ახალი ამბები

ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს უხელმძღვანელებს

6 იანვარი, 2021 • 4867
ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს უხელმძღვანელებს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“რადიო თავისუფლებასთან” ანანიაშვილი ამბობს, რომ პარალელურად  ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ანანიაშვილის თქმით, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოსტი ამავე თეატრის ხელმძღვანელობამ შესთავაზა.

“გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო”, — აცხადებს ანანიაშილი.

ნოვოსიბირსკის თეატრთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ანანიაშილმა საქართველოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება  დასახელა.

“ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება, რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში”, — ამბობს ანანიაშვილი.

ანანაშვილის თქმით, ნოვოსიბირსკის თეატრიდან შემოთავაზებას იმ პირობით დათანხმდა, რომ  ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩებოდა. როგორც ანანიაშვილი ამბობს, თანამშრომლობა ბალეტის სფეროში ჩვეულებრივი რამ არის.

კითხვაზე, როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას მისი ქმარი, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, ანანიაშვილი პასუხობს, რომ “არ გახარებია”, თუმცა დასძენს, რომ ცოლ-ქმარს საქმიანობის სფეროები გაყოფილი აქვთ და არც თავად ერევა პოლიტიკაში.

“ნეტგაზეთი” ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა ანანიაშვილს და გრიგოლ ვაშაძეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი