კომენტარი

თანასწორობის მოთხოვნა რანაირადაა “ლგბტ პროპაგანდა”?! – ინტერვიუ ბრიტანელ კონსერვატორთან

9 ივნისი, 2023 • 1820
თანასწორობის მოთხოვნა რანაირადაა “ლგბტ პროპაგანდა”?! – ინტერვიუ ბრიტანელ კონსერვატორთან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ უფლებების კუთხით, ლორდთა პალატის წევრი ნიკ ჰერბერტი, სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, ისე პოლიტიკოსებს მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან.

ვიზიტის დასასრულს, ლორდ ჰერბერტთან “ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა.

მას ვკითხეთ, რა მოისმინა შეხვედრებზე, რას ფიქრობს მზარდ ჰომოფობიაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და როგორია ჰომოფობიასთან ბრძოლისა და ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დიდი ბრიტანეთის გამოცდილება.

როგორც ვიცით, შეხვედრა გქონდათ ლგბტ საკითხებზე ორიენტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან. რა ძირითად პრობლემებზე ისაუბრეს მათ?

ვფიქრობ, ეს იყო შერეული სურათი: ერთი მხრივ, ისინი გამოხატავდნენ ოპტიმიზმს, რომელიც ეფუძნება კვლევის მონაცემებს, რომელთა თანახმადაც საქართველოში განწყობები იცვლება და მზარდი მიმღებლობაა ლგბტ ადამიანებთან მიმართებით… ეს [ტენდენცია] მსგავსია იმისა, რასაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვხედავთ, მათ შორის, ჩემს ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში. იქ ვითარება ჩემი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა.

მეორე მხრივ, მათ აღნიშნეს, რომ ჯერაც არის გამოწვევები, რომელთა შორისაა პრაიდის ღონისძიებების ჩატარების შეუძლებლობა და პოლიტიკური კლიმატი. ასე რომ, ჯერაც უზარმაზარი სამუშაოა გასაწევი. ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა მათი საწუხარის მოსმენის შანსი და მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობა ისე, როგორც შემეძლო.

მომავალში გასაწევი სამუშაო ახსენეთ. რას ფიქრობთ, რა სახის სამუშაო უნდა გაწიოს პირველ რიგში სახელმწიფომ?

ვფიქრობ, ყველა მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას უმცირესობები. ესაა ის, რაც დემოკრატიულ [ქვეყანაში] ცხოვრებას ნიშნავს: გაძლიერება იმ ადამიანებისა, ვისაც ხმა არ აქვს; უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანი თანაბარი მოპყრობის ქვეშ იყოს, განურჩევლად რასისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, გენდერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ვფიქრობ, ესაა ფუნდამენტური [დებულებები] ადამიანის უფლებებისთვის, ლგბტ უფლებები კი ადამიანის უფლებების ნაწილია.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მივხვდეთ, რომ ლგბტ ადამიანები არ ისწრაფვიან განსაკუთრებული უფლებებისკენ ან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნისკენ. ჩვენ ვისწრაფვით თანასწორობისკენ. ჩვენ გვსურს, მოგვეპყრონ ისე, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს; მოგვეცეს თანასწორი შესაძლებლობები; ვიყოთ მიღებულნი ისეთები, როგორებიც ვართ; გვქონდეს ისეთივე წვდომა სერვისებზე და შესაძლებლობები სამუშაო ადგილას, [როგორიც სხვა მოქალაქეებს აქვთ]; შეგვეძლოს იმ ადამიანთან ერთად ყოფნა, რომელიც გვიყვარს. და ეს არ არის საჭიროებები, რომელთა მიღწევაც შეუძლებელია. ეს ნებისმიერი ადამიანის საჭიროებებია. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა მივიღოთ ეს [მოცემულობა]. სწორედ ესაა ადამიანის უფლებები.

10 წელი შესრულდა 2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან, როცა დიდმა აგრესიულმა ჯგუფებმა ლგბტ უფლებადამცველების აქცია ძალადობით ჩაშალეს თბილისის ცენტრში. რას ფიქრობთ, ამ მოვლენიდან 10 წლისთავზე, საითკენ წავიდა საქართველო ჰომოფობიასთან ბრძოლის კუთხით? საკმარისი ძალისხმევა გაიწია ამ კუთხით?

ვფიქრობ, ყველა ქვეყანას აქვს სამუშაო გასაწევი. მე ვყოფილვარ ქვეყნებში და დავსწრებივარ იქ დემონსტრაციებს, რომლებიც ძალადობრივად იქნა ჩაშლილი. შემდეგ მე ისევ ჩავედი ამ ქვეყნებში და ასეთი დემონსტრაციები იქ უკვე მშვიდობიანად ტარდებოდა. ეს მეუბნება, რომ ცვლილება შესაძლებელია და ის ხდება. ეს მეუბნება, რომ საზოგადოებრივი აზრი წინ მიიწევს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქმის კეთება, გავაგრძელოთ ბრძოლა და ვიყოთ ოპტიმისტები და არა პესიმისტები.

მე მჯერა, რომ მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევა შესაძლებელია და ამაში ჩემი გამოცდილებაც მეხმარება: როცა დავიბადე, 60 წლის წინ, გაერთიანებულ სამეფოში ჰომოსექსუალური ქცევა დანაშაული იყო. ახლა, 60 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც იცავს ლგბტ ადამიანებს, ისევე როგორც სხვა უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებს. ამან მოგვცა თანაბარი შესაძლებლობები.

ეს ცვლილებები ერთბაშად არ მომხდარა. ამ ყველაფერს ათწლეულები დასჭირდა. ეს მოხდა სამოქალაქო საზოგადოებისა და მამაცი აქტივისტების, ისევე როგორც პოლიტიკოსების თაოსნობით. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ამ საკითხებზე საუბარი წამოიწყეს, ეს პოლიტიკოსები უმცირესობაში იყვნენ, თუმცა შემდგომ შეძლეს უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება, [რასაც მოჰყვა ცვლილებაც] საზოგადოებრივ აზრში. ვფიქრობ, ყველაზე კარგი რამ, რისი გაკეთებაც არჩეულ დეპუტატს შეუძლია, არის ისეთი კანონის ხელშეწყობა და მიღება, რომელიც დაიცავს და გააძლიერებს იმ ადამიანებს, ვინც სხვა შემთხვევაში დისკრიმინირებულნი იქნებოდნენ.

მარტივია, იარო უმრავლესობის გზით და იყო პოპულისტი. უფრო რთულია, იბრძოლო იმ ადამიანების უფლებებისთვის, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ვფიქრობ, დემოკრატიის პირობებში ნებისმიერი პარლამენტარის მოვალეობაა, იზრუნოს უმცირესობათა უფლებებზე.

ჩვენ თავს ისე ვერ დავიჭერთ, თითქოს ლგბტ ადამიანები არ არსებობენ. ისინი ყველა საზოგადოებაში არსებობენ. ჩვენ ეს ყველა გამოკითხვითა და ყველა სამედიცინო მტკიცებულებით ვიცით. ამ კუთხით ყველა ქვეყანა ერთნაირია. აქ საკითხავი ისაა, ახერხებენ თუ არა ლგბტ ადამიანები თვითგამოხატვას, აღიარებულნი არიან თუ მალულად უწევთ ცხოვრება… თუ ადამიანები ვერ გამოხატავენ საკუთარ თავს და სრულად ვერ იყენებენ თავიანთ პოტენციალს, ეს არ ნიშნავს მხოლოდ მათ დისკრიმინაციას: ეს ნიშნავს იმასაც, რომ ისინი არ არიან ბედნიერები, თანასწორად ვერ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულად ვერ იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, სრულად ვერ უძღვნიან თავიანთ თავებს, სამსახურს, ოჯახსა თუ ქვეყანას. ამიტომაც მჯერა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ყველაფერს თანაბრად უზრუნველყოფენ ყველა მოქალაქისთვის, არა მხოლოდ კარგ რამეს აკეთებენ საზოგადოებისთვის, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკურად უფრო წარმატებულნიც არიან. ამ კუთხით არაერთი ეკონომიკური მტკიცებულებაც არსებობს.

არჩეული პოლიტიკოსები ახსენეთ და უნდა გკითხოთ: უკანასკნელ პერიოდში ჩვენ სულ უფრო ხშირად ვისმენთ ჰომოფობიურ განცხადებებს მმართველი პარტიის ლიდერთა მხრიდან. ისინი გვესაუბრებიან “ლგბტ პროპაგანდაზე”, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტი არასამთავრობოები ახორციელებენ საქართველოში. რა პრობლემას ქმნის თავად ეს ტერმინი, „ლგბტ პროპაგანდა“ და რა საფრთხეებს შეიცავს მსგავსი რიტორიკა ხელისუფალთა მხრიდან?

მე არ მესმის, რას ნიშნავს “ლგბტ პროპაგანდა”. ვფიქრობ, რასაც ეს ხალხი [ქვიარები] ამბობს, რასაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, არის ის, რომ მათ სურთ თანასწორობა. უბრალოდ, სურთ კანონმდებლობა, რომელიც თანასწორად მოეპყრობა მათ და არ იქნებიან დისკრიმინირებულნი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ. ეს ადამიანები პატრიოტი ხალხია, რომელთაც სურთ იგივე, რაც სხვებს. როგორ შეიძლება, პროპაგანდა იყოს იმის თქმა, რომ იგივე უფლებები სურს, რომლებითაც სხვები სარგებლობენ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით პროპაგანდაა. არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით ემუქრება ან ძირს უთხრის სახელმწიფოებს. ჩემი აზრით, ხალხის კატეგორიებად დაყოფის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, ადამიანის უფლებები საზოგადოების ყველა წევრისთვის უზრუნველვყოთ, გავაუმჯობესოთ საზოგადოება და ეკონომიკა ყველას სასარგებლოდ. ვფიქრობ, ესაა პოზიტიური დღის წესრიგი და ყოველთვის ვამჯობინებ, პოზიტიურად შევხედო ამ საკითხებს.

მაისში ვიხილეთ საქართველოს პირველი პირის, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაც უნგრეთში. მან თქვა, რომ გარკვეული ძალები “ლგბტ პროპაგანდით” ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ტრადიციულ ღირებულებებს. როგორ შეაფასებდით მის ამ გამოსვლას?

არ მსურს სხვა ქვეყნების მინისტრებისა თუ პრემიერ-მინისტრების განცხადებების პირდაპირი კომენტირება. ვფიქრობ, უფრო მოვძებნიდი შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობითაც ყველა მოქალაქეს თანასწორად შეეძლებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკაში მონაწილეობა… და მე ვსაუბრობ, როგორც კონსერვატორი: მე კონსერვატორი პოლიტიკოსი ვარ. 15 წლის მანძილზე ვიყავი არჩეული კონსერვატორი პარლამენტარი, ახლა კი ზედა პალატის კონსერვატორი წევრი ვარ. მე კონსერვატიულ მთავრობას წარმოვადგენ. მე არ მჭირდება ტრადიციებისა და პატრიოტიზმის სწავლება. მე, ისევე როგორც ჩემი პარტიის, “კონსერვატიული პარტიის” ყველა წევრმა ეს ყველაფერი ისედაც ვიცით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახიც და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებიც, ამიტომაც, მე ბოლომდე მესმის ამბიცია, რომელიც ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ამ [ღირებულებათა] დაცვის კუთხით. მე, როგორც კონსერვატორი, ამ ამბიციებს ვიზიარებ, მაგრამ მართალი არ მგონია ის, რომ ლგბტ ადამიანები რაიმე ფორმით ძირს უთხრიან ამ [ღირებულებებს].

“ლგბტ პროპაგანდა” და მსგავსი განცხადებები აქამდე ძირითადად მარგინალური პრო-რუსული ჯგუფებისა და და იმ პოლიტიკოსების მხრიდან გვესმოდა, რომლებიც ცდილობდნენ, ჰომოფობიაზე აეგოთ თავიანთი კამპანია. ახლა იმავეს იმეორებენ პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ “ოცნება” გაცხადებულად იწყებს პოლიტიკური ჰომოფობიის ინტეგრირებას თავის დღის წესრიგში?

გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში იყო პერიოდები, როცა მთავრობა იკავებდა ისეთ პოზიციებს და ხელს უწყოდა ისეთი კანონების [მიღებას], რომლებიც ლგბტ ადამიანების უფლებების წინააღმდეგ იყო მიმართული… ამ კანონებმა არ იმუშავა და ისინი პრინციპულადაც არასწორი იყო. ისინი შეიცვალა და მათი მიღებისთვის ბოდიშიც მოიხადეს.

მე არ ვფიქრობ, რომ სწორია საზოგადოების ერთი სეგმენტის მეორესთან დაპირისპირება. მჯერა, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი დავიბადეთ ერთნაირი ღირსეული პირობების უფლებით, გვაქვს თანაბარ უფლებები და შესაძლებლობები. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატია და უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაერთიანებს — საერთო მიზნებსა და ამბიციებზე — ვიდრე, ვეძიოთ განსხვავებები.

მე ვერ ვისაუბრებ სხვათა მიერ თავიანთ ქვეყნებში გახმიანებულ მესიჯებზე. არ მსურს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის დაკვირვება და რჩევის მიცემა იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც ჩემს ქვეყანაში დამიგროვდა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში ვიზიტებისას. ეს [რჩევაა], რომ ყველაზე უსაფრთხო, ძლიერი, დაცული და წარმატებული ეკონომიკები დაშენებულია ღიაობასა და თანაბარ შესაძლებლობებზე. ეს უბრალოდ მოსაზრება კი არა არის, არამედ, გამყარებულია ობიექტური კვლევებით ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიც მსოფლიო ბანკია. ყველა ქვეყანამ თავისი გზა უნდა აირჩიოს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ დემოკრატიისათვის ფუნდამენტურია ადამიანის უფლებების დაცვის სრულად უზრუნველყოფა, უმცირესობათა პატივისცემა და თანაბარი შესაძლებლობების მიცემა ადამიანებისთვის…დიდ ბრიტანეთში ამ გზაზე უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დიდი სამუშაო ჩატარდა და კონსენსუსის მიღწევას მრავალმხრივი და მრავალპარტიული ჩართულობა და მუშაობა დასჭირდა, რის შედეგადაც ჩვენი საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც კიდევ უფრო ძლიერი გახდა.

[დიდ ბრიტანეთში] ამ კანონების მიღება ადვილი არ ყოფილა. ხანდახან ისინი საკამათო იყო, ყოველთვის არსებობდა ოპოზიციური [აზრი]. მაგრამ არჩეული პარლამენტარების მოვალეობაა, ხელში აიღონ ინიციატივა. და ეს ინიციატივა, როგორც შემდგომ დამტკიცდა, იყო პოპულარული და სწორი.

ახლა ძალიან ცოტა ადამიანია გაერთიანებულ სამეფოში ისეთი, ვინც ისურვებდა უკან დაბრუნებას და იმ უფლებათა გადახედვას, რომლებიც ლგბტ ადამიანებმა მიიღეს. გასულ წლებში ვნახეთ, რომ მიღებულმა კანონებმა ხელი შეუწყო განწყობების ცვლილებას საზოგადოებაში და ლგბტ ადამიანების მიმღებლობის გაზრდას ცხოვრების ყველა სფეროში. ვფიქრობ, სამუშაო კიდევ არის, თუმცა მჯერა, რომ ჩვენი ინსტიტუციები, ბიზნესი, სპორტი თუ პოლიტიკა უფრო ძლიერია მიმღებლობისა და ინკლუზიურობის კუთხით. როცა ადამიანებს შეუძლიათ, გულწრფელნი იყვნენ საკუთარ თავთან და სხვებთან და იყვნენ მიღებულნი ისეთები, როგორებიც არიან, ვფიქრობ, ეს მათ კიდევ უფრო აძლიერებთ. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ იყვნენ ისინი, ვინც არიან, თუ ვერ გამოხატავენ სიყვარულს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც უყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სრულად ვერ იყენებენ თავიანთ პოტენციალს. გარდა იმისა, რომ ადამიანების მიმართ ასეთი მოპყრობა არასწორია, ეს ასევე არის დამაზიანებელი საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის.

ამიტომაც ვცდილობ, ყველა ქვეყანაში გავავრცელო [მესიჯი], რომ ესაა კურსი, რომელიც გააძლიერებს საზოგადოებასა და ეკონომიკას, უფრო წარმატებულს გახდის მას.

როგორც ვიცით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთანაც გქონდათ შეხვედრები. რაზე ესაუბრეთ მათ და რა პასუხები მიიღეთ?

ყველა ის შეხვედრა, რომელიც აქ მქონდა, იყო დახურული დისკუსია, აზრთა თავისუფალი გასვლა. ძალიან დელიკატურად ვუსმენდი იმას, რასაც ადამიანები მეუბნებოდნენ და ვიყავი ძალიან ფრთხილად, რათა არ აღმოვჩენილიყავი პოზიციაში, საიდანაც სხვებს თავს მოვახვევდი ჩემს აზრებს.

ძირითადად გავახმიანე გამოცდილებები, რომლებიც ჩემს ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში ვიზიტისას მივიღე… ძალიან სასარგებლო შეხვედრები მქონდა რიგ პოლიტიკოსებთან.

მე არ ვაკნინებ ცვლილების თანმდევ სირთულეებს. არჩეული პოლიტიკოსი ვიყავი, ახლაც პარლამენტის წევრი ვარ და მესმის ცვლილების წარმართვის თანმდევი სირთულეები იმ პირობებში, როცა წინააღმდეგობაა; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ორგანიზებული კამპანია წარმოებს იმის წინააღმდეგ, რის გაკეთებასაც ცდილობ.

მაგრამ მჯერა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ის, რაც სწორია. მათ უნდა გააკეთონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ. ვფიქრობ, მათ აქვთ განსაკუთრებული მოვალეობა, დაიცვან ის ადამიანები, ვისაც კანონით სჭირდება დაცვა.

ყველაფერი, რაც ჩემს საპარლამენტო ცხოვრებაში მიკეთებია, ყველასთვის მისაღები არ ყოფილა. მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რასაც ვაკეთებდი, სწორი იყო. და ვფიქრობ, რომ ცვლილებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ გაერთიანებულ სამეფოში უმცირესობების, ლგბტ ადამიანების დასაცავად, პოპულარული გამოდგა და დროში შენარჩუნდა.

ამიტომ, ვფიქრობ, დემოკრატიის პირობებში არჩეული დეპუტატის მოვალეობაა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები ყოველთვის მარტივი არ არის.

დასასრულს, უფრო ვრცლად ვისაუბროთ დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე: რა გზა გაიარეს, ერთი მხრივ, სახელმწიფომ, მეორე მხრივ — საზოგადოებამ, სანამ ჰომოფობიასთან ბრძოლისა და ლგბტ ადამიანების მიმღებლობის იმ ხარისხამდე მიხვიდოდით, რომელიც ახლა გაქვთ? 

როგორც გითხარით, ეს ცვლილება ჩემს სიცოცხლეში მოხდა, 6 ათწლეულის მანძილზე. ჩვენ მივიღეთ კანონები, რომლებიც იცავს ლგბტ ადამიანებს, მაგალითად, სამუშაო ადგილას; იცავს მათი უფლებას, ემსახურონ თავიანთ ქვეყანას არმიაში; იცავს მათ დისკრიმინაციისგან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან და ა.შ.

რაც იმავე პერიოდში დავინახეთ, იყო ლგბტ ადამიანების მიმღებლობის სწრაფი ზრდა. უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის მაჩვენებელი არსებითად დაეცა. ვერ ვიტყვით, რომ ის საერთოდ გაქრა, [თუმცა] მოხდა შესამჩნევი ცვლილება და ეს მოხდა არა იმიტომ, რომ რომელიმე სასამართლომ მიგვითითა, არამედ იმიტომ, რომ არჩეულმა პოლიტიკოსებმა გააანალიზეს ცვლილების [საჭიროება].

არ ვფიქრობ, რომ მუშაობა უნდა შეჩერდეს. პირიქით, ის უნდა გაგრძელდეს უმცირესობათა დასაცავად და სრული მიმღებლობის მისაღწევად, თუმცა მგონია, რომ განწყობების კუთხით ჩვენ უზარმაზარი ცვლილება ვიხილეთ… ჩემი აზრით, ლგბტ ადამიანების პოზიცია ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად ნორმალიზებულია, თუმცა პრობლემები ჯერაც არის, განსაკუთრებით, ტრანსგენდერ ადამიანებთან მიმართებით.

ჩვენ მიერ მიღებულ არცერთ კანონს დაუზარალებია ვინმე. ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა უმრავლესობას არ აზიანებს. ის უბრალოდ თანასწორ სტატუსს ანიჭებს უმცირესობას. ჩვენ არავის “მოქცევას” არ ვლამობთ. ადამიანს გეიდ ვერ გადააქცევ: ის ან ჰეტეროსექსუალია, ან გეი. აქ შეკითხვა ის არის, რამდენად შეუძლიათ მათ თვითგამოხატვა თავისუფლად. არცერთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც უმცირესობების დასაცავად გატარდა, არ დაუზიანებია უმრავლესობა. ბევრმა ჩვენმა პარლამენტარმა, რომლებიც წარსულში ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონებს — რადგან გულწრფელად სჯეროდათ, რომ ეს კანონები, რაღაცნაირად, არასწორი იყო — მოგვიანებით აღიარეს, რომ ცდებოდნენ და არაერთმა მათგანმა პარლამენტში მოიბოდიშა კიდეც თავისი უწინდელი პოზიციებისთვის. ისინი მიხვდნენ, რომ ისტორიის არასწორ მხარეს იდგნენ.

ვფიქრობ, ისტორია გამოაჩენს, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და თავისუფლება; თავისუფლება თვითგამორკვევისა და თვითგამოხატვისა. და მგონია, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი