კომენტარი

„სხვებს ნუ უყურებთ“ — EU-ს რეკომენდაცია საქართველოს

22 ივნისი, 2023 • 1615
„სხვებს ნუ უყურებთ“ — EU-ს რეკომენდაცია საქართველოს

ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა ყველა სფეროში.

ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც წარმოადგინეს ევროკომისიის ზეპირი შუალედური შეფასება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე.

„ევროკავშირის გაფართოება არათუ დაბრუნდა დღის წესრიგში, არამედ ტოპ 3 საკითხს შორისაა. თუ ვინმეს უნდა ევროკავშირში შესვლა, ახლა არის ეს მომენტი, ჩაებღაუჭეთ მას. გამოიყენეთ შესაძლებლობა. ეს იყო ჩემი გზავნილი პრემიერ-მინისტრთან [ირაკლი ღარიბაშვილთან] შეხვედრაზე — თქვენ იცით, რა არის საჭირო, გააკეთეთ ეს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, მაგრამ კრიტერიუმები ყველამ უნდა შეასრულოს. ჩემი რეკომენდაციაა მთავრობისადმი, დააჩქაროს მუშაობა ყველა მიმართულებით“, — განაცხადა ვარჰეიმ.

„იმედის“ ჟურნალისტის რეპლიკის საპასუხოდ, ბრიუსელში ევროკომისარმა თქვა, რომ შეფასება ობიექტური იქნებოდა, ვარჰეიმ იკითხა: „და თქვენ არ გეჩვენებათ ის ობიექტურად?“

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ გულისხმობდა მომავალ შეფასებას ოქტომბერში და საქართველოში იყო იმედგაცრუება გასულ წელს, როცა უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

„სრულად ინფორმირებული ვარ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ საქართველოში. მაგრამ ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის უკვე ძირეული ნაბიჯია ევროპული საბჭოს მხრიდან. ის არ იყო ასეთი ხელშესახები. ვფიქრობ, ჩვენი გზავნილი აშკარაა, ძლიერია და ისევ ცოცხალია. გამოიყენეთ ის. ნუ უყურებთ სხვებს. შეხედეთ, თქვენ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ქვეყანამ უნდა შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა, თუ შესრულებულია პრიორიტეტები“, — განაცხადა ვარჰეიმ.

ამასთან, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს შემოდგომაზე, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მხოლოდ 2022 წელს დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით არ შეაფასებს.

ასე უპასუხა ვარჰეიმ კითხვას, ქვეყნებს ყველა რეკომენდაციის სრულად შესრულება მოეთხოვებათ  თუ შესაძლოა, კარგი პროგრესიც საკმარისი იყოს შემდგომი წინსვლისთვის.

„არ იქნება მხოლოდ ეს კრიტერიუმები, რომელსაც ოქტომბერში შევხედავთ. წევრი ქვეყნების სურვილია, რომ ყველა ეს კრიტერიუმი იყოს შესრულებული. ეს შესაძლებელია“, — დასძინა ვარჰეიმ.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

დღეს ცნობილია გახდა ევროკომისიის შუალედური შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველომ 12-დან სრულად ჯერჯერობით მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა.

ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე საბოლოოდ შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

12 რეკომენდაცია: რა და როგორ (არ) შეასრულა საქართველომ

მასალების გადაბეჭდვის წესი