კომენტარიხელოვნება

ალინა კოჟოკარუს ცეკვის სამყარო – საუბარი ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავთან

14 ივლისი, 2023 • 8627
ალინა კოჟოკარუს ცეკვის სამყარო – საუბარი ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავთან

ალინა კოჟოკარუ სცენაზე პირველად  „ჟიზელის“ გენერალურ რეპეტიციაზე ვნახე. შესვენებაზე სცენაზე გამოვიდა და მეორე მოქმედების პარტნიორს გაეცნო. მან რიდით და ღელვით ჩამოართვა ხელი და უთხრა, თუ რას ნიშნავს მისი მეწყვილეობა. საუბრის შემდეგ კი ღელვა, რომელიც ყველას მაინც თან ახლდა, თითქოს გაქრა. ალინა კოჟოკარუ ირგვლივ ყველას გაეცნო და გაესაუბრა. მოცეკვავეებს და არამხოლოდ მოცეკვავეებს უზიარებდა აზრებსა და დეტალებს. ყურადღებით უსმენდა მათ და ღია იყო შემოთავაზებისთვის. ამ დროს გახდა ჩემთვის ნათელი მისი დამოკიდებულება ცეკვის მიმართ. მისი ცეკვის სამყარო ხომ სწორედ ამ სიღრმეზე, დეტალებსა და ჟესტებზე დგას; ემოციის ძიებაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია მისთვის და ამით  განსხვავდება ყველასგან, თუმცა ამ განსხვავებას ვერ დაინახავ სამუშაო პროცესში. იგი ხდება გუნდის, პროცესისა და ძიების სრულფასოვანი მონაწილე.

ალინა კოჟოკარუს პროფესიონალური კარიერა კიევში დაიწყო. 19 წლის ასაკში გახდა ინგლისის სამეფო ბალეტის სოლისტი, 12 წელი იყო დასის წამყვანი ბალერინა. 2013 წელს ცეკვა განაგრძო ინგლისის სახელმწიფო ბალეტსა (მთავარ სოლისტად) და ჰამბურგის ბალეტში, რომლის დასშიც მოწვეულ არტისტად დღემდე უცვლელად ცეკვავს. მოწვეული არტისტის რანგში ნაცეკვი აქვს ყველა წამყვან საბალეტო თეატრში.

ამჟამად არცერთ საბალეტო დასში აღარ ირიცხება, თუმცა კვლავ აქტიურად ცეკვავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე საბალეტო რეპერტუარს. 5 ივლისს, თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალზე, რის კლარკთან ერთად (ინგლისის სამეფო ბალეტის სოლისტი), ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა მისი კარიერის საკვანძო ბალეტით „ჟიზელი”. სწორედ ჟიზელი იყო ის როლი, რომლის გამოც 2001 წელს დააწინაურეს ინგლისის სამეფო ბალეტის სოლისტად. გარდა კლასიკური დადგმებისა, ჟიზელი განუსახიერებია ბალეტის ჯონ ნოიმაიერისა და აკრამ ხანისეულ ინტერპრეტაციებში. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი ჟიზელით დაიწყო:

წლებია ცეკვავთ ჟიზელს, იგი თქვენ მიერ განსახიერებული მთავარი და გამორჩეული როლია. რა შეიცვალა დროის მანძილზე, განსაკუთრებით ახლა, რას გრძნობთ, სანამ სცენაზე გახვალთ

ღმერთო… ყოველ ჯერზე სხვადასხვა გრძნობით ვუბრუნდები ჟიზელს. ვგრძნობ, რომ პიროვნულად  ვიზრდები, ვვითარდები და ასეა თავად როლიც. ჟიზელი ბევრჯერ მიცეკვია. თუ არ ვცდები, ეს ჩემი ოცდამეორე ან ოცდამესამე დადგმაა, რომელშიც ვიღებ მონაწილეობას. ყოველ დადგმაში რაღაცას ვსწავლობ, რაღაც ახალს ვპოულობ, რაზეც მანამდე არ მიფიქრია. ასევე, ჩემთვის საინტერესონი არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. არასდროს მიცეკვია რისთან ერთად. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთად ვმუშაობთ და ალბათ განსხვავებული მიდგომის მოფიქრება დამჭირდება, რადგან იგი საკმაოდ მაღალია. ასე რომ, უცაბედად უნდა ვიპოვო რაღაც ახალი. სხვა ენერგია მჭირდება, როგორ შევძლებ მასთან საუბარს. ვცდილობ ვიპოვო რაღაც განსხვავებული, უფრო ზუსტი, ვიდრე აქამდე. ასევე ველი, რა ხედვას შემომთავაზებს თავად პარტნიორი და როგორ ვუპასუხებ ამას. ეს საკმაოდ საინტერესოა. გუშინ  და დღეს რეპეტიციები განსხვავებული იყო.  წინასწარ არ ვგეგმავ, მოვლენებს მივყვები.  ახლა იმდენად კარგად ვიცნობ ჟიზელს, რომ ვცდილობ უბრალოდ შევიგრძნო ეს მომენტი და ვუპასუხო იმას, რასაც აკეთებენ ჩემ ირგვლივ პარტნიორები. ასევე… არ ვიცი, რთულია სათქმელად, პანდემიის შემდეგ, ახლა სადაც ვარ, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვცეკვავ. ბედნიერი ვარ, რომ სცენაზე გამოვდივარ, კოლეგები გვერდით მყავს. ბედნიერი ვარ ორკესტრით, ცხოვრებით, სცენით, საოცარი თეატრებით, ფესტივალებით, რომლებიც დაბრუნდა, ამიტომ, ვფიქრობ, სწორედ ეს არის სცენაზე დგომის ამაღელვებელი შეგრძნება.

ალინა კოჟოკარუ სპექტაკლში „ჟიზელი” – პირველი მოქმედება. გენერალური რეპეტიცია.  ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი

ალბათ არის როლები, რომლებმაც კარიერის მანძილზე თქვენთვის არსებობა შეწყვიტა და როლები, რომლებიც არ წყვეტენ  განვითარებას, როგორც ვხვდები, ჟიზელი ერთ-ერთი მათგანია

ასეა. გუშინ მე და რისი ვლაპარაკობდით სპექტაკლის დასასრულზე, განსხვავებულ ვერსიებზე, როგორ გადაგვეწყვიტა ის –  როგორც აქაურ დასს აქვს თუ ჩვენი გამოცდილების მიხედვით. იყო ერთი მომენტი, როცა სცენას ვტოვებდი. მივხვდი, რომ ფინალის დროს ძირითადად, უბრალოდ, ვქრებოდი. ამჯერად კი საკუთარ თავს მივეცი დრო დასამშვიდობებლად და გავიფიქრე, ღმერთო, ეს ხომ არასოდეს გამიკეთებია. არაჩვეულებრივია, გქონდეს წამი, როცა დამშვიდობებას შეძლებ. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მზად ვიყავით ძიებისა და სიახლეებისთვის. ვფიქრობ, ხანდახან ამის გაკეთება გამბედაობას მოითხოვს, რადგან არ იცი, ეს იმუშავებს თუ არა, მაგრამ უნდა სცადო. განსაკუთრებით, კარიერის ამ ეტაპზე. როცა წარსულში ბევრი იდეა განმიხორციელებია, ბევრი რამ აღმომიჩენია, არ მინდა განვმეორდე. ვინახავ იდეას და საშუალებას ვაძლევ სპონტანურობას, განსაზღვროს ამბავი; რადგან ჩვენ ვყვებით ერთსა და იმავე ამბავს, მაგრამ მოყოლისას შეგვიძლია გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები. ხანდახან ჩემს პარტნიორს ვეუბნები – „ახლა სახლში შევალ“, ხანდახან კი, „დამიჭირე, სანამ სახლში შევალ“[ეპიზოდი ჟიზელის პირველი მოქმედებიდან]. ასე რომ,  მხოლოდ სიტყვების ცვლილება ხდის ჩემს რეაქციებს განსხვავებულს, ხანდახან მორიდებულს („ახლა სახლში შევალ”), ხანდახან კი – გამომწვევს („ვნახოთ, შეძლებ თუ არა ჩემს დაჭერას, სანამ სახლში შევალ”). ასე რომ, იცვლება სიტყვები, რომლებსაც ვიყენებ.

ეს სპონტანურად ხდება სცენაზე?

ძირითად შემთხვევაში – კი, საბრალო ჩემი მეწყვილეები (იცინის).

ალინა კოჟოკარუ სპექტაკლში „ჟიზელი” – პირველი მოქმედება. გენერალური რეპეტიცია. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი

მარიუს პეტიპას და ჯონ ნოიმაიერის ჟიზელი – პირველ მოქმედება

ჯონ ნოიმაიერის პირველ აქტში ბევრად ცხადია ალბერის სიყვარული, მასთან მეგობრობა და თამაში. ბევრად უფრო ნათელია ეს ნაწილი. უფრო ღრმა კავშირს ვგრძნობ დედაჩემთან, რადგან ჯონის დადგმაში ჟიზელის დედა უსინათლოა. ეს განსაზღვრავს განსხვავებულ ურთიერთობას დედაჩემთან, ეს უფრო მზრუნველს მხდის და ართულებს მისი ნების წინააღმდეგ წასვლას, რადგან, როგორც უსინათლო ადამიანს, მას აქვს უფრო მძაფრი შეგრძნებები. იგი გრძნობს, რომ ალბერთან რაღაც არ არის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ ვენდობი დედაჩემს, ვერ უარვყოფ ჩემს გრძნობებს და ალბერს მივყვები. ამ დადგმის დროს უფრო გახლეჩილი ვარ დედასა და ალბერს შორის. ამიტომ აქ არის უფრო დიდი შინაგანი კონფლიქტი.  კლასიკურ დადგმაში კი ეს არც ისე ნათელია, რადგან დედა ძლიერია, იგი არ არის უსინათლო. შესაბამისად, სხვა ურთიერთობა მაქვს მასთან.

თანამედროვე და კლასიკური ბალეტი. რა არის მთავარი ხიბლი, რომელიც თქვენთვის აქვს თანამედროვე ბალეტს და გამოარჩევს კლასიკურისგან?

ძალიან კარგი კითხვაა. მე პირადად მიყვარს მუშაობა ქორეოგრაფებთან. ორივე მიყვარს, თუმცა კლასიკური ბალეტი გარკვეულ ჩარჩოში გაქცევს და მიუხედავად იმისა, რომ მაინც არის თავისუფლება, მიწევს ჩარჩოში მუშაობა, განსაზღვრულ სტილსა და პოზიციაში. ცდილობ გამოხატო ემოცია და მაყურებელმა არ აღიქვას ძველმოდურად, ეს ჩემი ერთ-ერთი ვნებაა – ხელშესახები გავხადო მოვლენები კონკრეტულ წამს, რათა, როცა ადამიანები მოვლენ სანახავად, გააიგივონ თავიანთი თავი ემოციასთან, ღალატთან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს ეს ემოციები. ეს უცხოა მათთვის, თუმცა შესაძლებელია გაგება, კავშირის შეგრძნება.  მეორე მხრივ, თანამედროვე ბალეტის ქორეოგრაფთან მუშაობისას შემიძლია გავთავისუფლდე. აქ არ არსებობს დადგენილი წესები – რა როგორი უნდა იყოს. ქორეოგრაფი ითხოვს ემოციას და მე ამას ვაკეთებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასწორი გზით წავალ, შეიძლება ქორეოგრაფს ეს მოეწონოს; გაქვს თავისუფლება, მუდმივი ძიების პროცესში იყო, რომელსაც ახლა ვგრძნობ. იღბლიანი ვარ, რადგან მაქვს საშუალება ვიმუშაო თანამედროვე ბალეტში. ახალ წარმოდგენებში მონაწილეობას ვიღებ, რათა საშუალება მქონდეს ვიმუშაო ქორეოგრაფებთან, რომლებთან ურთიერთობაც ჩემთვის ამაღელვებელია. აქაც ყოველთვის ამბის თხრობაზე ფიქრობ გონებაში და არა უბრალოდ მოძრაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიზიკურადაც ამაღელვებელია ჩემთვის, ბევრად უფრო ამაღელვებელია ემოციების ძიების პროცესი. სინამდვილეში, ეს არის მიზეზი, რატომაც ვცეკვავ.

ცხრა წლის იყავით, როცა ცეკვა დაიწყეთ, მანამდე ტანვარჯიშზე დადიოდით. როდის გააცნობიერეთ, რომ ეს ის იყო, რისი კეთებაც  გააზრებულად გსურდათ?

დიახ. მართალი ხართ, როცა კიევში წავედი სტიპენდიით, ცხრა წლის ვიყავი და ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი ბალეტი. ასე რომ, ვცეკვავდი ბალეტს ისე, რომ არ ვიცოდი, რა იყო. კიევში წაგვიყვანეს „დონ კიხოტის“ წარმოდგენაზე. მახსოვს, ვუყურებდი და ვფიქრობდი – ეს ის არის, რისი კეთებაც მინდა, რადგან ეს უფრო მეტია, ვიდრე სავარჯიშო ძელთან დგომა, ეს არის ამბავი და სწორედ ესაა, რაც მიყვარს. ასე რომ, ათი წლის ვიყავი, როცა ვიცოდი, ეს ის იყო, რისი კეთებაც მინდოდა.

ჩემთვის არიან მოცეკვავეები, რომლებსაც სრულყოფილი ტექნიკა აქვთ, თუმცა, აკლიათ რაღაც, რაც შენზე იმოქმედებს; არიან მოცეკვავეები, რომლებიც არა ტექნიკით, არამედ სხვა ემოციით მოდიან ჩემთან, რაც, როგორც მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამის მიმართ

ვფიქრობ, ეს არის მოგზაურობა. კარიერის დასაწყისში ძალიან კონცენტრირებული ვიყავი პოზიციებსა და სრულყოფილებაზე, აზიდვებზე, ბრუნებზე, დასასრულზე, ყველაფრის სუფთად გაკეთებაზე. გარკვეული დროის შემდეგ კი, როცა ამას მიაღწევ, გრძნობ, რომ ამის მიღმა რაღაც უფრო მეტია, უფრო მეტი სიღრმე. მე ავირჩიე, ამ გზით მევლო, ავირჩიე, უფრო მეტად ჩავღრმავებოდი საკუთარ თავს, ჩემს ემოციებს, იმას, თუ რა იყო ჩემთვის ცეკვის, მოძრაობის მიზეზი; მიზეზი, სცენიდან რაღაც მეთქვა. ჩემი აზრით, როცა რაღაც იმპულსურად ხდება, შეიძლება დაგაბნიოს, თუმცა შეიძლება მოიტანოს ის ემოცია, რომელსაც არ ელი ბალეტისგან, რომელიც აქამდეც გინახავს. ჩემი მიზანია, გავაკვირვო ადამიანები ისეთ ბალეტშიც, რომელიც ნანახი აქვთ. მაშინაც კი, როცა ელი, რომ რაღაც უნდა მოხდეს, შესაძლებელია იპოვო გზა, ეს გააკეთო ახალი სუნთქვით, ხელახალი გააზრებით, მუსიკალურობით, დინამიკით, ემოციებით. ვთვლი, რომ ავირჩიე გზა უფრო ღრმა ემოციური კავშირებითა და გულწრფელობით საკუთარ თავთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყო სცენაზე გულწრფელი.

ალინა კოჟოკარუ – ჟიზელის სიგიჟის სცენა. გენერალური რეპეტიცია. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი

ეს ასაკთან ერთად მოდის?

არა. ვფიქრობ, არტისტის არჩევანია, ახლის ძიებაში იყოს. კარგად მახსოვს, 27 წლის ვიყავი, სერიოზულ ავარიაში მოვყევი და ვუყურებდი ჩემი ერთ-ერთი კოლეგის სპექტაკლს. ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც აქამდე მეც ვაკეთებდი და მეგონა, რომ მომნუსხველი და საინტერესო იყო. როცა ცეკვავ, ამ მომნუსხველობას გრძნობ, გვერდიდან შეხედვით კი ასე არ იყო. ამიტომ დავინტერესდი, როგორ შეიძლებოდა მაყურებელთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება, რადგან ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთი სპექტაკლის შემდეგ – როცა გრძნობ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა – მოდის მასწავლებელი და გეუბნება, რომ არა უშავდა, კარგი იყო. ხანდახან კი გრძნობ, რომ არც ისე კარგი იყო, ის კი მოდის და გეუბნება, რომ დღეს ძალიან კარგად იცეკვე. აღმოვაჩინე, რომ შეგრძნებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მინდოდა გამეგო, როგორ შემეძლო მიმეღწია იმისთვის, რომ ჩემი სათქმელი მაყურებლამდე იმავე გრძნობით მიმეტანა,  უფრო მომნუსხველი გამეხადა – ეს იქცა ჩემი კარიერის ყველაზე საინტერესო დეტალად.

როცა სპექტაკლი სრულდება და გრძნობ, რომ გამოვიდა ის, რაც ჩაიფიქრე, როდის ჩნდება ეს გრძნობა?

არის ასეთი სპექტაკლები. მქონია წარმოდგენები, რომლებსაც არ მინდა უკან მივუბრუნდე, არ მინდა ვილაპარაკო არანაირ შესწორებებზე, ეს არის სპექტაკლები, რომლებსაც თაროზე შემოვდებ და ყოველთვის მოვუფრთხილდები. შეიძლება სრულად სპექტაკლი არა, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტია, როცა მუსიკა, დროში სიზუსტე, ემოცია, ფიზიკურობა, ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და გრძნობ, რომ სამყაროს ნაწილი ხარ. არ ვიცი, როგორ ავხსნა, რაღაც არაამქვეყნიური და ჯადოსნური ხდება.

2008 წელს მიღებული ტრავმა და შეგრძნებები. ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ინგლისის სამეფო თეატრში (Royal Ballet Theatre), რამდენად რთულია ფსიქოლოგიურად მუდმივი მზადყოფნა და ფორმაში ყოფნის აუცილებლობა?

ჩემი აზრით, როცა ტრავმას იღებ, რეალურად გრძნობ, რომ რაღაც დამთავრდა. თუმცა, სინამდვილეში, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა გადავაფასოთ და გავაუმჯობესოთ დეტალები, რასაც არასწორად ვაკეთებ(დი)თ. უბრალოდ ეს ემოციურად ძალიან რთულია, რადგან კარიერა ძალიან ხანმოკლეა. გრძნობ – ახლა სეზონს ვტოვებ, ახლა სპექტაკლს ვტოვებ, რაღაცას ვაკლდები. იმედი მაქვს, დროსთან ერთად ეს შეიცვლება. ახლა, სავარაუდოდ, ბევრად მეტი ინფორმაციაა ფსიქოლოგიასა და თვითგანვითარებაზე. იმედი მაქვს, შევძლებთ გამოვიყენოთ ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ სპორტსმენები; ეს დრო გამოვიყენოთ განსავითარებლად. აზრები – ვკარგავ სპექტაკლებს, ვკარგავ ბევრ რამეს – შევცვალე აზრებით – შემიძლია უფრო ძლიერი დავბრუნდე, უკეთესი გავხდე. ეს იყო, რაზეც მოვახდინე კონცენტრაცია – დავბრუნდებოდი და ამას უკეთ გავაკეთებდი, ვიდრე აქამდე.

იქნებოდა რაღაც ახალი

რაღაც ახალი, მართალი ხარ. ეს ზუსტად ის არის, რისკენაც ვისწრაფვი,  ერთხელ ამაზე სიაც კი შევადგინე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი წარმოდგენაში და ეს ერთ-ერთი იყო – ადამიანებთან კავშირის დამყარება, მათი მონუსხვა და რაღაც ახლის შეძენა წარმოდგენებისთვის.

ალინა კოჟოკარუ სპექტაკლში „ჟიზელი” – მეორე მოქმედება. გენერალური რეპეტიცია. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი

ინგლისის სამეფო თეატრის დატოვების და ინგლისის სახელმწიფო ბალეტში (English National Ballet) გადასავლის გადაწყვეტილებაც ამით იყო განპირობებული?

ზუსტად. ვგრძნობდი, რომ მაქსიმუმს მივაღწიე, სხვა დრო იყო, არც ისე ბევრი ქორეოგრაფი იყო მაშინ. ერთსა და იმავე ბალეტებს ვცეკვავდი, არ მქონდა სპექტაკლები, რომლითაც ვიგრძნობდი თავს ბედნიერად და რეალიზებულად. ვერ ვგრძნობდი, რომ ვიზრდებოდი. მივხვდი, დრო იყო, რაღაც ახალი მეცადა და გადავწყვიტე წავსულიყავი ჯონ ნოიმაიერთან ჰამბურგში და ასევე ინგლისის სახელმწიფო ბალეტში. 50/50-ზე იყო, სეზონის ნახევარს ჰამბურგში გავატარებდი, ნახევარი კი – ლონდონში. ეს ბრწყინვალე კომბინაცია იყო ჩემთვის, რადგან ორივე თეატრს განსხვავებული რეპერტუარი აქვს. ინგლისის სახელმწიფო ბალეტს ჯერ კიდევ აქვს კლასიკა, ჯონს კი – თავისი ნამუშევრები, რომლებიც ძალიან ემოციური და შთამაგონებელია. ვფიქრობ, ამ ორის შერწყმა იმ დროისთვის ჩემთვის შესანიშნავი იყო.

შეხვედრა წლების შემდეგ. ალექსეი ბაკლანი იყო დირიჟორი, რომელმაც თქვენს პირველ პროფესიონალურ სპექტაკლს უდირიჟორა და ხვალ უდირიჟორებს ჟიზელს, როგორია თქვენი ემოციები?

არ მინდა ვთქვა, რომ მოვლენების წრედი იკვრება, რადგან კარიერის დასრულებას არ ვგეგმავ. ვფიქრობ, მოვლენები ასე ეწყობა ცხოვრებაში, თავიდან ხვდები ადამიანებს და ისინი აცოცხლებენ კონკრეტულ მოგონებებს. ვფიქრობ, უკრაინა, ომი, ჩემი იქ მყოფი მასწავლებლები და მეგობრები (საბედნიეროდ, ჩემი მეგობრები და ნაცნობები კარგად არიან) თითქოს გამოხატავენ, საიდან დაიწყო ყველაფერი, მახსენდება მასწავლებლები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი თეატრში, ჩემი პირველი „დონ კიხოტის“ სამუშაო პროცესი ალექსისთან ერთად. ეს უბრალოდ ლამაზი მოგონებებია გასახსენებლად.

ფოტო გარეკანზე: ალინა კოჟოკარუ და რის კლარკი. სპექტაკლი „ჟიზელი”. გენერალური რეპეტიცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი