რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი, რომელმაც ორი თვის წინ წარუმატებელი აჯანყება წამოიწყო, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მოკლეს.
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან კრემლის კავშირზე კომენტარი პესკოვს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტმა სთხოვა. პესკოვის პასუხის ჩანაწერს რადიოსადგური „მაიაკი“ აქვეყნებს.
პესკოვის განცხადებით, „აბსოლუტური ტყუილია“, თითქოს პრიგოჟინი პუტინის ბრძანებით იყო მოკლული. მისი განცხადებით, „ძალიან ბევრი სპეკულაციაა [..] თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით“.
„რა თქმა უნდა, დასავლეთში ამ სპეკულაციებს გარკვეული კუთხიდან აშუქებენ. ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია“, – ამბობს იგი.
პესკოვმა მოუწოდა ჟურნალისტებს, „ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმააცია გაავრცელონ“. ფაქტები კი, მისი თქმით, ჯერ მრავლად არ არის. „ჯერ მათი გამოვლენა გველის საგამოძიებო მოქმედებების დროს“. პესკოვმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პუტინმა მიუსამძიმრა პრიგოჟინის ოჯახს.
„ვაგნერის“ ჯფუგის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მის მიერვე წამოწყებული წარუმატებელი აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ყოველ შემთხვევაში, ავიაკატასტროფიდან მალევე რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაადასტურეს, რომ პრიგოჟინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა შორის იყო. თუმცა, ოფიციალურად, მისი ცხედარი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
ამ თემაზე გირჩევთ: რა და რატომ დაემართა პრიგოჟინს? – ვერსიები








