 

რა სარგებელს (არ) იღებს თურქეთი

ანკარის პოზიციის შეცვლის ფონზე, შვედეთი პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს თურქეთის “ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურების მცდელობებს”, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირი-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზების საკითხებს.

ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან დადებითი სიგნალები გაისმა ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თვითმფრინავებს ანკარა დიდი ხანია, ელის.

პარალელურად, სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ კანადა თანახმაა, ანკარასთან მოლაპარაკებები განაახლოს ამ უკანასკნელისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე. სანქციები, რომლებიც თურქეთისთვის დრონების ნაწილების მიწოდების შეწყვეტას მოიცავს, კანადამ ანკარას 2020 წელს, მას შემდეგ დაუწესა, რაც დაასკვნა, რომ ხსენებული აღჭურვილობა აზერბაიჯანმა გამოიყენა ყარაბაღში, სომხეთთან ომში.

იფექ იეზდანის ხედვით, F-16-ებისა და კანადის სანქციების შემთხვევაში, ერდოღანმა “თავისი ხელი ჭკვიანურად გამოიყენა”, თუმცა ევროკავშირის ნაწილში ჟურნალისტი სკეპტიციზმს გამოხატავს.

ამჟამად თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროგაერთიანებაში ანკარის მიღებაზე მოლაპარაკებები თითქმის 20 წლის წინ დაიწყო, თუმცა ბოლო წლებში პროგრესი ნელია, უთანხმოება კი — მზარდი.

“შვედეთის დაპირება, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თურქეთისთვის არ წარმოადგენს გარანტიას, რომ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ჩვენ არ ვიცით, ის ოდესმე დაეხმარება თუ არა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. შესაძლოა, ეს ნიშნავდეს არაფერს ან ნიშნავდეს რამეს, თუმცა რას, არ ვიცით”, — დასძენს ჟურნალისტი.

იეზდანი “ნეტგაზეთს” უზიარებს საკუთარ მოსაზრებასაც, თუ რით აიხსნება ერდოღანის პოზიციის უცაბედი ცვლილება მაინც და მაინც ახლა. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ არჩევნებზე, რომელიც თურქეთში მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, ისევე როგორც, ეკონომიკურ კრიზისზე, რომლის დროსაც რეკორდულად გაუფასურდა თურქული ლირა და მკვეთრად გაიზარდა უძრავი ქონებისა თუ პროდუქტების ფასები.

“ამჟამად თურქეთი ეკონომიკურ კრიზისშია, 2024 წელს კი — 1 წელიწადზე ნაკლებ დროში — ჩვენ ადგილობრივი არჩევნები გვაქვს. კი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საპრეზიდენტო და საპარლამენტო კენჭისყრა, რადგან წინა ადგილობრივ არჩევნებზე, 2019 წელს, [ერდოღანის] “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ”(AKP) წააგო სამი უდიდესი ქალაქი — სტამბოლი, ანკარა და იზმირი.

მათ სურთ, დაიბრუნონ ეს სამი დიდი ქალაქი. იმისათვის, რომ დაიბრუნონ, მათ სჭირდებათ ფული. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა დიდი დოზით არაოფიციალურ დიპლომატიას თურქ და დასავლელ დიპლომატებს შორის და თურქეთმა გარკვეული ფინანსური შემოსავლის, ფინანსური მხარდაჭერის მიღებაც სცადა 2024 წლის არჩევნებისთვის”, – დასძენს ჟურნალისტი და ამატებს, რომ  “დასავლეთთან ხიდების აღდგენა უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს თურქეთში”.

შემობრუნება დასავლეთისკენ?

შვედეთთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლის შემდეგ, გააქტიურდა დისკუსია, მოიტანს თუ არა ერდოღანის ეს ნაბიჯი ურთიერთობების დათბობას დასავლეთთან, არაერთი დაძაბული ეპიზოდის შემდეგ.

კითხვები დაისვა იმაზეც, რა ბედი ელის ურთიერთობებს რუსეთთან, რომლისგანაც თურქეთმა რამდენიმე წლის წინ S-400 ტიპის თავდაცვის სისტემა იყიდა, წელს კი გახსნა ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსულმა “როსატომმა” ააშენა ქალაქ მერსინში.

იფექ იეზდანის აზრით, ესაა “ყველაზე პოზიტიური მომენტი”, რომელიც თურქეთსა და დასავლეთს “უკანასკნელ 7-8 წელიწადში” ჰქონიათ, თუმცა ჟურნალისტი არ ელის, რომ “ურთიერთობები დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რომელზეც 2 000-იანი წლების დასაწყისში” ან ობამას ადმინისტრაციის დროს იყო.

იეზდანის თქმით, ის, რასაც ახლა ანკარა აკეთებს, წარმოადგენს ბალანსის დაცვის მცდელობას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის:

“ვფიქრობ, რუსეთიც და თურქეთიც იღებენ სარგებელს [მათ შორის არსებული] კარგი ურთიერთობიდან. ჩემი აზრით, ერდოღანის მხრიდან ახლა ვხედავთ ბალანსის პოლიტიკას დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუმცა, თუ შევხედავთ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობათა ისტორიას, ისინი გარკვეულწილად, ერთმანეთს იცავენ. მათ შორის ყოველთვის იყო ურთიერთობები.

კი, მართალია, რომ უკანასკნელ პერიოდში თურქეთი ნატოსკენ იხრება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თურქეთი ყოველთვის იყო ნატოს წევრი. ეს ახალი არაა და რუსეთმა ეს იცის. მაგრამ მეორე მხრივ, თურქეთი ახლაც არ უწესებს სანქციებს რუსეთს და ბევრი რუსი ოლიგარქი თურქეთში პოულობს თავშესაფარს, გადმოაქვთ აქ თავიანთი სიმდიდრე, რადგან ფიქრობენ, რომ თურქეთი მათთვის უსაფრთხოა.

ასე რომ, აქ ყოველთვის ორი მხარეა. ვფიქრობ, დასავლურ მედიას სურდა პროცესის დანახვა ისე, რომ აი, თურქეთი დასავლეთისკენ ბრუნდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს ილუზიური მსჯელობაა. თურქეთი უბრალოდ აბალანსებს თავის პოლიტიკას და შესაძლოა, ახსენებს რუსეთს, რომ ჩვენ ისევ ნატოს წევრები ვართ, რათა ბალანსი დაიჭიროს.

თუმცა, თურქეთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს, რადგან მათ შორის არსებობს ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე, პუტინი დათანხმდა, [თურქეთისთვის] გადაევადებინა ბუნებრივი გაზის გადასახადი მომდევნო წლისთვის”.

შვედეთთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას წინ უძღოდა ერდოღანის კიდევ ერთი ვადით არჩევა მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ერდოღანისა და მისი მოკავშირეების წინასაარჩევნო კამპანია შესამჩნევად ანტიდასავლური იყო, საუბრობდნენ რა “შეთქმულებასა” და “პოლიტიკური გადატრიალების მცდელობაზე” დასავლეთიდან.

“უნდა გაითვალისწინოთ, რომ თურქეთში მეინსტრიმ მედიის 90% სამთავრობო კონტროლის ქვეშაა. ასე რომ, რასაც მთავრობა გააკეთებს, ისინი ტაშს უკრავენ. მნიშვნელობა არ აქვს იმას, არის თუ არა ურთიერთწინააღმდეგობა მთავრობის რიტორიკაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ”, — გვითხრა იეზდანიმ, როცა ვკითხეთ, როგორ უხსნიან პროსამთავრობო წრეები მოსახლეობას “დასავლეთთან გადატვირთვის” რიტორიკას, მკვეთრად ანტიდასავლური კამპანიის შემდეგ.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/487156/?fbclid=IwAR3AM-2IbQwBpktmQPLeBfW6wtKxbS9k4Hn6U5TP2mv0bACPZfJzNKMFiss

მასალების გადაბეჭდვის წესი