გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რომ საქმე მის წინააღმდეგ პოლიტიკურადაა მოტივირებული.
„ვაპირებთ, დავიცვათ მისი უფლებები და [დავამტკიცოთ] უდანაშაულობა ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წინააღმდეგ. ჩვენთვის ნათელია, რომ ბრალდებები დაფუძნებულია არა ფაქტებზე ან სერიოზულ გამოძიებაზე, არამედ წარმოადგენს იარაღად ქცეული დევნის შედეგს.
გიორგი ბაჩიაშვილს დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებებისთვის… ეს ბრალდებები სირცხვილია ქვეყნისთვის. ვგეგმავთ, გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ყველა არსებული ზომით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.
მოგვიანებით, ამსტერდამმა „ფორმულასთან“ საუბარში თქვა, რომ ბაჩიაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გამო დაემუქრნენ – „მისი პოლიტიკური ბუნება გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემმა კლიენტმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინისადმი. დაემუქრნენ, რომ ამისთვის გადაიხდიდა, რადგან მისი ღირებულებები იყო პროდასავლური და არ შეესაბამებოდა იმ პირის ღირებულებებს, ვინც სარჩელი წამოიწყო, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს“. მისივე თქმით, მუქარა ბაჩიაშვილმა „პირადად და ვერბალური სახით მიიღო“.
ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი კარიერის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო საქმეზე.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.
საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ. ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.







