„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის, პროფესორ კორნელი კაკაჩიას აზრით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება წინ გადადგმული, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია მე-7 პრიორიტეტის შესასრულებლად.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პირობა, რომელთაგან ერთ-ერთი (მე-7) სწორედ მედიას შეეხება:
„გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებზე და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში.
ევროკომისიის შუალედური შეფასების მიხედვით, რომელიც 22 ივნისს, ნიკა გვარამიას შეწყალებამდე გახდა ცნობილი, პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება არის ერთადერთი პრიორიტეტი, რომელზეც საქართველოს ნულოვანი პროგრესი აქვს.
მედიის ნაწილში სრულ პროგრესამდე მისასვლელად, ევროკავშირის განცხადებით, საქართველოს სჭირდება მაუწყებლობის შესახებ კანონის შეცვლა ევროპის საბჭოს რეკომენდაციების მიხედვით, ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მედიამფლობელების და ჟურნალისტების თავისუფლების დაცვის დონის ზრდა.
„გვარამიას გამოშვება ცოტათი დაეხმარება მედიის საკითხს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რეკომენდაციის შესრულება მედიის დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებაც“, — ამბობს კაკაჩია.
კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან ცხადი იყო, რომ მზად იყო გვარამიას შესაწყალებლად, დარწმუნდა, რომ ეს ნაბიჯი დადებითად იქნებოდა აღქმული ევროკავშირის მხრიდან. კაკაჩია იხსენებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს და არ გამორიცხავს მთავრობის თანხმობას გვარამიას გათავისუფლებაზე.
„ფორმალურად შეიძლება მათ ეს თქვან, რადგან არ სურთ საკუთარი ამომრჩევლების გაბრაზება, თუმცა გვარამიას გათავისუფლება ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა არ არის, განსხვავებით სააკაშვილისგან“, — ფიქრობს კაკაჩია.
„ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალებას პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი პირიქით, აღნიშნულს „დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს“ უწოდებს.
კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ გვარამიას გათავისუფლებას დეპოლარიზაციასთან პირდაპირი არა, მაგრამ ირიბი კავშირი აქვს. საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, იგი პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას ელის.
კაკაჩიას აზრით, საქართველო ასევე არ უნდა ელოდოს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის მოხსნას ევროკავშირის მხრიდან.
„ზოგადად, ბრიუსელი ყველანაირად განწყობილია, რომ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, თუ თვითონ საქართველოს მხრიდან არ მოხდა საბოტაჟი“, — ამბობს კორნელი კაკაჩია და დასძენს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მოუწევს „მოთხოვნების უმრავლესობის შესრულება“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.
აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკომისიის შუალედური მოხსენების გასაჯაროება, რომლის მიხედვითაც საქართველომ სრულად შეასრულა 12-დან სამი რეკომენდაცია, გარკვეული პროგრესი აქვს 7 რეკომენდაციაზე, შეზღუდული — დეოლიგარქიაზე და არანაირი პროგრესი არ აქვს მედიის ნაწილში.